საქართველო დღეს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ კონტექსტში - არჩევნები და არჩევანი

საქართველო დღეს სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ კონტექსტში - არჩევნები და არჩევანი

დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო გეოპოლიტიკური კონტექსტით რთულ, ზიგზაგისებურ გზას გადის, რომელ გზაზეც მოსახლეობამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, რათა არ გადაუხვიოს მთავარ სტრატეგიულ - ევროინტეგრაციის - არჩევანს ნებსით თუ უნებლიეთ.

გეოეკონომიკური ასპექტებით დავიწყებდი, სწორედ ეს ასპექტებია გადაჯაჭვული გეოპოლიტიკასთან. ბაქო-თბილისი -ჯეიჰანის ნავთობსადენს დღეს აქვს ალტერნატივა - ბაქო-ნოვორასიისკის მილსადენი, რომლითაც ტრანსპორტირდება კასპიური ნავთობი რუსულ პორტ ნოვოროსიისკამდე, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ეს ნავთობსადენი კონტროლდება რუსული კომპანია „ტრანსნეფტის“ მიერ. კასპიის ზღვის ენერგორესურსებსა და შავი ზღვის, როგორც დანარჩენ ევრაზიულ ნაწილთან დამაკავშირებელ ფუნქციას რუსეთი არ თმობს დღემდე, ახორციელებს თავის გეოპოლიტიკურ სტრატეგიას - რუსეთის დომინირება სამხრეთ კავკასიაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი კონფლიქტებით, რომელთა ინსპირირებაც, დინამიკაცა და გადაწყვეტისა თუ დროებით შეწყვეტა/გაწყვეტის ანუ შეჩერება-გაყინვის ყველა სადავე მის ხელთაა. ამის დასტურია დღეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, როგორც საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, რომელთა განხილვა, სამწუხაროდ, არ ხდება, ან იშვიათად ხდება გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ კონტექსტებში. არადა, საქართველო სამხრეთ კავკასიის კონტექსტიდან ამოგდებით ვერ იქნება განხილული. თავისი მექანიზმები რუსეთს გააჩნია საქართველოშიც (კონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში) და მისი ამოქმედება მას შეუძლია ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ, ვფიქრობ, დღეს რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანია და რეგიონალური ხასიათის მატარებელია, აამოქმედოს სხვა სახის რესურსი, მაგალითად, როგორიცაა საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის დაზარალება, რათა კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგეს, ან სულაც გადაისინჯოს საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორობა. ალტერნატივა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი) უკვე გაცხადებულია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს კონტექსტი რატომღაც ნაკლებად სარწმუნოა (არ მინდა მჯეროდეს, რომ მიზანმიმართულად) ქართული მხარისთვის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ კონტექსტიდან ამოგდებით სწორედ კრიტიკულ პერიოდში საქართველო ააქტიურებს გარეჯის საკითხს იმ სახით, რომ ყველა ვარიანტში საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტა საეჭვო ხდება, როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო ასპარეზის თვალსაზრისითაც. რუსეთის ამოცანაა, რომ არ მოხდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების (აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი) გაერთიანება საერთო ეკონომიკური (ან სხვა სახის) ინტერესებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამშრომლობაში ჩართულია თურქეთიც და ნავთობი მიემართება თურქეთიდან ევროპისკენ, კავკასიის გეოპოლიტიკური კონტროლის ვექტორს რუსეთი ინარჩუნებს, რისი დასტურიცაა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების კრემლში „დაბარება“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განსაახლებლად.

