საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიერ „ტვ პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით მეგის ქარდავა საქართველოში არ დაბრუნდება და წარსული აღარ უნდა დაბრუნდეს.
“არავითარი მეგისი არსად აღარ დაბრუნდება, წერტილი უნდა დავუსვათ ამას, წარსული აღარ დაბრუნდება”, - განაცხადა უგულავამ.
მეგის ქარდავა უგულავას განცხადებას საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოეხმაურა:
„არ ვიცი რა იგულისხმა უგულავამ, მაგრამ თუ ის გულისხმობს რაიმე თანამდებობაზე ჩემს დაბრუნებას, მინდა დავამშვიდო იგი და სხვებიც, რომ არანაირ თანამდებობაზე დაბრუნებას არ ვაპირებ და არც არანაირი სურვილი არ მაქვს, ხოლო რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მე აუცილებლად დავბრუნდები, რადგან ვიყავი, ვარ და ვიქნები: „მუდამ საქართველოს ქომაგი!!!“
რა „საქმეებიც“ არუნდა „შეკერონ“ ჩემს მიმართ, ყველას მოტივი იქნება ერთი: „ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე", ვინაიდან სხვა მოტივი არც არასოდეს მქონია და არც მექნება. უგულავა კი, ყოველთვის „ბიუჯეტის ვირთხა" -დ დარჩება, რომელიც მზადაა ყველა გაწიროს საკუთარი „ტყავი"-ს გადასარჩენად“, - წერს ქარდავა.
ცნობისთვის, 2017 წელს სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მაღალჩინოსანს მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე პატიმრობა მიუსაჯა. მას დაუსწრებლად ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის დამნაშავედ სცნეს 144-ე და 138-ე მუხლებით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობასა და წამებას გულისხმობს.
მეგის ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 9 საქმეა აღძრული. აქედან შვიდი ადამიანების წამებას ეხება. მას ბრალი მკვლელობებშიც ედება.