ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში, ბადრი ესებუას სახლში პოლიცია და სპეცრაზმი მივიდა. ამ წუთებში სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, გარე პერიმეტრს სპეცრაზმი აკონტროლებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ბადრი ესებუას სახლში იმყოფებიან მისი ოჯახის წევრები.

მედიაში გავრცელებული და ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობის თანახმად, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის საქმეზე, სავარაუდო დამნაშავე ბადრი ესებუაა.

მისი ახლობლები, „ქრონიკასთან“ საუბრისას, კატეგორიულად გამორიცხავენ დასახელებული პირის კავშირს ზუგდიდში მომხდართან და ამბობენ, რომ მათი ნათესავი ამ დროისათვის თბილისში, საქმეზე იმყოფება.

თავდამსხმელის ვინაობა შსს-ს ამ დრომდე არ დაუსახელებია. უწყების ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ ის წერია, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებულია.

ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ესებუა მოქმედი სამხედროა, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები მორიგ დეზინფორმაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხება.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.