უკვე თვე-ნახევარია, მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მისმა გულშემატკივარმა იცის, რომ ნინი ბროდვეიზე მიუზიკლ "კაბარესთვის" კასტინგზე წავიდა ამერიკაში. 2 იანვარს მომღერალმა სოლოკონცერტიც ჩაატარა ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში. კასტინგის შედეგზე, ამერიკულ ცხოვრებასა და იქაურ სახალისო და გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ნინი თავად გიამბობთ.
ნინი, როგორ ხარ, როგორ ჩაიარა "კაბარეს" კასტინგმა?
- კასტინგში გავიმარჯვე. რამდენიმე მონაწილე აგვარჩიეს და ხვალიდან გვეწყება ექვსთვიანი მასტერკლასები ერთ-ერთ თეატრში ბობი ქვაინთან.
თვე-ნახევარია ამერიკაში ცხოვრობ. მოგვიყევი რას საქმიანობდი, როგორ გაატარე ეს პერიოდი უჩვენოდ?
- (იღიმის) ძალიან მომენატრეთ ყველა. ბროდვეიზე თეატრ "ემემეისიში" მქონდა საქველმოქმედო კონცერტი სოსო თოლორაიასთან ერთად. მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარეთ. მქონდა საქველმოქმედო კონცერტი ჩიკაგოში ერთ-ერთი მონასტრის დასახმარებლად. ამავე ტიპის კონცერტი გავმართე ფილადელფიაშიც.
როგორ მიგიღეს ამერიკელმა მელომანებმა?
- კარგად. 2 იანვარს სოლოკონცერტი გავმართე კლუბ "მონაკოში". დამებედა კონცერტი. კმაყოფილი წავიდა ხალხი. მეორე სოლოკონცერტი 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მაქვს დაგეგმილი. მიწვევები მაქვს ფილადელფიაში, ჩიკაგოში. ერთი ფრანგი დიჯეი, ფრენკ დონა დაინტერესდა ჩემით. სურს, ერთად გავაკეთოთ სინგლი. ვნახოთ რა იქნება. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს, რომელსაც ჯერ არ ვამხელ, მაგრამ პირობას გაძლევთ, ექსკლუზივს "რეიტინგს" მივცემ.
ნინი, ვინ კურირებს ამერიკაში შენს კონცერტებს, პროდიუსერი თუ გყავს?
- ოფიციალური კონტრაქტი არავისთან მაქვს. ჩემი მენეჯერიც, მეგობარიც, ძმაც და ყველაფერი ამერიკაში არის სოსო თოლორაია.
ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
- ჩემი შვილი. ოჯახის წევრებთან სკაიპის საშუალებით ვკონტაქტობ. მარი მართობს, მიმღერის, ცეკვავს, მიკითხავს ლექსებს, რომლებიც ისწავლა, თავის ნახატებს მაჩვენებს, უკვე დიდი გოგოა და შეგნებული, იცის, დედიკო იმიტომ წავიდა, რომ მარიმ კარგად ისწავლოს, ლამაზი კაბები და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეს. არ წუწუნებს, არ ტირის და ამით მეც მაძლიერებს.
ქართული სამზარეულო არ გენატრება? რას მიირთმევ მანდ?
- გამწარებულ დიეტაზე ვარ, ფაქტობრივად, არაფერს გეახლებით. ჩემს ფოტოებს თუ გადახედავთ "ფეისბუქზე", მიხვდებით რა დღეში ვარ. მარტო სალათებს ვჭამ და წვენებს ვსვამ. ყოველგვარი ცომეული და ტკბილეული ამოვიღე კვების რაციონიდან. დავდივარ ფიტნეს-კლუბში, სადაც 2-3 საათი ვვარჯიშობ. საღამოს დიდხანს ვსეირნობ ფეხით.
ვისთან ცხოვრობ?
