საყვარელიძე: ერთმანეთთან დებატები დღეს არც „ოცნებას“ აწყობს და არც „ნაცმოძრაობას“

საყვარელიძე: ერთმანეთთან დებატები დღეს არც „ოცნებას“ აწყობს და არც „ნაცმოძრაობას“

რატომ არ ტარდება წინასაარჩევნო დებატები „ქართულ ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა მონაწილეობით და თუ არა პოლიტიკური დებატების არარსებობა ამ პარტიების რეიტინგზე? პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ასეთ დებატებს იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუკი მათ რეიტინგებს შორის მცირე სხვაობა იქნებოდა. ბოლო კვლევებისას დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე კი, საყვარელიძის აზრით, დღეს არც „ოცნებას" აწყობს და არც „ნაცმოძრაობას".

„მეეჭვება რეიტინგზე რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს დებატებმა, რადგან დებატებით მაყურებლის დაინტერესება რთულია. ასევე თვითონ მონაწილე მხარეები როგორ მოიქცევიან, ამაზეა დამოკიდებული.

„მაგალითად, ტრამპმა და ბაიდენმა ისეთი დებატები ჩაატარეს, რომ ამან დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რადგან ერთმანეთის გინების მეტი არაფერი გაუკეთებიათ და შესაბამისად, ამან მათ რეიტინგებზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა. ვეჭვობ, რომ ანალოგიური სურათი იქნება აქაც, მითუმეტეს „ნაციონალებსა" და „ოცნებას" შორის.

„ამიტომ დებატების ხარისხს აქვს მნიშვნელობა. სხვა შემთხვევაში რეიტინგზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს იმავე მიზეზით, რის გამოც ასეთი აგრესიული სახის დებატებმა ვერ მოახდინა გავლენა ამერიკაში.

„საერთოდ, დებატებში უდიდესი როლი აქვს მასმედიას. აუცილებელია, რომ ჟურნალისტი იყოს სოლიდური და პროფესიონალი და მან უნდა გამოავლინოს ინიციატივა. სამწუხაროდ, ასეთი არავინ ჩანს. მაგრამ, თუკი ნეიტრალური მედიასაშუალებიდან ჟურნალისტი დებატეში გამოიწვევს მხარეებს, ამ შემთხვევაში შეიძლება მისი ჩატარება ღირებული აღმოჩნდეს.

„მასმედიის როლის დებატებში, ამ მიმართულების თუმცა ტრადიცია და ინიციატივა არ არსებობს საქართველოში. ამიტომ საეჭვოა მხარეები ჩაებნენ დებატებში.

„არის კიდევ პოლიტიკური მოტივი. პოლიტიკური პარტიის ინტერესი არის მაშინ, როცა კონკურენტები ერთმანეთთან ახლოს არიან და შეიძლება მცირედ, მაგრამ უპირატესობა მისცეს ერთ-ერთს და ეს საბოლოო შედეგში აისახოს. მაგრამ როცა კონკურენტები დაშინებულები არიან თუნდაც ერთმანეთით ან რეიტინგებით, იქ უკვე მცირე, 2-3%-იანი სხვაობა, რასაც დებატები გამოიწვევს, არც ერთი და არც მეორე მხარის ინტერესში არ არის. ამ ყველაფერს აქვს თავისებური პოლიტიკური მოტივები და სწორედ ამიტომ პარტიები თავს არ იკლავენ ერთმანეთთან დებატებით," - ამბობს „რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძე.