ნეიმარმა რონალდოს გადაასწრო, არგენტინამ ბოლივიაში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

ნეიმარმა რონალდოს გადაასწრო, არგენტინამ ბოლივიაში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

სამხრეთ ამერიკაში 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი გრძელდება და მეორე ტურმა საინტერესოდ ჩაიარა. ორი მთავარი ამბავი მოხდა - ნეიმარის ჰეთ-თრიქი და არგენტინის ნაკრების ნანატრი გამარჯვება ლა პასში, ზღვის დონიდან 3 700 მეტრზე...

არგენტინას ბოლივიის ნაკრები სტუმრად ბოლოს 2005 წლის 26 მარტს დაემარცხებინა. არც ამჯერად უჩანდა პირი, რომ ლიონელ სკალონის გუნდი უსიამოვნო სერიას დაასრულებდა, რადგან აგებდა. 24-ე წუთზე მარსელო მორენომ თავური დარტყმით დააწინაურა ბოლივიის ნაკრებმა, რომელმაც უპირატესობა ტაიმს ბოლო წუთამდე შეინარჩუნა. მაგრამ, მასპინძელთა მცველის დაუდევარი მოქმედების შედეგად ლაუტარო მარტინესმა გათანაბრება მოახერხა. „ინტერის“ შემტევმა თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე საგოლე პასიც მიითვალა. ლაუტარომ ხოაკინ კორეას კარგი პასი გაუკეთა და „ლაციოს“ თავდამსხმელმა გამარჯვების გოლი გაიტანა. შედეგად, არგენტინის 15-წლიანი მოუგებელი სერია ბოლივიაში დასრულდა.

ბრაზილიის ნაკრებს ლიმაში პერუსთან ნამდვილი დრამა გადახდა. 4:2 - ერთი შეხედვით დამაჯერებელი ანგარიშია, მაგრამ ასე არ ყოფილა. უფრო მეტიც, პერუს ნაკრები ორჯერ უგებდა „სელესაოს“ ანდრე კარილოსა და რენატო ტაპიას გოლებით. თუმცა, ორჯერვე ბრაზილიამ გაათანაბრა. ჯერ ნეიმარმა პენალტი დაარტყა ზუსტად, მერე რიშარლისონმა იხეირა. ბრაზილიელები ამ მატჩში პირველად 83-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ნეიმარმა მეორე პენალტი შეასრულა ზუსტად. „სელესაოს“ ლიდერმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თამაშიდანაც გაიტანა. ჰეთ-თრიქი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ნეიმარი შესრულებული ჰეთ-თრიქით ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდითა შორის მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ პელეს ჩამორჩება, რომელმაც თავის დროზე ნაკრებში 77 გოლი მიითვალა.. ნეიმარის ანგარიშზე კი ახლა 64 გოლია და ლეგენდარულ რონალდოს გადაასწრო (62 გოლი).

კიტოში, ეკვადორის ნაკრებმა ურუგვაის ძალიან ადვილად აჯობა. „სელესტე“ თავის თავს არ გავდა და 0:4 ნადგურდებოდა. 84-ე და 90-ე წუთებზე ლუის სუარესმა ორი პენალტი გაიტანა და ურუგვაი სამარცხვინო წაგებისგან იხსნა. თუმცა, შედეგზე ცხადია გავლენა ვერ მოახდინა და ეკვადორის ნაკრებმა ურუგვაის 4:2 აჯობა, რითაც შესარჩევ ციკლში პირველი ქულები დააგროვა.

საოცრად დაძაბული გამოდგა სანტიაგოში ჩილესა და კოლუმბიის დაპირისპირება. ორივე გუნდი მიზანს ფინალურ ეტაპზე მოხვედრას სამართლიანად ისახავს და ყველა ქულა ძვირფასია. ჯეფერსონ ლერმას სწრაფი გოლით კოლუმბია დაწინაურდა და ზუსტად ნახევარი საათი იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმი მანც წააგო. არტურო ვიდალმა პენალტით გაათანაბრა, რასაც მალევე ალექსის სანჩესის გოლი მოჰყვა და ჩილელები წინ გავიდნენ. ჩილეს ნაკრები ახლოს იყო 3 ქულასთან, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რადამელ ფალკაომ კოლუმბია წაგებას გადაარჩინა. კიდევ ერთი მატჩი ვენესუელასა და პარაგვაის შორის გაიმართა და სტუმრებმა 1:0 მოიგეს.

ორი ტურის თავზე 6-6 ქულით ბრაზილია და არგენტინა ლიდერები არიან. კოლუმბიამ და პარაგვაიმ 4-4 ქულა მოიპოვეს, შემდეგ მოდიან ეკვადორი და ურუგვაი (3-3 ქულა), ჩილე და პერუ (1-1 ქულა), ხოლო ბოლო ორ ადგილზე უქულოდ ვენესუელა და ბოლივია იმყოფებიან.