განახლებულ „კამპ ნოუს“ ლიონელ მესის სახელი უნდა დავარქვათ, - ამის შესახებ „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ La Vanguardia-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახალ სტადიონს მესის სახელი უნდა დაერქვას. ის ამას იმსახურებს. ჩვენ უნდა ვუფრთხილდებოდეთ და პატივს მივაგებდეთ ჩვენს ლეგენდებს, ნაცვლად იმისა, რომ მათი დისკრედიტაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა პიკემ და აღნიშნა, რომ ზაფხულში არგენტინელს კლუბში დარჩენა სთხოვა.
33 წლის პიკემ მკაცრად გააკრიტიკა კლუბის ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ ზაფხულში მესი „ბარსელონას“ დატოვებას აპირებდა.
„როგორ შეიძლება იმის დაშვება, რომ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელმა, რომლის თამაშის ნახვის სიამოვნებაც გვაქვს, კლუბს ფაქსის საშუალებით ეკონტაქტება, ვინაიდან გრძნობს, რომ მას კლუბში არავინ უსმენს?“ - განაცხადა პიკემ.