ამა წლის ივლისში თავუზის ასიმეტრიული კონფლიქტი (ყარაბაღიდან დაშორებით) რუსეთის მიერ ინსპირირებული იყო სწორედ იმ მიზნით, რომ ამ კონკრეტულ ლოკალში თავმოყრილი ენერგოსადენები სამიზნედ იყო ამოღებული. ამით რუსეთი აცხადებდა თავისი გეოეკონომიკური ინტერესების განხორციელების თავისუფალი შესაძლებლობების შესახებ ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ლოკალში სამხრეთ კავკასიაში. ამისი დასტურია ის, რომ მცოცავი ოკუპაციით რუსეთი მიუახლოვდა სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენს შიდა ქართლში და საერთაშორისო მნიშვნელობის საქართველოს სატრანზიტო მაგისტრალს, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს გეოეკონომიკურ სატრანზიტო ფუნქციას. ყოველივე ეს (კონფლიქტები, მცოცავი ოკუპაცია, სატრანზიტო მაგისტრალთან მიახლოვება, რუსული გავლენის გააქტიურება საზოგადოებაში ჰიბრიდული ომის თითქმის ყველა სახეობით) მიმართულია საქართველოს მოსახლეობაში ევროატლანტიკური არჩევანისადმი ნიჰილისტური განწყობის შესაქმნელად და, რაც მთავარია, იმისკენ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნები სამხრეთ კავკასიაში და, განსაკუთრებით საქართველო, რომელიც გამოკვეთილად მიისწრაფვის დასავლეთისაკენ, არასტაბილურ და არშემდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინოს და ხაზი გაუსვას, რომ დაუშვებელია საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. რუსეთის ამოცანაა - გადაისინჯოს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის, პერსპექტივა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ უახლოესი ამოცანის განსახორციელებლად რუსეთს სჭირდება - ჩაერიოს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში (ჩარევა რომ პრობლემა არ არის, მით უმეტეს, საქართველოში, ამას ადასტურებს რუსეთის ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, მათ შორის, ამერიკის არჩევნებშიც). ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არჩევნები ატარებს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის მასშტაბს, არამედ რეგიონულ და უფრო მეტიც, საერთაშორისო მნიშვნელობას, რომლითაც გადაწყდება, თუ საით გადაიხრება საქართველოს (და შემდგომში სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ორი ქვეყნის - აზერბაიჯანი, სომხეთი) გეოპოლიტიკური ვექტორები - ევროპის კავშირისკენ თუ ევრაზიული (რუსული) კავშირისაკენ. შავი ზღვისპირა ქვეყნის - საქართველოს - სტრატეგიული და სამხედრო მნიშვნელობა თავად საქართველოსთვის საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 3 ათეული წლის შემდგომაც კი არ იქნა გააქტიურებული და გამოყენებული საკმარისად, მაშინ, როცა რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები (პორტებში: სევასტოპოლი, ნოვოროსიისკი - რუსეთი; სინოპი, სამსუნი - თურქეთი; ასევე - ვარნა - ბულგარეთი; კონსტანცა, მანგალია - რუმინეთი) ფლობენ სამხედრო-საზღვაო ძალებს და მათ ოდნავადაც ვერ შევადარებთ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებს ფოთსა და ბათუმში. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის არა მარტო ევროატლანტიკური ალიანსის წევრობა, არამედ გეოეკონომიკური ჰაბის (ჰაბების) ფუნქციის არა მარტო შენარჩუნება, არამედ გააქტიურება და ისეთი მეგაპროექტების განხორციელება, როგორიცაა ანაკლია - ღრმაწყლოვანი პორტი. უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირთან უკვე არსებული საზღვაო საზღვრის გამოყენება საქართველოსა და საერთაშორისო ინტერესებისათვის.

 საქართველო კი მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებით და გეოპოლიტიკური კონტექსტების გათვალისწინებით რეალურად დგას სტრატეგიული საფრთხეების წინაშე.

პირდაპირ შედეგებზე საუბარი ჰიპოთეზებს რომ არ დაემსგავსოს, მით უმეტეს, ჯერ კიდევ გარკვეული დროა არჩევნებამდე, უმჯობესია, განვსაზღვროთ - გეოპოლიტიკურად რა პროცესები მიმდინარეობს ახლა ქვეყანაში და რის შედეგია ეს ვითარება. რაც დღეს ხდება საქართველოში, თვისობრივად და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტაქტიკითაც კი ზუსტად იგივეა, რაც ხდებოდა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ბრძოლა ქართველი ერის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ - იყოს ისტორიის სუბიექტი (საქართველოს სახელმწიფოს ყოფნა ისტორიის სუბიექტად დღეს შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირთან ინტეგრირებით ღირებულებების საფუძველზე), საქართველოს არჩევანი არ არის ევრაზიული  კავშირის გზით რუსეთის კვლავ ვასალად ქცევა. გე ოსტრატეგიული ხასიათის ბრძოლაა და ამ ბრძოლის კულმინაციური გამოვლინება არჩევნებია ანუ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორი ძალა მოვა სახელმწიფოს მართვაში, ეს არის მთავარი. ამ თვალსაზრისით წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები სულაც არ არის ერთი რიგითი არჩევნები, ის მთლიანად აგებულია გეოპოლიტიკურ კონსტრუქციაზე. რაც შეეხება შედეგებს, ის განპირობებული იქნება რამდენიმე ფაქტორით:

