ოფიციალურად:

ოფიციალურად: "ნაპოლი" ტექნიკური წაგებით დასაჯეს და ერთი ქულა დააკლეს

იტალიურ „ნაპოლის“ სერია A-ს მესამე ტურში „იუვენტუსთან“ თამაშზე გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური წაგება (0:3) ჩაეთვალა და სატურნირო ცხრილში 1 ქულა დააკლეს.

„ნაპოლის“ „იუვესთან“ მატჩამდე ორი ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ტურინში კამპანიის რეგიონის ჯანდაცვის უწყების განკარგულებით არ ჩავიდა, რითაც სერია A-ს ოფიციალური პროტოკოლი დაარღვია.

დებულების თანახმად - თუ გუნდს 10-ზე მეტი ინფიცირებული ფეხბურთელი არ ჰყავს და შეუძლია თამაშზე მინიმუმ 13 ფეხბურთელი გაიყვანოს, მაშინ ვალდებულია, რომ ითამაშოს. ცხადია, „ნაპოლის“ ასეთი საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონია. შედარებისთვის, „მილანმა“ განვლილ ტურებში უპრობლემოდ ითამაშა მიუხედავად იმისა, რომ ორი ფეხბურთელი ჰყავდა დაინფიცირებული, მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

ამრიგად, სატურნირო ცხრილში ახლა „იუვენტუსს“ 7 ქულა აქვს, „ნაპოლის“ კი საწყისი ორივე მატჩის მოგების მიუხედავად - 5.