სამწუხაროდ, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, ხელს არ შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციის გაძლიერებას და შესაძლოა დააზიანოს კიდეც მოლაპარაკებების დროს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ოცეულის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრის დადგენა, ეს არ არის მათემატიკური ამოცანა, როდესაც რაღაც მოცემულობა გვაქვს და ავტომატურად გამოვიყვანთ ჯამს.
„საზღვრის დადგენა, ეს არ არის მათემატიკური ამოცანა, როდესაც გვექნება რაღაც მოცემულობა და ავტომატურად გამოვიყვანთ ჯამს. ეს არის მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა. მათ შორის, ერთ-ერთი ფაქტორი არის კარტოგრაფია და რუკები, რომლებიც არსებობს. ასევე არსებობს სხვა გარემოებებიც, მაგალითად ისტორიული ძეგლები, რომელი სახელმწიფოს კულტურული ძეგლებია განთავსებული სადაო ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ფაქტორია ასევე ოფიციალური განცხადებები, მათ შორისაა რეაქციები გარკვეულ ქმედებებზე, როდესაც სახელმწიფო ამკვიდრებს რაღაც ტერიტორიაზე თავის ყოფნას და რა საპასუხო რეაქცია აქვს ამაზე მეორე სახელმწიფოს. სამწუხაროდ, განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, ხელს არ შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციის გაძლიერებას და შესაძლოა დააზიანოს კიდეც მოლაპარაკებების დროს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეს არის მოლაპარაკებები, რომელიც ბევრი ფაქტორისაგან შედგება და ჩვენ საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი არგუმენტი შესაძლოა იყოს განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო დროს ამ მიმართულებით გააქტიურებულია ჩვენი სახელმწიფო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს დავით გარეჯთან დაკავშირებით არსებული რუკები და დოკუმენტები და დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ამყარებს საქართველოს პრეტენზიებს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიაზე.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.