  1. უპირველესი საქართველოს მოქალაქეების მზაობაა - სწორად განსაზღვრონ საფრთხეები და გააკეთონ სწორი არჩევანი;
  2. პოლიტიკურმა ძალებმა (პოზიციამაცა და ოპოზიციამ) უნდა დაადასტურონ, რომ ქვეყნის სტრატეგია დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით შეუქცევადია და ამ ძალებმა შესაბამისად უნდა იმოქმედონ, პირად პარტიულ ინტერესებს არ უნდა გადააყოლონ სახელმწიფოს ინტერესები. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოზიცია ცალსახად ერთსახოვანია, ნდობადაკარგული (ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით), გაკოტრებულია პოლიტიკურად და ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები ვერც დასავლელი პარტნიორებისა და ვერც საკუთარი მოქალაქეების წინაშე (რაც ურთიერთდამოკიდებულია ამავდროულად), 8 წელი ხელისუფლებაში წინა 9 წლის შიშითა და დემონიზაციის დანერგვით იხელმძღვანელა და იმოქმედა, ამოწურა რესურსი, განახორციელა მართვა „რუსული“ მეთოდოლოგიით და კი არ დაშორდა ამ სტილს, არამედ „შეისიხლხორცა“, დაივიწყა, რომ საქართველოში დღეს აღარ არის ერთსახიანი, მხოლოდ წითელი საზოგადოება, არამედ თავისუფალი, დემოკრატიული სულისკვეთების ახალი თაობაა ასპარეზზე და ეს მეთოდები აღარ ჭრის... და კიდევ ბევრი არგუმენტია, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ „ოცნებას“ არა აქვს გამოკვეთილი პერსპექტივა არჩევნებში. წარმატებისთვის დიდი დრო ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს, რადგან ეს არ იყო მათი პოლიტიკური ნება. თუ ისინი ფასადურად მაინც არიან დემოკრატიის მომხრე, არც უნდა სურდეთ „საბჭოურად“ მარადიულად ხელისუფლებაში ყოფნა, გზა შეგნებულად უნდა დაუთმონ პროგრესს, ახალ ძალას და უნდა ახსოვდეთ, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, ეს ნაწილობრივ ოპოზიციასაც ეხება. რაც შეეხება ოპოზიციას, ის ჭრელია, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი მიზანი, ამ მიზნის მიღწევის გზები კი არ არის იდენტური და ეს არ უნდა გახდეს მათი გარედან დესტრუქციის მიზეზი საერთო მიზნის მიღწევის გზაზე, მაგრამ საქართველოს საზოგადოებას აქვს ოპოზიციასთან გაორებული ან ინდიფერენტული დამოკიდებულება. ოპოზიცია ასოცირდება ზოგისთვის პროგრესულ, ზოგისთვის რეგრესულ პოლიტიკასთან და ეს გაორება მოქალაქეების მხრიდან უმეტეს შემთხვევაში დაყვანილია არსებობის, ყოფის, სოციალურ საკითხებთან და არა გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. ამგვარი ინტერესი ჯერჯერობით ამომრჩევლის მხრიდან არ გამოკვეთილა. ამომრჩევლის მხრიდან არც ხელისუფლების შეფასებებში ისმის მთავარი შეცდომის ანალიზი, შეცდომისა, რომელიც საქართველოს შეიძლება ისტორიულ ფასად დაუჯდეს. ამიტომ პოზიციისა და ოპოზიციის შეფასებების დროს ელექტორატმა მათი სტრატეგიული კურსი უნდა შეაფასოს უპირველესად, ვფიქრობ, არჩევნებამდე ამომრჩეველი ამ უმთავრეს აქცენტს გამოყოფს და შედეგიც ამის მიხედვით დადგება, რა სურს საქართველოს - დაბრუნება ძველ გეოპოლიტიკურ ორბიტაზე (კაპიტულაციის სიმწარე ისტორიულად ქართველმა ხალხმა უკვე გამოსცადა) თუ დემოკრატიული და თავისუფალი განვითარება, მოქალაქეთა კეთილდღეობა და დაცულობა?
  3. მესამე და ასევე მთავარი არგუმენტი, რაც არჩევნების შედეგებზე იმოქმედებს და განსაზღვრავს კიდეც ამ შედეგს ნაწილობრივ - საერთაშორისო ფაქტორია. შევცდებით, თუ ამ ფაქტორს მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორებით შემოვფარგლავთ. ორი საერთაშორისო ვექტორია ახლა მომართული საქართველოს მიმართ (დასავლური და ჩრდილოური, დანარჩენი ნეიტრალურია, ყოველ შემთხვევაში, არ არის გააქტიურებული). რაც შეეხება ჩრდილოურ ვექტორს, მას აქვს თავისი „მექანიზმები“ საქართველოში, აქვს რბილი ძალის შეუზღუდავი ველი და ჰიბრიდული ომი მის სასარგებლოდაა, სამწუხაროდ, საქართველო მოწყლვადია რუსული რბილი ძალისათვის, მას აქვს საქართველოს ხელისუფლების „დუმილი“ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რომელიც თანხმობის ტოლფასია, მათ შორის, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან რუსეთის ინტერესების გასატარებლად, აქვს ასევე წვდომა პერსონალიებსა და მათ ვალდებულებებზე და, შესაბამისად, აქვს ადმინისტრაციული რესურსების სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობა... რაც აქ ჩამოვთვალე, ყველა საშიშია საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისათვის. ნუ გვექნება ილუზია, რომ ეს ფაქტორები არ იმუშავებს და თავისით დადგება ქვეყნისთვის სასურველი სტრატეგიული მნიშვნელობის შედეგი. საქართველო ყველა სფეროში, დარგობრივი სფეროების ჩათვლით, მოწყლვადია რუსული რბილი ძალისთვის, რომლის უახლოესი, დღევანდელი მიზანია ხელისუფლებაში „ოცნების“ დარჩენა. „ოცნებამ“ კი არაერთგზის გადაკვეთა წითელი ხაზები. რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებს, ყველა სამართლებრივი ბმა ევროკავშირთან და „ასოცირების ხელშეკრულება“, მათ ავალდებულებს არა მარტო ფინანსური მხარდაჭერა გამოგვიცხადონ განვითარების გზაზე, არამედ იყვნენ ჩვენთან ერთად საქართველოს სახელმწიფოსთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე, რადგან პარტნიორობა მხარეთა თანასწორობაზეა აგებული, ისინი ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან და თანამშრომლობის ფორმატში ჩვენგან ითხოვენ აღებული ვალდებულებების შესრულებას. საქართველოს ხელისუფლებამ (და არა ხალხმა) გადაუხვია არაერთგზის ამ ვალდებულებებს. ამიტომაც დაკარგული ნდობის აღდგენისთვის ხელისუფლებას აღარც დრო აქვს და აღარც ადამიანური რესურსი.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ცხადად ვერ გამოხატავს თანადგომას ხელისუფლებისადმი. უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი საქართველოში მოელიან დემოკრატიულ პროცესებს, ეს კი უნდა უზრუნველყოს როგორც პოზიციამ, ასევე ოპოზიციამ.

