მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების გამო უეფამ მიიღო გადაწყვეტილება სომხეთსა და აზერბაიჯანში საკლუბო და ეროვნული ნაკრებების მატჩების ჩატარების გაურკვეველი ვადით შეჩერების შესახებ.
„ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში კონფლიქტის მიმდინარეობას, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყო. ამან უკვე გამოიწვია უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფისა და უეფას ერთა ლიგის ორი მატჩის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება. მიგვაჩნია, რომ დღეისათვის ამ ქვეყნებში ჩვენი ორგანიზაციის ეგიდით მატჩების გამართვა შეუძლებელია“, - წერია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.
სომხეთისა და აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციებსა და კლუბებს შეუძლიათ, უეფას შესთავაზონ ალტერნატირული ადგილები ამ ორგანიზაციის ეგიდით გასამართი საშინაო მატჩებისათვის.
ამასთან ერთად, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ეხება ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის იმ მატჩებს, რომლებიც მომავალი წლის ივნისში ბაქოში უნდა გაიმართოს.