- ჩემს მეგობრებთან. ცოლ-ქმარი ზურა და ნინო ჯერ კიდევ საბერძნეთში გავიცანი. შვილიც ჰყავთ, ლუკა, მომავალი კალათბურთელი. ზურაც მსახიობობს. ხათუნა იოსელიანის ქართულ დასშია. "თეთრი ბაირაღებისთვის" ემზადებიან. 28 იანვარს არის პრემიერა. ერთი სიტყვით, საამაყო ქართული ოჯახია.
ნინი, ერთი სახალისო სტატუსი ვნახეთ "ფეისბუქის" შენს კედელზე, "გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა". როგორ გავიგოთ?
- (ხარხარებს). რაღაც დამემართა, გარდატეხა მოხდა ჩემში. დავიწყე ქართული ანდაზების გახსენება. ყველა სიტყვაზე, ამბავზე ანდაზა მახსენდება. უკვე ანდაზებით ვლაპარაკობ. ჩემი მეგობარი ნიკა ხაჩიძე ოფიციალურად მთხოვს, ანდაზების კრებული გამოვცე.
გიჟსა და ქალაქს რაც შეეხება, ერთ ამბავს უკავშირდება, რომელიც აქ გადამხდა თავს. ბრუკლინში ვცხოვრობ და თითქმის ყოველდღე მანჰეტენზე მიწევს წასვლა იმიტომ, რომ იქ არის ყველა ის ობიექტი, სადაც დავდივარ. გზაში მინიმუმ 2 საათი მჭირდება. ერთ-ერთ მასტერკლასზე
მივდიოდი. 2 საათი ვიყავი გზაში, ხელში რუკა მეჭირა. 9 მეტროსადგური გამოვიცვალე. ახლაც ზეპირად მახსოვს მისამართი. 211-ე ავენიუ, 92-ე ქუჩა. შევდივარ და ვკითხულობ, აქ არის თეატრი? თან ვხედავ, რომ ეს შენობა არანაირად არ ჰგავს თეატრს. ფოსტაა აქო, მითხრეს. ერთი სიტყვით, იმ მისამართზე მივედი, საიდანაც იმეილი გამომიგზავნეს მასტერკლასზე მისასვლელად. კიდევ ორი საათი მჭირდებოდა, სწორ მისამართზე რომ მივსულიყავი. ნერვები აღარ მეყო და ჩავაგდე ის დღე. იმ დღეს მოჰყვა ჩემი სტატუსიც. იმ დღიდან ტელეფონში შევიყვანე რუკა, რომელიც მიადვილებს ქუჩებისა და შესაბამისი ტრანსპორტის პოვნას.
რით განსხვავდება ამერიკული მეტრო ქართულისგან?
- გაგიკვირდებათ და, აქაური მეტრო ძალიან ბინძურია. ვირთხები დარბიან, თუმცა ყველა მეტროსადგურს ეს არ ეხება. სხვადასხვა კატეგორიის ხალხს შეხვდები აქ მეტროში. დილაობით ძალიან გამოპრანჭულ ქალბატონებს, ბიზნესმენებსაც კი შეხვდები, იმიტომ რომ პიკის საათებში ისეთი საცობია, მეტრო საუკეთესო გამოსავალია გადასაადგილებლად. ბომჟებსაც ნახავ მეტროში. ყველაზე მაგარი ის არის, რომ არავინ არავის უყურებს და ერთმანეთისკენ თითს არ იშვერენ.
და არავინ არავის ცნობს..
- რომც გცნობდნენ, არ შეიმჩნევენ. იმ დღეს დევიდ ბექჰემი ვნახე ერთ-ერთ კლუბში და არავინ აქცევდა ყურადღებას. მე მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც შევიმჩნიე, კინაღამ გული გამისკდა, ისე ახლოს იყო.
გამოელაპარაკე?
