ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის"  ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და იგი სრულად იზიარებს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსაზრებას ნაციონალური მოძრაობის შესაძლო  აკრძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის წევრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„კონსტიტუციით არის დადგენილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის საფუძვლები და სამართლებრივად ,,ნაცმოძრაობის"  აკრძალვის ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმდენი დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი მოქალაქეებისა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმა უზარმაზარი საქმე შეკრა, სადაც გაერთიანებულია ყველა დანაშაული, რომელიც წინა ხელისუფლებას აქვს ჩადენილი. დამკვიდრებული იყო სისტემური პრაქტიკა, როგორც ადამიანის ღირსების შელახვის, წამების, ბიზნესის რეკეტი და უამრავი სხვა დანაშაული და არსებობს დანაშაულებები ქვეყნის და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ის ჩაბარება, რასაც მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა წინ. ახლა საუბარი მიდის დავით გარეჯის საზღვრის მონაკვეთზე, აქ შეიძლება უფრო მეტი სენსიტიურობაა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას ეხება საქმე, მაგრამ რა გააკეთეს 2005-2006 წლებში? მათ შემოხაზეს გაუქმებული საზღვრები იმ ოლქისა, რომელიც გააუქმა ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლებამ. ეს იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიის საზღვრები, რითაც დამატებით ისარგებლა რუსეთის ფედერაციამ და ხელი შეუწყო, რომ მათ განეხორციელებინათ ამ რეგიონის ოკუპაცია და დღემდე ეხმარება „ბორდერიზაციის“ პროცესის წარმართვაში. ეს ხომ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ცხადი დანაშაული! ეს დანაშაულებები შეიძლებოდა შეკრულიყო და შეიძლებოდა გამხდარიყო ამ პარტიის აკრძალვის საფუძველი. როდესაც ყველაფრისგან განყენებულად განვიხილავთ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი დანაშაულებრივი რეჟიმი შეფასებულიყო და ასეთ შეფასებას მოყოლოდა შესაბამისი პოლიტიკური რეაგირებაც, რაც მოხდა, მაგალითად ნიურნბერგის პროცესზე. თავისი შინაარსით, შეიძლება მასშტაბებით ის გასაქანი არ ჰქონდათ, რაც ჰქონდა ფაშისტურ ხელისუფლებას, მაგრამ შინაარსით ნაციონალური მოძრაობა იყო ზუსტად იგივე ფაშისტური პოლიტიკური ძალა. 2012 წელს ეს რომ მომხდარიყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იქ იყო სხვადასხვა ფაქტორი და შეგნებულად არ შევალ სიღრმეებში. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას - დღეს რომ ვისაუბროთ ამ პარტიის აკრძალვაზე,  ზოგადი მიდგომა შემიძლია გითხრათ თუ რა არის ევროპის ქვეყნებში. მიღებული პრაქტიკა არ არის თუნდაც უკიდურესად ექსტრემისტული პარტიების აკრძალვა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პარტიები, ,,ნაცმოძრაობის"  მსგავსი პარტიები, როგორიცაა მაგალითად  ნეონაცისტური პარტია გერმანიაში, ავსტრიაში თუ იტალიაში, ასეთი პარტიები იატაკქვეშეთში უფრო საშიშები არიან. როდესაც ისინი არიან ღია ცის ქვეშ, უფრო განეიტრალებულია დანაშაულებრივი ზრახვები. ჩვენ, მე და ირაკლი ღარიბაშვილს,  გვაქვს ერთი დამოკიდებულება და მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ მიგვაჩნია, რომ ,,ნაცმოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის და ამას ჩვენ ვამბობთ არა საკუთარი სუბიქტური გადმოსახედიდან, არამედ ქვეყნის ინტერესების გადმოსახედიდან. ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ,,ნაცმოძრაობა" არ იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ სპექტრში და როცა ვსაუბრობთ ,,ნაცმოძრაობაზე", იქ იგულისხმება ყველა მისი განშტოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Aburjga Tasmanieli 18.10.20
