„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პრემიერი გახარიას დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოქმედი მთავრობა არაფერს აკეთებს ბიზნესის გადასარჩენად და სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად. ვაშაძის შეფასებით, საკმაოდ უუნაროა მთავრობა კოვიდპანდემიის მართვასთან მიმართებაშიც. პრემიერობის კანდიდატი კოვიდინფიცირების არეალის კიდევ უფრო მეტ გაფართოებაზე, გავრცელებასა და შესაბამისი უწყებების მოუმზადებლობაზეც საუბროს და გახარიას მხრიდან დებატებზე თავის არიდებას, სწორედ აღნიშნულ ფაქტებს უკავშირებს.
"ეს იყო არაფრის მთქმელი განცხადებები, რაც ჩვენ პრემიერი გახარიასგან მოვისმინეთ. ფაქტობრივად, ნულის ტოლფასია ის , რასაც მოქმედი მთავრობა ქართული ბიზნესის გადასარჩენად ვითომ გეგმავს. უფრო მეტიც, მათ სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, კოვდიპანდემიის მართვის პირობებში, გეგმაც არ წარმოუდგენია. ჩატარებული ტესტირების მოცულობა დღითიდღე მცირდება. 15 სექტემბერს 13 000 ტესტია ჩატარებული, ხოლო დღეს ბოლო მონაცმეებით ჩატარებული ტესტების რაოდენობა მხოლოდ 6 000 შეადგენს. არ ვიცით რატომ? ამაზე არ საუბრობენ. ფაქტია არ აქვთ ტესტების მარაგი და აწყობილი მართვის სისტემა. ეს შექმნილ კრიზისზეც მეტყველებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მთავარი პრობლემა და ყველაზე დიდი რისკი ჯერ კიდე წინ გველის, თუ კოვიდ ინფექციის დროული გამოვლენა არ მოხდა, ვირუსი კიდევ უფრო გავრცელდება და დიდი მასშტაბები გველის. სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი გარდაცვლილი გვეყოლება და ამ ყველაფერზე ხელისუფლების მხრიდან რეაქცია ნულია. სრული ჩავარდნაა დაავადების მართვასთან დაკავშირებით, ტესტები არ ტარდება, არც კი ვიცით უკვე რამდენ ადამიანს აქვს კორონა ვირუსი და რამდენით მეტი ინფიცირებულია ქვეყანაში. ვეკითხები პრემიერ გახარიას, რატომ არაფერი არ გააკეთეთ და რატომ გამოგვკეტეთ მთელი გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში? დღეს, როცა გვიმტკიცებენ, რომ თურმე საქართველოს ტესტირება არ სჭირდება და მასობრივი ტესტების გარეშე აკონტროლებენ ვირუსის გავრცელებას, ეს არის აფსურდი, რადგან თუ დიაგნოზი არ დავსვი ვის უნდა უმკურნალო?, " - აცხადებს გიორგი ვაშაძე და მიაჩნია რომ მოქმედი პრემიერი მისგან სწორედ ამ მწავევე კითხვებს გაურბის და დებატებზე უარი თქვა.
"სწორედ ამიტომ არ მოდის დღეს ბატონი გახარია დებატებში, მას ეშინია - დაგროვილ კითხვებზე პასუხები არ აქვს. ახლა კი, სრულ აფსურდებს გვეუბნებით, თითქოს არჩევნების შემდეგ გადააქვს მთავრობას საზღვრის გახსნის საკითხები. გეკითხებით, სახელმწიფოს რა სამოქმედო გეგმა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს გადარჩენისთვის? ჯერ კიდევ მაისში გავუგზავნეთ დოკუმენტები, თუ რა უნდა გაკეთებულიყო მაისში, ივნისში, ივლისში და აგვისტოში, მაგრამ მათ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგეს, რადგან ფულის კეთებით იყვნენ დაკავებულები. სრული უყურადღებობაა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, ახალი რეგულაციები შემოაქვთ და ვისზეც ეს ვრცელდება მათ ეუბნებიან, რომ არაფრით დაეხმარებიან. ბატონო გახარია, ამ ხალხს იმ 5 მლრდ-დან უნდა დაეხმაროთ, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმა გამოგვიყვეს, რომლის თქვენს ჯიბეში წაღება გინდათ და არც ერთი კაპიკი არ გსურთ, უმძიმეს ვითარებაში დარჩენილ ადამიანებს მოახმაროთ. რეალურად გიორგი გახარიას ეშინია, მას არ აქვს პასუხი იმ მოპარულ მილიონებზე, რომელიც „ქართული ოცნების" ფულისმკეთებელმა გუნდმა ჯიბეში ჩაიდო. დღეს 22:30 საათზე ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს ფულის მკეთებელთა გუნდიდან ვინც არ უნდა მოვიდეს, " - აცხადებს ვაშაძე.