- თვითონ გამომელაპარაკა, უკაცრავადო მითხრა და გვერდზე გამწია. უნდოდა, რომ გაევლო. რომ მივხვდი, ვინც იყო, ნეტავ არ დამეთმო გზა-მეთქი, ვიფიქრე (იცინის). მეტროთი დადის ტიერი ანრი, ბექჰემი შეგიძლია ნახო დილით "ცენტრალ პარკში" მორბენალი. ჯეი ზი ვნახე "ბრუკლინ ნეტსის" თამაშზე, თორნიკე შენგელიამ დამპატიჟა ამ თამაშზე და ჩემ წინ იჯდა ჯეი ზი. ამ დროს ჯობია, შეურაცხადს არ დაემსგავსო, ჩვეულებრივად უნდა მიიღო. პრინციპში, ასეა საქართველოშიც. არავინ იჭრის ვენებს ნინი შერმადინის დანახვაზე. არავინ არავისზე მეტი არ არის არც მანდ და არც აქ.
ენის ბარიერი მანდ არ გექნებოდა, ვიცი, რომ კარგად ფლობ ინგლისურს. სხვა მხრივ თუ აღმოჩენილხარ უცნაურ და უხერხულ სიტუაციაში?
- 3 დეკემბერს მიუზიკლ "ოცნების გოგონების" კასტინგზე მივედი. ვხედავ, რომ ასი შავკანიანი კონკურენტია და მე ერთი ვარ თეთრი. მოგეხსენებათ შავკანიანების მუსიკალური მონაცემები. ერთი კი ვიფიქრე, ხომ არ ჯობია, გავტრიალდე და წავიდე-მეთქი, მაგრამ ის 2 საათი დამენანა, გზაში რომ გავატარე და დავრჩი. მკითხეს, "იუნიონის" წევრი ხარო? ეს არის ორგანიზაცია, სადაც მსახიობები და მომღერლები ერთიანდებიან. ორგანიზაცია სამუშაოს შოვნის მიზნით გაგზავნის სხვადასხვა კასტინგზე. უარი ვუთხარი, ავუხსენი, რომ ვიყავი საქართველოდან და ცოტაოდენი ჩემ შესახებაც ვუამბე.
მანდ იციან საქართველო თუ ისევ ჯორჯიის შტატი ჰგონიათ?
- ზოგმა იცის, ზოგმა - არა. ამათ იცოდნენ, გამიმართლა. ვზივარ და ვხედავ, რომ ამ შავკანიან გოგონებს, "იუნიონის" წევრებს, ყვითელ ფურცლებს აძლევენ. მე კიდევ მხოლოდ სახელი და გვარი დამაწერინეს განსხვავებულ ფურცელზე. აღმოვაჩინე, რომ ნოტები მეც უნდა მქონდეს სიმღერის, რომელიც უნდა შევასრულო, რადგან აკომპანიატორმა უნდა დამიკრას. სამი ქუჩის იქით იყო მაღაზია. ვირბინე ქუსლებით და როგორც იქნა, ვიყიდე, დავუბრუნდი დისლოკაციის ადგილს და მესმის სიტყვა "სიქსთინ ბარს", სიქსთინ კი ვიცი, რომ 16-ია მაგრამ ეს "ბარს" არ გამიგია აქამდე. მოვიდა ჩემი რიგი, როგორც იქნა, შევედი შიგნით. რას იმღერებო, მკითხეს. "ვან ნაით ონლი", ვუპასუხე. კარგია, მაგრამ "სიქსთინ ბარს" უნდა ამოგებეჭდაო, მითხრეს. ეს "სიქსთინ" კი გავიგე, მაგრამ "ბარს" თუ მეტყვით რა არის, სიამოვნებით ამოვბეჭდავ-მეთქი, ვუთხარი. მოკვდნენ სიცილით. იქაც მოვყევი ვინ და საიდან ვიყავი, რომ ევროპაში არ არის ამერიკული მუსიკალური ტერმინოლოგია. აქ დო, რე, მი, ფა, სო, ლა, სი არ აქვთ. აქ ეი-ბი-სი-თი, ანუ ანბანის მიხედვით არის ნოტები. აქ "სი"-დან იწყება ოქტავა. "ლა"-ს ჰქვია "ეი", "სი"-ს - "ბი" და ა.შ. "ბარს" რაც შეეხება, ყოფილა ტაქტი. გამიმართლა და ჟიური კარგად განეწყო ჩემ მიმართ. მითხრეს, იმღერე და ჩვენ გაგაჩერებთო. ვიმღერე და ჟიურის ორი წევრი, მათ შორის ერთ-ერთი, ბობი ქვაინი, ფეხზე ადგა და ტაში დამიკრა. ბობიმ მითხრა, შენ საოცრება ხარ, გვიხარია, რომ გიპოვეთ და კეთილი იყოს შენი მობრძანებაო. ამ კასტინგიდან 13 შეგვარჩიეს.
