დავით გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა კირიონი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული, - ამის შესახებ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასულიერო პირს ივერი მელაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით ისეთ რუკებს აჩვენებდა, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არ წარმოადგენდა.
„ის ადასტურებს, რომ უშუალო შეხება ჰქონდა ივერი მელაშვილთან. ამ დროს მოწმე იხსენებს ერთ ეპიზოდს, როდესაც ხდებოდა რუკების გაცვლა, მოწმემ შეამჩნია, რომ მელაშვილის მიერ წარმოდგენილ რუკაში საქართველოსთვის საზიანო პოზიციები იყო წარმოჩენილი. სასულიერო პირს ივერი მელაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით შეგნებულად აჩვენებდა ისეთ რუკებს, რომლებიც საერთოდ საქართველოს ინტერესებს არ წარმოადგენდა. ის აღნიშნავდა, რომ მას არ გააჩნდა 200 000 რუკა. საკითხისადმი დაინტერესებული პირის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ყველა ინფორმაცია მიწოდებული იყო, რომ არ ყოფილიყო სწორი ინფორმაცია მიწოდებული. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების ამოღების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი ყველა რუკა, შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოიყენა, რომ ჩვენ, გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.