იტალიის სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალური შეხვედრა „იუვენტუსი“ - „ნაპოლი“ ჩაიშალა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ნეაპოლური კლუბი ტურინში საერთოდ არ ჩავიდა. ტურინელებმა პროტოკოლი ბოლომდე დაიცვეს და დათქმულ დროს მოედანზე გავიდნენ, თუმცა სტუმარი კლუბის გამოუცხადებლობის გამო შეხვედრა არ შედგა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისგან თამაშის გადადებას ითხოვდა, რადგან მათ გუნდში ორი კოვიდინფიცირებული ჰყავთ, თუმცა რეგლამენტის მიხედვით ნებისმიერი კლუბი, რომელსაც განაცხადში მინიმუმ 13 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია, თამაშზე უნდა გამოცხადდეს, რის გამოც „ნაპოლის“ თხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„იუვენტუსი“ - „ნაპოლის“ შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება ან „ნაპოლის“ ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლება.