ვნატრობდი, - ეგებ 15-20 წუთით მაინც დამცალდეს საუბარი-მეთქი. დამამშვიდა: არსად მეჩქარებაო. რას წარმოვიდგენდი, 30-40 წუთის განმავლობაში ყველა ჩემს შეკითხვას ამომწურავად თუ უპასუხებდა და თანაც, არც სატელეფონო ზარი შეგვაწუხებდა და არც ვინმე შეგვაწყვეტინებდა ინტერვიუს. რა ხანია, არც საქართველოში დარჩენილა ასე ხანგრძლივად; ამის მიზეზი კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების 35-ე და დაბადების 80 წლისთავი გახლავთ.
მის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - "იავნანა" წლებია, ადამიანებს ახარებს, აბედნიერებს, სიცოცხლეს უბრუნებს. 2013 წლის 4 იანვარს პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოს ორგანიზატორიც სწორედ ფონდი "იავნანა" იყო. შესანიშნავმა კონცერტმა უწინდებურად აღაფრთოვანა მაყურებელი; ემოციურმა საღამომ კმაყოფილება ჩვენს იუბილარ პატრიარქსაც მოჰგვარა.
უამრავი ტიტულისა და პრემიის მფლობელი, გაეროს კეთილი ნების ელჩი, ფონდ "იავნანასა" და მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდის - "ივერიისას" დამფუძნებელი, მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი ბანი - პაატა ბურჭულაძე უწმინდესისა და უნეტარესის რჩეულია - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენიებს. ამიტომაც იყო, რომ ბატონ პაატასთან საუბარი სწორედ უწმინდესთან მისი ურთიერთობით დავიწყე.
- 1970-იანი წლები იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი, როცა აღდგომის საღამოს მეგობართან ერთად, ეკლესიაში მივედი. არადა, იმხანად ეკლესიაში სიარული იკრძალებოდა. როგორ მახსოვს: ნუკრი ნაჭყებია მახლდა. მაშინ პერსპექტიულ სტუდენტად მიმიჩნევდნენ და ალბათ ამიტომაც, პატრიარქმა რომ შეიტყო, იქ ვიყავი, საკურთხეველში შემიყვანა და გვერდით დამისვა. მაშინ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რადგან სხვაგვარად ვიზრდებოდით - აღსარებასა და ზიარებაზე არაფერს ვამბობ, ლოცვებსაც კი არ ვკითხულობდი. თუმცა, ეკლესიაში ყოველთვის დავდიოდი, პირჯვარს ვიწერდი და სანთელსაც ვანთებდი - სულ ეს იყო ჩემი მორწმუნეობა. მე და ნუკრი სააღდგომო ლიტანიობას დავესწარით, ხოლო დილის 4-5 საათზე უწმინდესმა სატრაპეზოში მიგვიპატიჟა. პასქა, წითელი კვერცხი მომაწოდა და შემომთავაზა, - მოდი, დავარტყათ კვერცხებიო. თვითონ დამირტყა და მისი კვერცხი გატყდა. ეს აშკარად, ძალიან ესიამოვნა და ღიმილით მითხრა: შენ ძალიან მაგარი ბიჭი იქნებიო. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა და ურთიერთობის დასაწყისი. უბედნიერესი კაცი ვარ, რომ მისი ხშირად მონახულების უფლება მაქვს.
- ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ, ამიტომ პატრიარქის კეთილგანწყობილებაც არ არის გასაკვირი, მაგრამ რას ფიქრობთ, თავიდანვე რატომ ამოგირჩიათ?
- ვერ გეტყვით... პატრიარქს ყველა თანაბრად უყვარს. უბრალოდ, მე მანდო ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელობა და ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თუმცა, მარტო არაფერს ვაკეთებ, ყველანი ერთად ვაკეთებთ კარგ საქმეებს. ფონდის - "იავნანა" ქველმოქმედების გამო მადლობას მე მიხდიან, არადა, ხალხი აკეთებს ყველაფერს, მე კი უბრალოდ, ადამიანებს ვაერთიანებ.
- თქვენ იმითაც შეგიძლიათ იამაყოთ, რომ პატრიარქის ნაწარმოები - საგალობელი "კირილეისონ" მგალობელთა გუნდმა პროფესიულ სცენაზე - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პირველად სწორედ თქვენი მოწადინებით შეასრულა...