როგორც მივხვდი, მხოლოდ "კაბარეს" კასტინგისთვის არ ჩასულხარ ამერიკაში...
- სულ ახლახან "ჩიკაგოს" კასტინგზე ვიყავი და პასუხს ველოდები.
როგორც ვხვდები, ჯერჯერობით ძირითადად საქველმოქმედო კონცერტებზე გამოდიხარ. პირადული კითხვა უნდა დაგისვა, რით ცხოვრობ მანდ?
- 2-ში სოლოკონცერტი მქონდა, რომელშიც ჰონორარი ავიღე. მუშაობა დავიწყე საკმაოდ პრესტიჟულ რესტორან "პასაჟში". ვინც ამერიკაშია ნამყოფი, ყველას ეცოდინება ეს რესტორანი. კვირაში ერთი დღე ვმღერი აქ. ღმერთმა ხელი მომიმართა, არ მიმატოვა.
ინტერვიუს ბოლოს ხომ არაფერი დაგრჩა სათქმელი ჩვენთვის?
- კი, დამრჩა, ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს მინდა მოვეფერო. "ფეისბუქზე" მათ სტატუსებს ვკითხულობ და გული მტკივა. თიკა ჯამბურიამ დაწერა ამას წინათ - "რამდენი ბოროტი ადამიანია, დავიღალეო". მინდა ვთხოვო ყველას, რომ არ დაიღალონ, პირიქით, უნდა გაძლიერდნენ და სტიმული იპოვონ საკუთარ თავში. მე არც ერთზე მეტი არ ვარ. უბრალოდ, მთელი ცხოვრება მჯეროდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავი ვიქნებოდი. მარტო იმიტომ არა, რომ განდიდების მანია მჭირს და პირველობა მინდა, არა, ვიცოდი, რომ როცა ამას მივაღწევდი, ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი ჩემი კოლეგებისთვის, ბავშვებისთვის, ეკლესია-მონასტრებისთვის, კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა მე მჭირდებოდა და არავინ მეხმარებოდა.
იღბლიანია ნინი შერმადინიო, ამბობენ. იღბლიანი კი არა, მიზანდასახულია შერმადინი და ღმერთის სჯერა, სასწაულების სჯერა. საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ საღამოზე რომ ვთქვი, თუ გამიმართლებს, პატრონი გეყოლებათ-მეთქი, არ იყო ეს ემოციით გამოწვეული ფრაზა. მართლა გულით ვთქვი და დარწმუნებული იყვნენ, რომ მე სიტყვას ვასრულებ. გვერდით დავუდგები ჩემს პატარა ნიჭიერ ბავშვებს, "ანა-ბანაში" რომ გამოდიან, "ახალი ხმის" მონაწილეებს, ლუკა ზაქარიაძეს, რომელმაც საერთოდ გადამრია. არც ვიცნობ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ის რომ აქ ამერიკაში ნახონ, ბევრს მიაღწევს. არც ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო: სალომე ქათამაძე, ნუკრი მენთეშაშვილი, ნინი ცნობილაძე, ეკა დოლიძე, გიორგი ჩიქოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი კობაიძე. თითოეულ მათგანზე ვფიქრობ, ყველა გულში მყავს. ოღონდ რამეს მივაღწიო და გამიმართლოს და მათ გვერდში ვარ. დიდი მადლობა თქვენ, ჟურნალისტებს, რომ ხართ და მომეცით საშუალება, მათ ეს სიტყვები ხმამაღლა ვუთხრა.