ამგვარად, არჩევნების შედეგებს განაპირობებს:

  1. საქართველოს მოქალაქეები, მათი მზაობა გადაწყვეტილების მისაღებად, ყოველი მოქალაქის ხმა საქართველოს სტრატეგიული ხმაა, უნდა გაითვალისწინონ;
  2. პოზიცია - ოპოზიცია თავიანთი პროგრამებითა და საქმიანობით, პოლიტიკური ბექგრაუნდით;
  3. საერთაშორისო ძალების ინტენსიური ინტერესი საქართველოს მიმართ და პარტნიორების აქტიური მოქმედება არაპარტნიორების, არაკეთილმოსურნეების ქმედებების გასანეიტრალებლად.

საქართველოს მომავლის არჩევანის გასაკეთებლად სასურველია გათვალისწინებულ იქნეს, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ თავისი მოქმედების ვადაში, რამდენად იყო ეს შეცდომები სტრატეგიული ხასიათისა. მინდა აღვნიშნო, რომ შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებამაც და შედეგიც დადგა შესაბამისი - დემოკრატიული გზით გადააბარეს ხელისუფლება ახალ ძალას 2012 წელს. ცვლილებების მოლოდინი არ გაუმართლა ხალხს ახალმა ხელისუფლებამაც, რომელმაც მალევე „აჩვენა სახე“ საზოგადოებას. ერთპარტიული და ერთპიროვნული, შეუზღუდავი ძალაუფლებით მართვა უბრალოდ კი არ ჰგავს, არამედ პირდაპირ იმეორებს რუსულ მოდელს, სადაც ინდივიდი და ინიციატივა მართვაში მიუღებელია ვერტიკალისათვის. რამდენჯერაც და როგორაც არ უნდა გადაადგილო პერსონები ამ სისტემაში, თავში მდგომი მაინც ერთია, რომლის ინტერესები ისრუტავს სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებს და დასჯადს ხდის ამ ვერტიკალურ სკალაზე მეთაურის მიერ დაწინაურებული „რეფორმატორის“ ან უბრალო მოხელის ნებისმიერი სახის ინიციატივას. მთელი კასკადია ასეთი შემთხვევებისა „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს.