- ეს 2007 წლის 8 ოქტომბერს, "იავნანას" ერთ-ერთ საღამოზე მოხდა. იცით, პატრიარქს სრულიად მარტივი მელოდიაც რომ დაეწერა, ჩვენთვის მაინც
ძალიან ძვირფასი იქნებოდა, მაგრამ ეს ხომ უმაღლესი ხარისხის მუსიკაა;
მართლაც, რომ კლასიკური ნაწარმოებებია! თუნდაც, შემდეგ შექმნილი "ტედეუმი" და "სანქტუსი" ავიღოთ, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზეც გავიტანეთ - 2012 წლის მაისში, პარიზში გამართულ "იავნანას" საღამოზე შესრულდა და მუსიკისმცოდნეებისა და სხვა პროფესიონალების აღფრთოვანება გამოიწვია. ეს ნაწარმოებები მართლაც, შედევრია და იმედია, ამას პირფერობად არავინ ჩამითვლის. პატრიარქი ხელოვნურად კი არ ქმნის მუსიკას, არამედ ლოცვით წერს იმას, რაც მისი სულიდან ამოდის და ეს ღვთაებრივი მუსიკაა. ასეთ მუსიკას მხოლოდ ნიჭი ვერ დაგაწერინებს. ამიტომ მოუთმენლად ველოდებით უწმინდესის ახალ ნაწარმოებებს და იმედი მაქვს, მალე მოვისმენთ კიდეც...
- საქართველოში რამდენ ხანს დარჩებით?
- ამჟამად, ერთი თვით ჩამოვედი საქართველოში და ნახევარი უკვე გავიდა. უპირველესად, პატრიარქის საიუბილეო დღეებისთვის დავრჩი, თანაც - მახათას მთაზე მშენებლობის გამო ბევრი საქმეა გასაკეთებელი. თქვენ კარგად იცით ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის მშენებლობის პრინციპი - თითო ლარის შემოწირულობით მას მთელი საქართველო აშენებს; თითოეული ადამიანის თანაბარი მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია მშენებლობისთვის. ამ დღეებში ახალ მინისტრებს შევხვდი. ზოგიერთ სამინისტროს, მისი ხელმძღვანელების საგანგებო განკარგულება თუ არ იქნა, ამ მშენებლობაში გაწევრების უფლება არა აქვს. მაგალითად, ასეთია ძალოვანი სტრუქტურები - შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები, ქართული ჯარი. მიხარია, რომ პირველ რიგში, სწორედ ამ სამინისტროების ხელმძღვანელებმა მიმიღეს, მაგრამ ის უფრო მეტად მესიამოვნა, რომ დიდებული ადამიანები აღმოჩნდნენ - ძალიან მორწმუნენი და გულთან ახლოს მიიტანეს ეს საქმე. შედეგად, უკვე შეგვიძლია შევხვდეთ ამ სამინისტროების თანამშრომლებს, ჯარისკაცებსაც და დაველაპარაკოთ მშენებლობის შესახებ. ვინც მოისურვებს, შემოგვიერთდება. სოზარ სუბარის უწყებაში - სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც ვიყავით და ამ საქმეში მონაწილეობა პატიმრებსაც შევთავაზეთ. მსგავსი რამ არასდროს და არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ცნობისათვის, ტაძრის მშენებლობაში პატიმრების გაერთიანება მათი მხრიდან თანხის შემოტანას კი არ ითვალისწინებს, არამედ მათ ლოცვანი, ტროპარები, ხატები დავურიგეთ და თუ სურვილი ექნებათ, სწორედ ლოცვით უნდა შემოგვიერთდნენ, ხოლო თანხის შემოწირვას სურვილისამებრ, ციხიდან გამოსვლის შემდეგაც შეძლებენ; ლოცვით ისინი ტაძრის მშენებლები გახდებიან და მერწმუნეთ, მათ ლოცვას ძალიან დიდი ძალა ექნება. გამიხარდა, რომ საკუთარი სურვილით 500 პატიმარი მოვიდა და "ივერონზე" გადაღებული ფილმიც ნახა. ისე, მეტს ვერც დაიტევდა ციხის დარბაზი. ამიტომ, ფილმი მეორე დღესაც უჩვენებიათ. კიდევ, იმან გამახარა, რომ პირველ დღეს იმ 500 პატიმრიდან მხოლოდ სამს თუ ოთხს არ წაუღია ლოცვები, რაც იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობა ამ ამბით დაინტერესდა.
