ლაშა შენგელია, რომელმაც ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვა, სოფელ კირცხის ტყეში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

ლაშა შენგელია, რომელმაც ბანკის შენობა თავდამსხმელთან ერთად დატოვა, სოფელ კირცხის ტყეში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს

ლაშა შენგელია, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია პოლიციის ავტომობილით დატოვა, გადაადგილების მარშრუტს იხსენებს და იმ დეტალებზე საუბრობს, რაც უშუალოდ ბოლო ლოკაციაზე - ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში განვითარდა.

მისი თქმით, თავდამსხმელმა თავისივე ნებით მანქანა ტყის შესასვლელთან გააჩერებინა და მოსთხოვა ყველა მძევალს, გადასულიყვნენ.

„თავად ხელყუმბარით ხელში მანქანიდან ხალიჩები გამოიტანა, იქვე მდინარეში გარეცხა და შემდეგ მანქანა შეძლებისდაგვარად გაწმინდა. ავტომობილში ისევ ჩაჯდომა და ტერიტორიის დატოვება გვიბრძანა“, - აცხადებს შენგელია და აღნიშნავს, რომ მანამდე თავდამსხმელმა მარშრუტი რამდენჯერმე შეცვალა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.