ფაქტია, რომ კონკრეტული ტელევიზია, (თუ შეიძლება რომ ტელევიზია ეწოდოს), ორიენტირებულია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი დაძაბულობა მოყვეს იმას, რასაც ჰქვია ოპერაციის მეორე ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
„პირველი ნაწილი პოლიციამ შესანიშნავად, მაღალპროფესიონალურ დონეზე ჩაატარა და ყველა გადარჩა. რასაკვირველია სისხლსმოწყურებულები სხედან და ელოდებიან, იქნებ რაღაც მოხდეს, იქნებ დამნაშავემ კიდევ აიყვანოს ვინმე მძევლად.
რასაკვირველია, ის პასუხისმგებლობა რომელიც აქვს „მიშავიზიებს“, სრულდება. რასაკვირველია სახელმწიფო თავის ვალდებულებას ასრულებს, რომ არ დაუშვას იმ დესტრუქციული გეგმის განვითარება. გადახედეთ პოლიტიკოსებს, ვინ რას ამბობს, ვინ როგორ აფასებს ამ სიტუაციას და ვის რა მიზანი აქვს. ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდია და რამდენიმე დღე დარჩა, გადაწყვეტილება მიიღეთ იმის მიხედვით, თუ რა ელოდება ქვეყანას კონკრეტული პოლიტიკური ძალების გამარჯვების შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ აქ პასუხი ცალსახაა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სამინისტროს მოწოდების მიუხედავად, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა მიზანმიმართულად, საპოლიციო დანაყოფების დისკრედიტაციის მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი ეჭვმიტანილი პირის მონაცემები გაავრცელეს.
შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.
დღეს, ბადრი ესებუას სახლში, სამეგრელოში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.
თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.
22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.