საზოგადოებამ, ვფიქრობ, უნდა გამოიტანოს დასკვნა თითქმის 2 ათეული წლის და უფრო მეტიც, თითქმის 30 წლიანი პოლიტიკური ზიგზაგებიდან, რომ არც ხელისუფლებისა და ძალის გადამეტება, არც ერთპიროვნული მართვა, მით უმეტეს, ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საზიანოდ, არ არის მისაღები. საზოგადოება დღეს „დაბნეულია“ და დაღლილია „გარდამავალი პერიოდის პოლიტიკური ელიტის“ არაკორექტული, ვიტყოდი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი დაპირისპირებებისაგან, რომელიც არსებითად დაცლილია შინაარსისაგან და მიმართულია ურთიერთდისკრედიტაციისაკენ. ასეთ შემთხვევაში საზოგადოების არასუბიექტური ნაწილი ობიექტურად აფასებს სიტუაციას და ფიქრობს, რომ მას არა აქვს არჩევანი. რატომ ფიქრობს ასე? იმიტომ, რომ ის ხედავს დაშვებული შეცდომებისა თუ დანაშაულების შედეგებს - გაღატაკებულ მოსახლეობას, დაბალ ეკონომიკურ შემოსავლებს ან საერთოდ უპერსპექტივო ადამიანებს, რომლებიც გარბიან ქვეყნიდან, მცოცავი ოკუპაციის შემგუებელ ხელისუფლებას - პოზიციას, გაუცხოებულ ოჯახებსა და ეთნოსებს ქვეყნის შიგნით, ხელისუფლების მიერ მოპარულ ხალხის ფულს, ერთი ადამიანის ხელში კონცენტრირებულ არა მარტო ძალაუფლებას, არამედ ყველა სახის რესურსებს, რეფორმებისა და ცვლის სურვილის არარსებობას და ა. შ. ამიტომ უიმედობა ეუფლება. თუ საზოგადოება არ შეცვლის ამგვარ დამოკიდებულებას და არ იმოქმედებს პოზიტიური ცვლილებებისათვის, ის მიატოვებს თავის ქვეყანას ისტორიულ განსაცდელში და მისი დაღუპვის უნებლიე თანამონაწილე გახდება. შეცდომების ინვენტარიზაცია გარდაუვალი ხდება:

