ევროკავშირის შესაძლო პასუხი სეპარატისტულ რეგიონებს

ევროკავშირის შესაძლო პასუხი სეპარატისტულ რეგიონებს

ბრიუსელი – საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, ევროკავშირი არსებითად ნაციონალური სახელმწიფოების კავშირია, და ასეთად დარჩება ევროკავშირის კანონმდებლობის რადიკალურ ცვლილებამდე, რაც, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მოსალოდნელი არ არის.

ამის დამადასტურებელი უკეთესი ფაქტი არ არსებობს, თუ არა ის, რომ ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების მიუხედავად, ევროპარლამენტი (ერთადერთი, ევროპელი ხალხის მიერ უშუალოდ არჩეული ინსტიტუტი) მთელ ამ ინსტიტუტებს შორის ყველაზე სუსტია.

როდესაც ფინანსური და სუვერენული ვალის კრიზისმა, ევროკავშირის არსებობას საფრთხე შეუქმნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესმა საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან უმალ ნაციონალური წარმომადგენლობებისკენ გადაინაცვლა.

მაგალითად, ბერძნებმა ყველაზე უკეთ იციან ის, რომ სწორედ ევროჯგუფი და ევროკავშირის საბჭო (და არა ევროკომისია) წყვეტს საბოლოოდ შეუწყვიტონ თუ არა მათ მხარდაჭერა და გარიყონ თუ არა ისინი ერთიანი სავალუტო სისტემიდან.

მაგრამ, როდესაც მათი ნაციონალური სახელმწიფოების მთლიანობას საფრთხე ემუქრება, ევროკავშირი ვერ ახეხებს უსაფრთხოდ დისტანცირებას იმ მოვლენებისგან, რომელსაც ადგილი აქვს ფლანდრიაში, კატალონიაში ან შოტლანდიაში.

სეპარატისტული მოძრაობების ბოლოდროინდელი გააქტიურება, რომელიც კრიზისს მოჰყვა, ბრიუსელს მრავალმხრივი პრობლემების წინაშე დააყენებს.

პირველ რიგში, ევროპულმა რეგიონებმა, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვიან, უკვე დაიწყეს შემაშფოთებელი შეკითხვების დასმა: მიმართავს თუ არა შოტლანდია ევროკავშირს წევრობის მოთხოვნით, თუკი მისი ხალხი 2014 წლის რეფერენდუმში მხარს დაუჭერს დამოუკიდებლობას? ჩამოართმევენ თუ არა კატალონიის მცხოვრებლებს ევროკავშირის მოქალაქეობას, თუკი ესპანეთისგან გამოყოფის გადაწყვეტილებას მიიღებენ?

როგორ იმოქმედებს ევროკავშირი, თუკი მას ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო უსაფრთხოების მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მის „ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრება“ დამოუკიდებლობისათვის მოძრაობის ფორმით?

მარტივი სამართლებრივი სიბრძნეა, რომ თუკი ევროპის წიაღში ახალი სახელმწიფო იბადება, მან გაწევრიანების პროცესი სრულად უნდა გაიაროს და ბლოკის ყველა წევრის მხარდაჭერა უნდა მიიღოს მანამ, სანამ კლუბის წევრი გახდება.

ლისაბონის შეთანხმების თანახმად, ევროპის მოქალაქეობა დამატებით ახლავს წევრი ქვეყნის მოქალაქეობას. მაგრამ არ ღირს ნაჩქარევი დასკვნის გამოტანა, თითქოს ამ შემთხვევაში „პრობლემა გადაჭრილია“; სათანადოდ უნდა შეფასდეს მთელი სირთულე ისეთი უპრეცედენტო სამართლებრივი და პოლიტიკური მოვლენისა, რომელშიც ძალადობრივი განვითარების შესაძლებლობა გამორიცხული არ არის.

ისტორიამ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ცხადყო, რომ გამოყოფის პროცესებს დომინოს ეფექტი აქვს.

იმ შემთხვევაშიც, თუკი ევროკავშირი შეძლებდა ცალკეულ მსგავს ინციდენტთან (მაგალითად, შოტლანდიის შემთხვევაში) გამკლავებას პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით, მსგავსი მოვლენების გამეორების პოტენციური შესაძლებლობა ბასკეთში, კატალონიაში, სამხრეთ ტიროლში, ფლანდრიაში, ელზასელების და კორსიკელების საფრანგეთში, პოლონელების ლიტვაში, ფრიზების ნიდერლანდებში და მუსლიმების ჩრდილო-აღმოსავლეთ საბერძნეთში, კავშირის მთლიან დესტაბილიზაციას მოახდენდა.