ცნობისათვის: ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მშენებლობაში მონაწილეობა. ამისათვის უნდა მიხვიდეთ რომელიმე ბანკში მხოლოდ ერთხელ და ავტომატური დავალების მომსახურებით ჩაერთოთ აქციაში. თუ გსურთ შემოწირულობის გაღება არა მარტო თქვენი, არამედ ოჯახის წევრების სახელზეც, ბანკში მისვლისას უნდა შეავსოთ ავტომატური დავალების ფორმა, სადაც მიუთითებთ ახლობლების სახელებსა და გვარებს. შესაბამისად, ავტომატური დავალებით, თქვენი ანგარიშიდან ყოველთვე, ტაძრის მშენებლობისთვის გადაირიცხება თქვენ მიერ მითითებული ადამიანების რაოდენობის შესაბამისი თანხა.
თუ გსურთ ტაძრის მშენებლობას გარდაცვლილი ადამიანის სახელზე შეწიროთ თანხა: ბანკში მისვლისას თქვენ ავსებთ სპეციალურ ფორმას, სადაც მიუთითებთ გარდაცვლილი ადამიანების სახელებსა და გვარებს. შესაბამისად, ავტომატური დავალებით ყოველთვე, თქვენი ანგარიშიდან ტაძრის მშენებლობაზე გადაირიცხება თქვენ მიერ მითითებული გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის შესაბამისი თანხა.
- ბატონო პაატა, როგორ ფიქრობთ, იღბალია თუ ღვთის წყალობა, ასე რომ წარიმართა თქვენი ცხოვრება?
- არ ვიცი, რა დავარქვა... ასე მგონია, პირველ რიგში, კაცი იღბლიანი უნდა იყოს და მერე, ღვთის წყალობასაც აუცილებლად მიიღებს.
- ოდესღაც, ბავშვობაში, რით გამოირჩეოდით თანატოლებისგან?
- გამოვირჩეოდი... სიცელქით (იცინის). ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი, სულ დავრბოდი. ხმა კი მართლაც, გამორჩეული, უჩვეულო მქონდა. მახსოვს, დედამ "პლეხანოვზე", "არტოს ბაღში", ბავშვთა გუნდში რომ მიმიყვანა, არ მიმიღეს: ძალიან მამაკაცური ხმა აქვსო, რაც დედამ ძალზე იწყინა. მერე, როცა წამოვიზარდე, კონსერვატორიის პედაგოგმა - დიზი ხელაშვილმა მომისმინა და სიმღერაც მან დამაწყებინა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სიმღერა, თუმცა სცენაზე გასვლის მრცხვენოდა.
- რატომ?
- ჩვენს ახალგაზრდობაში ბაფთიანი კაცის სცენაზე გასვლა სიამაყის საგანი ნამდვილად არ იყო. ამიტომაც, დედას სულ ვეწინააღმდეგებოდი: ბაფთით არ გავალ-მეთქი. მაგრამ საბოლოოდ, კონსერვატორია დავამთავრე თუ არა, მაინც გავიკეთე.
- თქვენი მომავალი გარკვეული იყო, მაგრამ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარეთ. რატომ?
- მამის ხათრით. ორივეგან ერთდროულად ვსწავლობდი - დღისით კონსერვატორიაში ვიყავი, საღამოს - პოლიტექნიკურ ინსტიტუტში... მაგრამ მშენებლად ერთი დღეც არ მიმუშავია.
- თუმცა, ჩანს, არც სამშენებლო ფაკულტეტზე მიღებულ ცოდნას ჩაუვლია ფუჭად - ტაძრის მშენებლობის საქმეს უეჭველად წაადგება თქვენი პროფესიული განათლება.
- ნამდვილად ვერ წაადგება (იცინის)... მადლობა ღმერთს, ტაძარს მე არ ვაშენებ; იქ ამ საქმის პროფესიონალები მუშაობენ.
- მაგრამ მაინც, ამ მშენებლობის "დირიჟორი" ხართ... და რაკი დირიჟორობა ვახსენე, თქვენს უნიკალურ კოლექციაზეც გკითხავთ - შინ მსოფლიოს უდიდესი დირიჟორების ნაჩუქარი სადირიჟორო ჯოხები გაქვთ. დღეისთვის რამდენია, იცით?