  1. ერთპიროვნული მართვის პირობებში საკანონმდებლო ორგანო, აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლებაც სამ თანაბარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ უწყებებს მარიონეტების თეატრივით ამუშავებს ერთპიროვნული მმართველი, რათა მიიღოს „მეტი მეტისათვის“, ოღონდ მმართველი ძალზე შორს არის ამ ფორმულის ევროპული გაგებისაგან, ეს მეტი მხოლოდ მას ემსახურება. ასეთ სისტემაში ინიციატორი რეფორმატორი, კვალიფიციური მოხელე ან ისჯება (პრემიერების მაგალითები იკმარებდა), ან საერთოდ კარგავს მოტივაციას და იგი არაფრით აღარ განსხვავდება არაკვალიფიციური სპეციალისტებისაგან. მთავარი შეცდომა ამ სისტემისა, ჩემი აზრით, ეს არის თვით ამ სისტემაში მომსახურე ადამიანების ღირსების ხელყოფა, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ევროპულ და, გნებავთ, კავკასიურ ღირებულებებს, რადგან სპობს ადამიანს და ეწინააღმდეგება პროგრესს. რამდენადაც ვხედავ, ბევრმა ღირსეულმა ადამიანმა სწორედ ამ ნიშნით დატოვა მმართველი პარტია;
  2. თუ სისტემის მიზანი შორს არის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისაგან, მაშინ „ფსევდომშენებლობაში“ არაკვალიფიციური პერსონები უფრო გამოსადეგია, ვიდრე მაღალკავალიფიციური ადამიანური რესურსი, რადგან ისინი შეიძლება სულაც პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე არ დაეთანხმონ სისტემას და ეს ხელისშემშლელი აღმოჩნდება ერთი კაცის ხელში ქვეყნის პრივატიზების პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეცდომაა, ეს მიზანმიმართული ქმედებებია, გადაზრდილი დანაშაულებრივ ქმედებებში;
  3. ქვეყანა მართლა ჩალით ხომ არ არის დახურული და ამიტომ მართვა რომ განახორციელო პირადი და არა სახელმწიფო ინტერესებიდან, უნდა შექმნა არაკვალიფიციური (ან კვალიფიციური, მაგრამ მოსყიდული) ადამიანებისაგან ისეთი სისტემა, რომლის ყოველი ჭანჭიკი ერთი ადგილიდან იმართება, სისტემა მოახდენს ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის აქტივებისა და რესურსების აკუმულირებას ერთი კაცის ხელში. ეს გამორიცხავს პროგრესს, ბიუჯეტისა და ევროკავშირის მსხვილი ფინანსური ინსტრუმენტების საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის გამოყენებას. ამიტომაც ვართ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და არა იმიტომ, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისაგან არასაკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა ამ პერიოდში. ეს სისტემა კლავს ინდივიდს, პერსპექტივას და სტრატეგიულ ინტერესებს;
  4. სასამართლო სისტემის რეპუტაცია მინუსებისკენ მიექანება; სასამართლო სისტემა გამოყენებულია ხელისუფალის ინტერესების „გასაპრავებლად“, რაც, ერთი მხრივ, ადამიანს უკარგავს სამართლიანობისა და დაცულობის განცდას, მეორე მხრივ კი ინვესტორებს ისე აფრთხობს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შეჩერება შეუძლებელი ხდება და იგი პირდაპირპროპორციულია სასამართლოს რეპუტაციის ვარდნისა; ევროკავშირმა უზარმაზარი ფინანსური და ადამიანური რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლობა ჰარმონიზაციაში ყოფილიყო ევროპულ კანონმდებლობასთან, ხოლო სასამართლო უნდა გამხდარიყო ევროპული სტანდარტებისა; სამწუხაროდ, აქაც დარღვეულია ქვეყნის სტრატეგიული ინტერესი და დაკარგულია ნდობა ამ მიმართულებით დასავლელი პარტნიორების თვალში; სასამართლოს მიმართულებით წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა პრობლემები, ასევე მათი მოქმედებით სტრატეგიული ობიექტებიც აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის ხელში; დღეს კი რეფორმების მაჩვენებელი ქვეყანაში ნულის ტოლია; ეკონომიკის ზრდა გამორიცხულია, რადგან ვინც ასეთი გუნდი უნდა ჩამოაყალიბოს, მას არა აქვს ამის უფლება, უფრო მეტიც, საერთაშორისო კომპანიებისთვის მიუღებელია ურთიერთობები პარტიასთან, რომელიც არ უნდა იყოს იგი, ეს არ არის ევროპული სტანდარტი; ხელმძღვანელი უნდა იყოს ფორმალური, ურთიერთობები უნდა იყოს გარანტირებული შეთანხმებებით; ვის დაუდოს შეთანხმება, მოუნდებათ ასეთ სისტემასთან ურთიერთობები? დავის შემთხვევაში სასამართლოც არ იქნება სამართლიანი; ამგვარად, ვღარიბდებით და ვღარიბდებით „დამსახურებულად“... იუსტიციის მინისტრისთვის კი ეს არის „უნივერსალური სისტემა“.