აგერ აქ ჩვენთან ეროვნულად, საღად მოაზროვნეთა საიტზეც კი, სადაც ნაცომოძრაობის ფანატიკოსებს ჭირივით ეჯავრებათ შემოხედვა, მიმდინარე გამოკითხვაში - " ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას"? “დამნაშავეთა სექტას” - ნაცმოძრაობას აქვს 9%, ხოლო მის მამხილებელ და მასთან ხმალამოღებულ მებრძოლ ეროვნულ ძალას -"პატრიოტთა ალიანსს" მხოლოდ 8% ??!! ეჭვიც არ მეპარება ამ მონაცემების ნამდვილობაში! მაშ რაშია საქმე?! აგერ ბატონმა ირაკლი კობახიძემ ჩამოთვალა ნაცმოძრაობის (არ დაგვავიწყდეს, მათ შორის დღევანდელი "ევროპული საქართველოს" მესვეურები მთავრ როლებში იყვნენ) მმართველობის დროინდელი ნაავკაცარი, ძირითადი ნუსხა დალაგებულად მოგვაწოდა. ეს ნუსხა ხომ გამოგონილი არ არის, ეს ხომ ყველაფერი ასე იყო?! ვინმეს ეჭვი გეპარებათ?! - დარწმუნებული ვარ არა! ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას მარტო ამ ბოლო დროინდელი დავით-გარეჯის საქმეზე ჩადენილი ნაავკცარის გამოაშკარავება ეყოფოდა სამუდამო სასჯელად, პოლიტიკური ველიდან გასაქრობად! მაგრამ არა, რა სასჯელზეა საუბარი, როცა გუშინ წინ ბათუმში კოვიდ19 -ის სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად 10-20 ათასი გულმხურვალე მხარდამჭერი შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად და სულ მიშა, მიშას სკანდირებდნენ?! დარწმუნებული ვარ ასე იქნება ზუგდიდში, თელავში, რუსთავში და თბილისში კიდევ უფრო მეტად (გურიაში არ იქნება - მაქსიმუმ 500 კაცი!)). კიდევ ერთხელ ვკითხულობ, მაშ რაშია საქმე, რატომ უჭერს საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს აშკარად დამნაშავე პოლიტიკურ ძალს? ამ კითხვაზე მე მაქვს ჩემი პასუხები, პასუხები, სისტემატიზირებული პასუხები, მაგრამ რადაგან არავის აინტერესებს ამიტომ დაწერას აზრი არ აქვს. მხოლოდ ერთ მთავარს დავწერ -
დემოკრატიის ბუნებაა ასეთი!!! სიტყვის უკიდეგანო თავისუფლების პრიორიტეტის პირობებში, გაუთავებელ, განუკითხავ სატელევიზიო, საინტერნეტო, სამიტინგო გნიასში დანაშაულის, მათ შორის სახელმწიფო დანაშაულის, ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობის კონტურები გაიდღაბნა. დემოკრატიის პირობებში დანამდვილებით არავინ იცის სად იწყება პოლიტიკური დანაშაული და სად მთავრდება, კრიტერიუმის დამწესებელიც კი არავიანაა, იმიტომ რომ ვინც უნდა დააწესოს ისიც მონაწილეობს ამ საქმეში. სანიშნოა, რომ 2007 წელს მომავალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით იმდროინდელმა დემოკრატიულად არჩეულმა (სინამდვილეში აშშ-ს და რუსეთის გარიგებით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებით მოყვანილამა) ხელმძღვანელმა პოლიტიკურმა ძალამ გამოიჩინა რა შორსმჭვრეტელობა, კოდექსიდან ამოიღო მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ!! შემდეგ კი, 2012 წელს მოსულმა იგივე ოღონ უფრო შეფარულად, ლიბერალ-დემოკრატიულმა ძალამ, 8 წლის განმავლობაში არ ჩათვალა საჭიროდ ამ მუხლის აღდგენა!!! არც აწი აღადგენენ იმიტომ, რომ დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია, ვერ ეგუება ვერანაირ სიტყვა სამშობლოს, მშობლიურ მიწას და ვერც მის საზღვარს, საზოგადოების განვითარების ანაქრონიზმად მიიჩნევს. მაგალითი გაქვთ, აგერ თვალნათლივი და ეგერ ევროკავშირული. რა გასაკვირია თუ ამ განუკითხავ „ენის ტლიკინში“, დემოკრატიის პოლიტიკურ ვაკხანალიაში, სადაც უმწიფარი სტუდენტების ჯგროს შეუძლია ღვაწლმოსილ პროფესორ-აკადემიკოსებს სიტყვა გააწყვეტინონ და თუ მოისურვებენ აუდიტორიიდან, ტრიბუნიდან გამოაპანღურონ კიდეც, სადაც პიროვნების ავტორიტეტს მისი გაკეთებული ეროვნული საქმე კი არ ქმნის, არამედ კერძო პარტიული მასმედიიდან ნალაყბევი.... ამ სიცრუის და სიმართლის ამჟავებულ დემოკრატიულ აჯაფსანდალში უბრალო ხალხმა ვეღარ მოახერხა გაარჩიოს ტყუილ-მართალი, შავი და თეთრი, ირბინოს მიტინგებზე და დამნაშავეების სახელების სკანდირება დაიწყონ?!
და ბოლოს, მინდა ვკითხო ბატონ კობახიძეს და მასთან ერთად მთელს ქართულ ოცნებას - შეგიძლიათ ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც თქვათ სიმართლე, რატომ არ დაუჭირეთ მხარი „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ პარლამენტში შემოტანილ ასი ათასობით ადამიანის ხელმოწერილ რეზოლუციას „ნაცმოძრაობის“ დამნაშავე პოლიტიკურ ძალად გამოცხადების შესახებ?! რა იყო, მაშინ არ იცოდით ეს ყველაფერი რაც აქ კარგად ჩამოაწიკწიკეთ?! აბა ველოდებით თქვწენს მართალ პასუხს!!!
3 წლის უკან