რამდენიმე საათის წინ ტვიტერის პირად ანგარიშზე მსახიობმა ჯეფ ბრიჯესმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინდა.
მან თავისი პოსტი საკულტო ფილმში დიდი ლებოვსკი მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის სიტყვების რეფერენსით დაიწყო:
"როგორც ძმა იტყოდა: ახალი ყ*ეობა აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო".
ჯეფ ბრიჯესმა თავის დიაგნოზსა და მკურნალობის პროცესზე ისაუბრა:
"ლიმფომის დიაგნოზი დამისვეს. მართალია, ეს საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, მაგრამ გამიმართლა, რომ ჩემზე ექიმების შესანიშნავი გუნდი ზრუნავს და მდგომარეობა დამაიმედებელია.
მკურნალობას ვიწყებ და გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით", — ვკითხულობთ პოსტში.
The Guardian-ის ინფორმაციით, ლიმფომა სიმსივნის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ლიმფურ სისტემაში იჩენს თავს და ამ დაავადებასთან ბრძოლაში ორგანიზმის ისეთი ნაწილები ერთვება, როგორებიცაა ლიმფური კვანძები, ელენთა და ძვლის ტვინი. ამ დაავადებას თავისი ფორმის მიხედვით ძირითადად ორ ტიპად ყოფენ: ჰოჯკინის ლიმფომა და არაჰოჯკინის ლიმფომა.
თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მსახიობმა შემდეგ პოსტში მადლობა გადაუხადა თავის ოჯახსა და მეგობრებს მხარდაჭერისთვის, აშშ-ს ყველა მოქალაქეს კი მომავალ არჩევნებზე მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ჯეფ ბრიჯესმა თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში 70-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ გახმაურებულ კინოსურათებში, როგორებიცაა True Grit, Seabiscuit, King Kong და Hell or High Water. ბრიჯესი ოსკარებზე შვიდჯერ იყო ნომინირებული და 2010 წელს ფილმში შეშლილი გული (Crazy Heart) შესრულებული როლისთვის ეს ჯილდოც მოიპოვა.
მსახიობის ჯანმრთელობის შესახებ ამ ახალმა ცნობებმა, ცხადია, მრავალ კინომოყვარულს დასწყვიტა გული:
"ჰეი, 2020-ო, თავი დაანებე ჯეფ ბრიჯესს!", — ვკითხულობთ ერთ-ერთი გულშემატკივრის პოსტში.