  5. ეკონომიკური განვითარება ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედია, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა, დღეს ამ ქვაკუთხედზე მოკალათებულია „ეშმაკი“ - ეკონომიკის მტერი და მისგან განთავისუფლებისთვის ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა წარმოადგინოს ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, სხვანაირად, ეს „ეშმაკი“ თავისით არ ისკუპებს ამ ქვაკუთხედიდან. ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დაარწმუნონ ამომრჩეველი, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას სთავაზობს. ამის განსახორციელებლად კი შეუძლია ერთი კაცის ხელში პრივატიზებული აქტივებისა და რესურსების დეპრივატიზაცია და ამოქმედება კონკრეტულ პროექტებში; ეკონომიკური განვითარების შეფერხება არსებული ხელისუფლების ხელში სისტემური დანაშაულია და მისგან განთავისუფლებაა საჭირო; უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკურად შეჭირვებული საზოგადოება უფრო მოწყლვადია ოკუპანტი ქვეყნის იდეოლოგიური მანქანის ხელში;
  6. ცხადი ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ არ თუ ვერ იზრუნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის განსახორციელებლად ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ასოცირებისთვის და გაჩნდა საფრთხეები პარტნიორების მხრიდან ამ მოვლენის შეფასების თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არავინ საუბრობს „ევრონესტის“ ფარგლებში განსახორციელებელი 20 ძირითადი შედეგის შესახებ 2020 წლისთვის, ანგარიშს არავინ გვაბარებს; ამიტომ ევროინტეგრაციის გზაზე დაშვებული შეცდომები სტრატეგიული ხასიათის შეცდომებია. საბედნიეროდ, პარტნიორების მხრიდან სწორად არის გამიჯნული, რომ ხელისუფლების ქმედება არ არის ქართველი ხალხის არჩევანის პირდაპირპროპორციული;
  7. „ოცნებისეული“ მმართველობის მთავარი სქემები გადის ელიტარულ კორუფციაზე და არა დაბალი დონის კორუფციაზე; ამას შეაპირობებს ტენდენციური ტენდერები, ნეპოტიზმი, გამოუძიებელი კორუფციის ფაქტები, დაუსჯელობის სინდრომი. არც ერთი არ არის ევროპული სტანდარტი და, ბუნებრივია, საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის;
  8. ხელისუფლებამ არასწორი სტრატეგიით შექმნა საფუძველი პრობლემების გადაუჭრელობისათვის ყველა სახის უმცირესობებთან (რელიგიური, ეთნიკური...) ურთიერთობებში და არასწორად და არასაკმარისად იმუშავა სამხრეთ კავკასიის პარტნიორ ქვეყნებთან რეგიონული საერთო ინტერესებისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების განსახორციელებლად; ამიტომ სამეზობლო პოლიტიკაში უამრავი დაულაგებელი პრობლემაა. მიზეზი აქ ორია: არაკვალიფიციურობა და ნულოვანი ინტერესი ამ პრობლემებისადმი. არადა, დაულაგებელი კავკასია მხოლოდ ოკუპანტის ინტერესებში შედის;
  9. ხელისუფლების „დუმილი“ ბორდერიზაციის ყოველდღიურ რუტინაში მოჩვენებითი მშვიდობის მოტივით, საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის თემის მინავლება, კონფლიქტის მხარეებს შორის გაუცხოების დასაძლევად არასაკმარისი და უშედეგო ქნედებები ადასტურებენ, რომ ეს არის ასევე სტრატეგიული შეცდომა, რომლითაც სარგებლობს ოკუპანტი და არ წყვეტს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას;
  10. ხელისუფლებისგან სრული ჰარმონიაა შექმნილი ოკუპანტი ქვეყნისთვის ქვეყანაში ევროპის დემონიზაციისათვის, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაც დემონიზებულია, იმ მოტივით, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოდიოზური ფიგურებითაა წარმოდგენილი და ამასობაში თავადაც ქცეულან დემონებად, რომლებიც ამ ორომტრიალში ძველი გეოპოლიტიკური ორბიტისაკენ მიაქანებენ საქართველოს და ამ დემონებისაგან განთავისუფლების გარეშე საქართველო ასცდება განვითარების დასავლურ, მთავარ სტრატეგიულ ხაზს.

