„იბეროსტარ ტენერიფემ“, სადაც გიორგი შერმადინი თამაშობს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო.
კანარის კუნძულების გუნდმა „ხუვენტუტი“ 4-ქულიანი სხვაობით, 86:82 დაამარცხა, ქართველი ცენტრი კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შერმადინმა 3-დან 3 ორქულიანი, 10-დან 10 საჯარიმო გამოიყენა და თამაში 16 ქულით, 2 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
ხუთი ტურის შემდეგ „ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
მომდევნო შეხვედრას გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები 25 ოქტომბერს, მალაგას „უნიკახასთან“ გამართავენ.