ხშირად გვესმის ცინიკური შეფასებები, რომ კორონავირუსის 30 შემთხვევაზე ქვეყანა ჩაკეტეს, ხოლო 400-ზე მეტ შემთხვევაზე სკოლები გახსნეს...
ვირუსის მასშტაბურმა გავრცელებამ იმდენად დაზაფრა ჩვენი საზოგადოება, რომ მათ დაავიწყდათ, როგორ ემადლიერებოდნენ ინფექციონისტებს ვირუსის გავრცელების პირველ სტადიაზე, როცა ლამის მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, მწვანე ზონის სტატუსს ვინარჩუნებდით.
დღეს უკვე „სამი მუშკეტერის“ რეიტინგზე რომ არაფერი ვთქვათ, საინტერესოა, „ქართული ოცნების“ და, კონკრეტულად, გიორგი გახარიას რეიტინგი კორონაპანდემიის მეორე ეტაპზე რამდენად შეიცვალა?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნოდ, რომ იტყვიან, ყველაფერი „მოსულა“ და ჩვენს საზოგადოებაშიც კიდევ არაერთი ცინიკური განცხადებები გაკეთდება იმის შესახებ, რომ 30 შემთხვევაზე თბილისი ჩაკეტეს და 400 შემთხვევაზე მეტის დროს სკოლები გახსნეს. ანალიტიკოსის აზრით, სრულიად გასაგებია ეს განწყობა, რადგან, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ეს არავისთვის არ არის სასიამოვნო ინფორმაცია, ყველა შეშინებული და დაზაფრულია და, ბუნებრივია, ადამიანები ხელისუფლებისგან ელოდებიან ქმედით ზომებს, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს.
„იმის გამო, რომ ეს ციფრები ჯერჯერობით არ მცირდება, უკმაყოფილება, გარკვეულწილად, გადადის ხელისუფლებაზე. ბუნებრივია, ხელისუფლების რეიტინგზე არც თუ დადებითად აისახება, მაგრამ არა მგონია, ხელისუფლებაზე რაღაცით განაწყენებული ხალხი უცებ ოპოზიციისკენ გაიქცეს. ამით ოპოზიცია ტყუილად ხარობს, ის ხმები არ წავა ოპოზიციური პარტიებისკენ, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ კორონაპანდემიის ამ ეტაპზე როგორია პრემიერის რეიტინგი, ეს არის ძალზე ხორკლიანი კითხვა გიორგი გახარიას მისამართით დასმული, რადგან რა გამოდის, შენ ჩიტს შეუშინდი და არწივს არ შეუშინდი?
პოლიტოლოგის განმარტებით, მართლაც, რამდენიმე ათეული შემთხვევა როცა იყო, მაშინ ჩაკეტეს ყველაფერი, თბილისიდან გასვლა არ შეიძლებოდა, თბილისში შემოსვლა არ შეიძლებოდა, ახლა კი ხან 578 შემთხვევაა, ხან მეტია, ხან ოდნავ ნაკლები, ხვალ შეიძლება იყოს 600 და 700 შემთხვევა, მაგრამ ახლა არაფერი იკეტება.
„მაშინ ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ იმ დროს მსოფლიოში ისეთი განწყობა იყო, ყველა კეტავდა ქალაქებს და მანაც ჩაკეტა. რა გამოდის, შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ, თუ რასაც სხვა აკეთებს, იმას იმეორებ? კი ბატონო, ჩინეთში თუ 1000 და 2000 ათასი კაცი მოკვდა, ეს ტრაგედიაა, მაგრამ სად მილიარდნახევრიანი სახელმწიფო და სად 3-მილიონიანი ქვეყანა? თანაც, მე არ ვიცი, თუკი იმ პერიოდში ჩაკეტვები და საგანგებო მდგომარეობა ეფექტური იყო, მაშინ ეს „მუშკეტერები“ რა შუაშია? გამოდის, მაშინდელი მთელი ტაში და ვაშა გახარიას ეკუთვნოდა, რომელმაც ყველაფერი ჩაკეტა და არა „მუშკეტერებს“. ახლა ყველაფერი გაიხსნა და მე ვერ ვხედავ მკურნალობას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.
ამასთან, პოლიტოლოგი დიდ პატივისცემას უცხადებს ჩვენს ექიმებს, მაგრამ იმასაც დასძენს, რომ კახა კალაძემ საპატიო მოქალაქის სიგელები რომ გადასცა ქართველ ექიმებს, რატომ იყო თენგიზ ცერცვაძე პირბადის გარეშე?
„არ ვიცი, შეიძლება ხანდაზმულია და პირბადე სუნთქვას უშლის. თუკი პარიზში, ლონდონში სოლიდური ჯარიმებია შემოღებული ქალაქში ნიღბის გარეშე სიარულზე, ჩვენთან რატომ არ არის ასეთი რამ? ნუთუ ჭინჭის ნიღბებიც გამოგველია? პირველად როცა ჩაკეტეს თბილისი, კომენდანტის საათს ხუთი წუთით თუ გადააცილებდი, ხელად ჯარიმას გამოგიწერდნენ, ახლა კი ქალაქში ხალხი დადის და ყოველი ათი კაციდან ერთს უკეთია ნიღაბი. ქალაქების მეორედ ჩაკეტვას არ ვემხრობი, მაგრამ ნიღბების ტარებას და ჯარიმებს ვემხრობი. შედით მაღაზიებში, ზოგს უკეთია ნიღაბი, ზოგს მხოლოდ ნიკაპზე აქვს ჩამოჩაჩული, ზოგს მკლავზე უკეთია ლენტივით. ეს ყველაფერი საბოლოოდ „ოცნების“ რეიტინგზე აისახება. თუმცა ყველაფრის პანდემიაზე დაბრალება არ შეიძლება, მანამდეც არ იყო კარგი ცხოვრება და ლარის გაუფასურება პანდემიით არ დაწყებულა. კონკრეტულად, როდის დაიწყო ლარის გაუფასურება, სოსო ცინცაძის აზრით, ეს ნებისმიერმა ქსენია დიასახლისმა იცის.