სახელმწიფოს სჭირდება ცვლილებები და ამ ცვლილების მოტანა მხოლოდ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს შეუძლია; ახალ პოლიტიკურ ძალას ახალი თაობის მონაწილეობით შეუძლია განახორციელოს ეს ცვლილებები. ქვეყნის სასიცოცხლო ენერგია უნდა აკუმულირდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი გახდეს ოპოზიციის ფერადოვანი სპექტრის საერთო მიზნისა და სულისკვეთების ბოლომდე მიყვანა, პოლიტიკური ეთიკის დახვეწა და, საბოლოოდ, კოალიციური ხელისუფლების ჩამოყალიბება. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ამ რთულ, სტრატეგიული მნიშვნელობის გზაზე!

 

 

 

Aburjga Tasmanieli სანამ ქალბატონი პროფესორის ამხელა სტატიას წავიკითხავდი, მხოლოდ თვალი გადავავლე. ვაპირებ გულდასმით წავიკითხო. მანამ მინდა პროფესორს როგორც სტუდენტმა შევეკითხო -
რა უნდა ამ დასავლეთს, რას გადაგვეკიდნენ ეს უზომოდ განვითარებული ქვეყნები აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, ლიტვაც (ხუბილიუსი), რატომ ზრუნავენ საქართველოსათვის, აქ დემოკრატიის დანერგვისათვის ასე გამძაფრებით, რატომ "გვეხმარებიან", სესხებს გვაძლევენ (ამ წუთისათვის საქართველოს საგარეო ვალი შეადგენს 21 მილიარდ 6 მილიონ დოლარს), წვრთნიან ჩვენს ჯარებს, გვაწვდიან სამხედრო აღჭურვილობას, უხვად გვამარაგებენ რჩევებით ყველა წვრილმანზე, ხანდახან გვთხოვენ კიდეც წესიერად მოვიქცეთ ანუ გავითვალისწინოთ მათი რჩევები. მოკლედ, მე პროფესორი არ ვარ და ყველაფერ სიკეთეს აქ ვერ ჩამოვთვლი, ამიტომ გავიმეორებ რიტორიკულ შეკითხვას, რა უნდათ, რატომ გადაწყვიტეს ჩვენს ბედზე, საქართველოზე, ქართველ ერზე ზრუნვა?! მაგათი არც ნათესავი ვართ და "დაჟე" მეზობელიც კი?!
მოკლედ რა უნდათ, რას შემოგვიჩდნენ?!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული არ მითხრა ახლა ეს ქალბატონი ცრუობსო!!! უყურე ჰოლივუდის პროდუქციას - "მხატვრულ" ფილმებს და შეგექმნება მტკიცე რწმენა მარიას მონათხრობი სიმართლის შესახებ!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli კაჩინსკი: პოლონეთი მაშინ უფრო თავისუფალი იყო, როცა საბჭოთა კავშირს ემორჩილებოდა, ვიდრე დღეს, როცა ევროკავშირშია!!!
რაიმე საგულისხმო ხომ არ გენიშნა ქალბატონო პროფესორო?!
1 თვის უკან
Katana . მოველოდი, რომ "ოცნებიდან" ვინმე სათანადო პასუხს გასცემდა ამ ქალბატონს, მაგრამ ხმას არ იღებს არავინ.
ეტყობა, ან არ კითხულობენ, ან არ სცალიათ საარჩევნო ორომტრიალში მყოფებს (არადა, სწორედ ამ დროს უნდა ეცალოთ ამისთან წერილებისთვის!), ან, უბრალოდ, არ თვლიან პსუხის ღირსად.
ისევ მე რომ დავწერო, იტყვიან, რა უნდა ამა კაცს, რამდენჯერ უნდა დაესხას თავსო!
მე კი არც "ოცნების" წევრი ვარ, არც მისი ადვოკატი და არც თაყვანისმცემელი. უბრალოდ, მიკერძოებულად მატყუარა ხალხი არ მიყვარს, განსაკუთრებით, თუ ამ მიკერძოებას ანგარების სუნიც დაჰკრავს...
1 თვის უკან
Katana P.S. ისე, საინტერესოა, ფლიდობას რა ფერი აქვს თაბასარანულ ენაში?
1 თვის უკან
Maverick ჩოპრა, კატანა მეც გიერთდებით, საწყალი საქართველო პატარძალი გონიათ და პირველი ღამის უფლებით ასეთი "ხმალამოღებული" პრო(ჭ)პროფესორები, ჭურ(ა)ნალისტები, ფლიდოლოგები და ა.შ. იწვევენ ყველას საქართველოს გასაბახებლად, და მათ მიერ მოწვეულები დაქინძულები რომ რჩებიან (2012 წლის არ იყოს, კითხულობენ; ეს სადაური წესიაო?! პასუხი:სადაური და აქაურიო!), თავად გაბახებულები ალიმენტების გადასახდელად პრეტენზიებს გვიყენებენ!
1 თვის უკან
კ ა ხ ე ლ ი ნაცურ-ლელო-გირჩული მდარე პროპაგანდაა. სინამდვილეში - "ოცნება" საკუთარ საარცევნო პროგრამას აგებს იმ მთავარ თეზისზე, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს შეიტანას და ამისთვის ყოველმხრივ იქნება მზად.
4 კვირის უკან
ძია მიხო პროფესორი კი, მაგრამ რა დარგშია პროფესორი რატომღაც არაა ნახსენები. ვეცადე თვითონ მივმხვდარიყავი, რომელ მეცნიერებას შეიძლება განეკუთვნოს მაგალითად ეს პასაჟი: "ხელისუფლებისგან სრული ჰარმონიაა შექმნილი ოკუპანტი ქვეყნისთვის ქვეყანაში ევროპის დემონიზაციისათვის, ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციაც დემონიზებულია, იმ მოტივით, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოდიოზური ფიგურებითაა წარმოდგენილი და ამასობაში თავადაც ქცეულან დემონებად, რომლებიც ამ ორომტრიალში ძველი გეოპოლიტიკური ორბიტისაკენ მიაქანებენ საქართველოს და ამ დემონებისაგან განთავისუფლების გარეშე საქართველო ასცდება განვითარების დასავლურ, მთავარ სტრატეგიულ ხაზს."
ჩემი აზრით - აბდაუბდოლოგიას.
3 კვირის უკან