- 170-ს გადააჭარბა. საბოლოოდ, ამ კოლექციას ალბათ, საქართველოს მუზეუმს ჩავაბარებ. სამწუხაროა, მაგრამ 30 ჯოხის ყოფილი მფლობელი უკვე გარდაცვლილია. ისინი უდიდესი დირიჟორები იყვნენ. ვერ გეტყვით, ბოლოს ვინ მაჩუქა ჯოხი, მაგრამ პირველი ჰერბერტ ფონ კარაიანის საჩუქარი იყო. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ორმა ადამიანმა შეასრულა გადამწყვეტი როლი - უდიდესი დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი ავადმყოფობის გამო, 20 წლის განმავლობაში ვერ ესწრებოდა კონცერტებს და ზალცბურგში, ჩემს სოლო პროგრამაზე მისმა მოსვლამ სრულიად შეცვალა ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება, ხოლო უდიდესი მომღერალი, შესანიშნავი ადამიანი და ჩემი მეგობარი - ლუჩანო პავაროტი ძალიან დამეხმარა კარიერის დასაწყისში. ორივე მათგანმა გვერდით ამომიყენა, დიდ სცენაზე გამიყვანა და ჩემი კარიერული წინსვლაც ელვის უსწრაფესად დაიწყო. ეს კარგი მაგალითი იყო ჩემთვის - დღეს უკვე თავად ვეხმარები ნიჭიერ ადამიანებს.
- კარგი საქმის კეთებას ყოველთვის ახლავს სირთულე. არცთუ ისე დიდი ხნის წინ ბევრი დაბრკოლება შეგხვდათ, თუნდაც - საქველმოქმედო მარათონების ჩატარებისას...
- ერთ რამეს გიამბობთ: მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა დაახლოებით, 10 წლის წინ განვიზრახვე და მარტივი სქემა მოვიფიქრე: ათიოდე მეგობარი ბიზნესმენისთვის მეთხოვა, თავიანთ სამეგობროში კიდევ 10-10 ბიზნესმენის მოძიება, რათა ყველას რაღაც რაოდენობის თანხა გაგვეღო და ერთად აგვეშენებინა ტაძარი. თითქოს მარტივია, არა? მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ტაძრის ასაშენებლად მოფიქრებული ახლანდელი გზა კი ურთულესია - აბა, როგორია, მთელი საქართველოს მოსახლეობისგან თითო ლარის შეგროვება? მაგრამ მაინც გამოდის. მერე მივხვდით: მაშინ იმიტომ არ გამოგვივიდა მშენებლობა, რომ თვითონ ღვთისმშობელმა არ ისურვა, რომელიმე კონკრეტულ 10-15 კაცს აეშენებინა მისთვის ტაძარი. სულ სხვა არის, მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო რომ უშენებს და ყველა თანაბრად მონაწილეობს ამ საქმეში! ჩვენ ხომ ათონის მთიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამობრძანებას ველოდებით. ჰოდა, ღვთისმშობელმაც მთელი ერის აშენებულ ტაძარში დაბრძანება ისურვა და როგორც ახსენეთ, მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, საქმე მაინც გამოგვდის - საძირკველი უკვე ჩავყარეთ და მშენებლობის გასაგრძელებლად გამოზაფხულებას ველოდებით. ასე მგონია, საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, ამ მშენებლობის შესახებ რომ არ გაეგონოს, მაგრამ შესაძლოა, ზუსტად არ იცოდეს, თვითონ როგორ ჩაერთოს ამ საქმეში. ამიტომ კვლავ განვაგრძობთ მათთვის დეტალების გაცნობას. ერთი კია: ვისაც სურს გაგება, იგებს, მაგრამ ვინც არ არის მოწადინებული, რაიმე გაიგოს, ახსნასაც არ აქვს აზრი...
- და მაინც, როგორ გგონიათ, ბოლო წლების განმავლობაში "იავნანას" საქველმოქმედო საქმეებს თქვენდამი მტრობის გამო აფერხებდნენ თუ თავად საქმეს ებრძოდნენ?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი. ერთს კი გეტყვით: უწმინდესისგან ძალიან კარგი რამ ვისწავლე, რასაც ყველას ვუზიარებ და ვისაც სურს, გაიგებს კიდეც: რაც უნდა ბოროტება გაგიკეთონ, ბოროტებით არ უნდა უპასუხო, შენი საქმე უნდა განაგრძო და მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებ! ძალიან ძნელია რაღაცების მოთმენა, გადატანა, მაგრამ სულ ცოტა ხანში დარწმუნდები, რომ ამით მოიგე.
- თქვენ ეს შეძელით?
