მე გარკვეულწილად, ზოგიერთი მაშინდელი ჩემი კოლეგის მიკიბ-მოკიბული პოზიცია ძალიან არ მომწონს. ჩვენ უნდა გავერკვეთ, ხომ არ იქნა ვინმეს მიერ, მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოყენებული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „ქრონიკაში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ დანაშაულზე დაწყებულ გამძიებაზე საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილის ნათქვამი არ მომწონს. ამბობს, მე ახლა შეიძლება რამე დამაბრალოს მინისტრის მოადგილე მანჯგალაძემ-ო. მე არ მინდა პოლიტიკური კომენტარების გაკეთება და იურიდიულ დასკვნას ნამდვილად არ გავაკეთებ, მაგრამ ეს პოზიცია მიკვირს იმდენად, რამდენადაც ასეთი აბსურდის დაბრალება შეუძლებელია. ჰგავს რაღაცნაირად თავის მართლების პოზიციას. მე ვერც დავადებ ხელს სააკაშვილს, მაგრამ არც დავაფარებ ხელს, არცერთ შემთხვევაში“, - აღნიშნა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული რუკები და დოკუმენტები და დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.