სსფ-ს პროგნოზით საქართველოს ექნება ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მკაფიო მხარდაჭერააა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. კერძოდ, საუბარია 5.5%-ზე, რაც პოსტპანდემიურ ვითარებაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გათალისწინებით არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. „საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები გვიჩვენებს, რომ საქართველომ შეძლო და მინიმუმამდე დაიყვანა ის მოსალოდნელი ეკონომიკური დანაკარგები, რისი საფრთხეებიც არსებობდა გლობალური ეკონომიკური ვარდნიდან გამომდინარე“, - წერს თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე, რომელზეც მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების საპროგნოზო ინფორმაცია შეაფასა.
ექსპერტის განცხადებით, სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს მთავრობა საკმაოდ კარგად ართმევს თავს კრიზისულ მენეჯმენტს, როგორც ჯანდაცვის ასევე ეკონომიკური პროცესების მართვის კუთხით. „საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც სავალუტო ფონდმა გამოუყო ფინანსური დახმარება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მხარდაჭერის მიზნით. ფონდი, ასევე პროგნოზირებს, რომ მომდევნო წლებში ადგილი ექნება ვალის შემცირების ტენდენციას, რაც მის ანგარიშში პოზიტიურად არის აღნიშნული. ცალსახაა, რომ გაზრდილი საერთაშორისო რისკების ფონზე, რაც მომდინარეობს კოვიდ 19-დან, საქართველოს მთავრობა კრიზისული სიტუაციების მენეჯმენტს მაღალ დონეზე ახორციელებს, რაზეც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და დასკვნები მეტყველებს,“ - აღნიშნა ექსპერტმა