სოფი ლორენი ბრუნდება

სოფი ლორენი ბრუნდება

კინოსამყაროს იტალიელი ლეგენდა, სოფი ლორენი წლების შემდეგ პირველად თამაშობს მნიშვნელოვან სრულმეტრაჟიან კინოსურათში და შედეგი იმდენად საინტერესო ჩანს, რომ ის არცერთ კინომოყვარულს არ უნდა გამორჩეს მხედველობიდან.

სოფი ლორენის მონაწილეობით ახალი ფილმის სახელწოდებაა The Life Ahead (ცხოვრება წინაა), რომელიც მისმა ვაჟმა, რეჟისორმა ედოარდო პონტიმ ცნობილი ფრანგი მწერლის რომენ გარის ამავე სახელწოდების მქონე ბესტსელერის მიხედვით გადაიღო.

ლორენმა 1960 წელს გამოსულ ფილმში ჩოჩარა შესრულებული როლით ოსკარი მოიპოვა და ამ ახალი კინოსურათის ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, ის მომავალი ოსკარების დაჯილდოებაზეც ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი პრეტენდენტი იქნება:

მომავალი ფილმი ჰოლოკოსტს გადარჩენილი ქალის, მადამ როზასა და 12 წლის სენეგალელი ემიგრანტი ბიჭის, მომოს შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ ისტორიის მიხედვით ეკრანიზაცია შეიქმნა: მანამდე ისრაელელმა რეჟისორმა, მოშე მიზრახმა გადაიღო კინოსურათი სახელწოდებით Madame Rosa, რომელმაც 1978 წელს ოსკარებზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

სოფი ლორენმა ბოლოს სრულმეტრაჟიან ფილმში 2009 წელს მიიღო მონაწილეობა: მან შეასრულა როლი მიუზიკლში Nine (ცხრა), მას შემდეგ კი რამდენიმე სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიან პროექტში გამოჩნდა. როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მსგავსი პაუზა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონდა:

"უბრალოდ ასე მოხდა. მინდოდა, რომ შესაფერისი შთაგონება და გამოწვევა მქონდა. არ იყო ფილმი, რომელსაც მაშინვე მოვკიდებდი ხელს. თუ რაღაცის კეთებას ისე იწყებ, რომ იცი, საუკეთესოდ გამოგივა, მაშინ ეკრანზეც მართლა ასე გამოდის. სწორედ ეს მოსწონს მაყურებელს: გულწრფელობა", — ამბობს მსახიობი.

ფილმის პრემიერა ნეტფლიქსზე 13 ნოემბერსაა დაგეგმილი და ჩვენც მაშინ შეგვეძლება ამ ამბიციური ეკრანიზაციის შეფასება.