- ერთი პერიოდი ძალიან აღელვებული ვიყავი, მაგრამ უწმინდესმა შემაჩერა: არ უპასუხო, განაგრძე შენი საქმე და დაელოდეო. მეც შევძელი და ჩემმა თავშეკავებამ უფრო დიდი საქმე გააკეთა.
- ბატონო პაატა, თქვენზე იმასაც ამბობდნენ, - პოლიტიკაში მოსვლა უნდაო. მართლა ფიქრობდით ან ფიქრობთ პოლიტიკაში ჩაბმას?
- ამას ძალიან ხშირად და თანაც - ყველა მთავრობა, პარტია მთავაზობდა, მაგრამ პოლიტიკოსობაზე არასდროს მიფიქრია და ამას არც მომავალში ვაპირებ. რა საჭიროა? - ჩემი ხელოვნებით, ორი ფონდით უფრო გამოვადგები ქვეყანას და ხალხს! საკმარისია, მე ან ამ ფონდების წარმომადგენლები ვინმესკენ გადავიხაროთ, იმწამსვე დავკარგავთ მხარდამჭერი ხალხის ნაწილს, - ანუ სიკეთის მკეთებელთა რაოდენობას, ეს კი ისევ და ისევ ადამიანებს აზარალებს. ჩვენ არ უნდა განვსაჯოთ, ხელისუფლება იქცევა სწორად თუ ოპოზიცია, არამედ სიკეთის კეთების საშუალება ორივეს უნდა მივცეთ. ამიტომ, პოლიტიკაში ჩარევის უფლება ფონდებს არ უნდა ჰქონდეს... 9 წელიწადია, "იავნანა" არსებობს და რვაასზე მეტი ბავშვი დაუბრუნა ოჯახებს. აბა, იმაზე დიდი ბედნიერება რა არის, რომ ერთად შეკრებილმა ხალხმა წლების განმავლობაში, უამრავი ადამიანი ფაქტობრივად, გავაცოცხლეთ. ბევრს ჰგონია, საქმეს მის გარეშეც კარგად გააკეთებენ. ასე არ არის: უსახლკარო ბავშვებს ჩვენ გარდა, პატრონი არ ჰყავთ; სწორედ ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და ერთად ვიღონოთ რაიმე, რომ ეს ბავშვები სამუდამოდ ქუჩაში არ დარჩნენ.
- ბატონო პაატა, ერთ ქალაქში, ერთ ადგილას თითქმის არასდროს ხართ; მუდამ მიგეჩქარებათ, გარბიხართ. ასე ცხოვრება არ გიძნელდებათ?
- თუკი საქმე კარგად გამოდის, რთული არაფერია. მთავარია, უსაქმოდ არ იყო.
- ოდესმე ხართ კი უსაქმოდ?
- ხანდახან, ასეთი რამეც ხდება (იცინის). ბერლინში ბინა მაქვს და ხანდახან, როცა იქ ჩავდივარ, ჩავჯდები ხოლმე სავარძელში და გავირინდები. შემიძლია, მთელი დღე არაფერი ვაკეთო, მხოლოდ თვალდახუჭული ვიჯდე. იშვიათად ვზივარ ხოლმე ასე და ვფიქრობ, რომ არაფერზე ვიფიქრო (იღიმის). მაგრამ თბილისსა და სხვა ქალაქებში ასეთი განტვირთვა გამორიცხულია.
- თბილისში ბოლოს, როდის შეხვდით ახალ წელს?
- არ მახსოვს... ახალ წელს ყოველთვის სხვადასხვა ქალაქში ვხვდები. რა ხანია, თბილისში ვარ, მაგრამ 31 დეკემბრისთვის მაინც მომიხდა წასვლა - 2013 წელს ვერონაში, სცენაზე შევხვდი, სიმღერით. დარბაზი ხალხით იყო გადაჭედილი. წინასწარ დაგვირიგეს საახალწლო მაშხალები და ღამის 12 საათისთვის ყველამ გავისროლეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ისიც დაგეგმილია, რომ 2014-ს სტრასბურგში, სცენაზე ვხვდები. სამაგიეროდ, ბოლო 9 წლის განმავლობაში მგონი, პირველად, ძველით ახალ წელს თბილისში ვარ.
- და როგორც ვიცი, კიდევ ერთი კვირის განმავლობაში დარჩებით. რა ბედნიერებაა, რომ მშვიდად ვსაუბრობთ.
- ხომ ხედავთ, არსად გავრბივარ (იცინის)...