ნიკოლოზ მეტრეველი დავით გარეჯის საკითხზე: ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთი განაჩენი

ნიკოლოზ მეტრეველი დავით გარეჯის საკითხზე: ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთი განაჩენი

სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და თუ ეს დანაშაული გამოიკვეთა, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კიდევ ერთი განაჩენი, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„მე ველოდები უფრო მეტი სამხილების ერთობლიობას. ცხადია, ეს ადამიანები არიან სავარაუდოდ შემსრულებლები და ეს თუ დადასტურდება, გასაგებია, ვინ დგას მათ უკან - მარკირებული დეზერტირი მიხეილ სააკაშვილი. საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს და ეს დარტყმა იქნება ისედაც შემცირებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატზე.

ამიტომაც მესმის პანიკა და სააკაშვილის ისტერიული განცხადებები, დესტრუქციული ძალების მობილიზაცია, ჩართულია მათი სატელიტები ქვეყნის გარეთაც და მათაც მინდა ვუთხრა, ძალიან მაინტერესებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რა რეაქცია ექნებოდათ, მაგალითად კალინინგრადის ოლქში რუსებს ლიეტუვას 3 500 ჰექტარი რომ მიეთვისებინა, მაშინ როგორ შეაფასებდა ამას ბატონი კუბილიუსი და თუ იქნებოდა ეს მისთვის სასაცილო. ამიტომ აქ სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და თუ ეს დანაშაული გამოიკვეთა, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი განაჩენი“, - განცხადა ანალიტიკოსმა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.