დღესაც კი, სეპარატისტული მოძრაობებისადმი შიში სერიოზულ გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკის რეალიზებაზე.

მაგალითად, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ხუთი – კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი უარს ამბობენ კოსოვოს აღიარებაზე – იმის შიშით, რომ ეს წაახალისებს სეპარატისტულ მოძრაობებს მათი ქვეყნების შიგნით.

სიტუაცია განსაკუთრებით რთულია კვიპროსში, ევროკავშირის ერთადერთ ისეთ წევრ ქვეყანაში, რომელიც გაეროს თანახმად, ნაწილობრივ უცხოური (თურქული) ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

ნებისმიერი ევროპული რეგიონისთვის ევროკავშირის თანხმობა გამოყოფაზე, კვიპროსის ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი კუნძულის იურიდიული გაყოფისთვის.

ისეთ ნაკლებად რთულ საქმეებშიც კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია, შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე ევროკავშირის თანხმობა კიდევ უფრო გააღრმავებს განხეთქილებას ლონდონს და ბრიუსელს შორის.

მაშ, როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა? პირველ რიგში, უნდა შეინარჩუნოს გრილი დამოკიდებულება. სეპარატისტული მოძრაობები შეუქცევადი არ არის. მაგალითად, საზოგადოებრივი კვლევები ცხადყოფს, რომ შოტლანდიაში მკაფიო უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენას.

ესპანეთში, გამოკითხვების თანახმად, კატალონიელებს რეფერენდუმის ჩატარება უნდათ, მაგრამ მათი აზრი იყოფა ისეთ საკითხზე, როგორიცაა – მხარი დაუჭირონ თუ არა დამოუკიდებლობას. ფლანდრიელი ნაციონალისტები, როგორც ჩანს, კონფედერაციას უფრო ემხრობიან, ვიდრე სრულ გამოყოფას.

ევროკავშირმა გამოყოფილი რეგიონების სამართლებრივ სტატუსზე მკაფიო პოზიცია უნდა გამოიმუშაოს – ხალხმა, რომელიც დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, დასაბუთებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

შოტლანდიასა და კატალონიაში, როგორც ჩანს, განწყობა ისეთია, რომ ევროკავშირის მიღმა დარჩენა – გამოყოფის წინააღმდეგ სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია.

ევროკავშირის ნაციონალურმა სახელმწიფოებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ რეგიონებს შორის საშემოსავლო უთანასწორობა შეამცირონ.

უმრავლეს შემთხვევაში, ასეთი სეპარატისტული მოძრაობების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მათ ხალხს მობეზრდა ან ცენტრალური მთავრობის ან ღარიბი რეგიონების „სუბსიდირება“. უფრო ეფექტური იქნებოდა ევროკავშირის სტრუქტურული ფონდების გამოყენება ღარიბი რეგიონების განვითარების მხარდაჭერისთვის, რაც ხელს შეუწყობდა სეპარატიზმის საფრთხისგან ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს გადარჩენას.

დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ლისაბონის შეთანხმების რევიზიის პროცესი ევროკავშირის 2014 წლის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყება. დღემდე ევროზონის ან ევროკავშირის დაშლასთან დაკავშირებული არცერთი პროგნოზი არ გამართლდა.

კრიზისმა დააჩქარა ევროპული გაერთიანების პროცესი თითქმის ყველა მიმართულებით – ფისკალური, ფინანსური, პოლიტიკური. რადგან ევროკავშირი უფრო მეტი ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, მის რეგიონებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უფრო ძლიერი როლი უნდა მიენიჭოს.

გერმანიის შემთხვევა (ყველაზე წარმატებული ფედერალური სახელმწიფო ევროკავშირში) იმის ნათელი მაგალითია, რომ ძლიერი რეგიონული მართვა და ფედერალიზმი აბსოლუტურად თავსებადია. მეტიც, რეგიონული თვითმმართველობა გერმანიაში ფედერალურ სტრუქტურებს დემოკრატიულ ლეგიტიმურობას აძლევს.

foreignpress.ge