„პრაქტიკული დარგები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ შეიძლება ჩაკეტონ“

„პრაქტიკული დარგები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ შეიძლება ჩაკეტონ“

„შეიძლება, სახელმწიფომ თქვას, ჩვენ ვუფრთხილდებით ადამიანებს, მათ შორის, მაგისტრებისა და დოქტორანტების ჯანმრთელობას, მათ არ დავაბრკოლებთ და დიპლომებს უმტკივნეულოდ მივცემთო, მაგრამ მაგისტრები და დოქტორანტები აცხადებენ, ჩვენ არ გვინდა ამ გზით აღებული ხარისხი, ჩვენ გვინდა სწავლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში, „საქართველოს განათლების ლიგის“ თავმჯდომარე მანანა ნიკოლაიშვილი.

მანანა ნიკოლაიშვილი: დისტანციურად სწავლება არ არის მომგებიანი, მაგრამ ეს ვირუსიც ხომ საშიშია?! ამ შემთხვევაში, ვერ ვუკიჟინებ ხელისუფლებას, რადგან მე თვითონ ბიოქიმიკოსი ვარ და ვიცი, ეს რა საშინელი ვირუსია. რაღაც სისულელეებს რომ წერენ, თითქოს ეს ვირუსი არ არსებობს, ამას, ალბათ, ჩვენი ქვეყნის მტრები აკეთებენ, არ ვიცი, ამას რა კატეგორიის ხალხი აკეთებს. დისტანციური სწავლება არ არის კარგი, მაგრამ რა უნდა ვქნათ, როდესაც მომაკვდინებელი ვირუსია? ბავშვებისთვის არ არის მომაკვდინებელი, მაგრამ მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მომაკვდინებელია. სხვათა შორის, ის ბავშვიც ვერ გადაიტანს ამ ვირუსს, ვისაც აქვს ზემო სასუნთქი გზების, გულსისხლძარღვთა პრობლემები, ან რაიმე ქრონიკული დაავადება. მასობრივად ამ ვირუსის გავრცელება ძალიან საშიშია.

ქუთაისის შემდეგ ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელშიც მოხდა ეპიდაფეთქება და პედაგოგსა და მოსწავლეებს დაუდასტურდათ კორონავირუსი. ამან შეიძლება დააფიქროს ხელისუფლება?

- რა თქმა უნდა, მე მაგალითად, ხელისუფლებას გავუწიე რეკომენდაცია მთელი წელი დისტანციურ სწავლებაზე სკოლების გადაყვანასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში უფრო შეიძლება დაიცვან ჰიგიენის წესები. რა თქმა უნდა, დისტანციურ სწავლებას პირდაპირი სწავლება სჯობს, მაგრამ ვიმეორებ, ზოგიერთი ბავშვისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია, ვისაც სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ან ფილტვების ანთება აქვს გადატანილი, ან ბრონქიტი, ბრონქების ანთება, გულზე გართულებები, თითოეული ასეთი ბავშვის მშობელს ეცოდინება შვილის ავადმყოფობის ისტორია და ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ასე არ არის, თითქოს ყველა ბავშვს არ ერჩის კორონავირუსი, სუსტი ჯანმრთელობის ბავშვი, ვისაც კონკრეტულად ზემო სასუნთქი გზების პრობლემები აქვს, გულის ან რაიმე მძიმე ქრონიკული დაავადებები, ასეთი ბავშვების სკოლაში გაშვება ამ პირობებში არარეკომენდებულია. ასე რომ, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მშობელს დაუტოვა არჩევანი, ან გაუშვას ბავშვი სკოლაში, ან არ გაუშვას, სახლში დატოვოს და დისტანციურად ასწავლოს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, მაგრამ, როდესაც კორონავირუსის ერთი და ორი შემთხვევა ფიქსირდებოდა, გაზაფხულზე რატომ ჩაკეტეს სკოლები და ახლა, როდესაც პიკია და მართლაც შემაშფოთებელია პატარა ერისთვის, მცირერიცხოვანი ერისთვის, რომ კორონავირუსის შემთხვევებმა ყოველდღიურად უკვე 300-ს გადააჭარბა, ამ აფეთქების პერიოდში რატომ უშვებენ ბავშვებს სკოლაში?! ან, თუ არ გაუშვეს ბავშვები მაშინ სკოლაში, რა საჭირო იყო მაისში კომენდანტის საათი? რა საჭირო იყო, რომ მთელი მაისი და ივნისი გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა? თანაც, სწავლების გაცდენილი დრო რატომ არ აღდგა საქართველოში? ეს დრო ჩვენთან არ აღდგა, სხვაგან კი აღდგა, ევროპულ, თუ არაევროპულ ქვეყნებში ყველგან დაიწყეს სწავლა, ახლა კი არა, მანამდეც ჰქონდათ სწავლის დაწყების მცდელობა. უცხოეთისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ადრე ჩაკეტეს სკოლები. ამაში ვერ ვხედავ ლოგიკას. გარდა ამისა, ყველას დაავიწყდა მაგისტრები და დოქტორანტები, რომლებიც არ არიან ჰუმანიტარული პროფილის, ანუ, ვინც არიან საბუნებისმეტყველო დარგის - ბიოლოგები, ქიმიკოსები, ფიზიკოსები, გეოლოგები, გეოგრაფები, ასევე, ინჟინერია, აგრარული მეცნიერებები და სამედიცინო მიმართულების მაგისტრანტები, რეზიდენტები და დოქტორანტები. პრაქტიკული დარგები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არ შეიძლება ჩაკეტონ. პრაქტიკულად, ეს არის ძალიან ხანმოკლე სწავლება, ორ წელზე ცოტა მეტი ხნის პერიოდს მოიცავს და, თუ ახლა ერთი წელიც დისტანციურად გაატარებინეს მაგისტრებს, შარშანდელი წელიც ნახევარზე მეტად დისტანციური ჰქონდათ, რა ცოდნის ხალხი დადგება მათგან? მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაგისტრებმა მომმართეს, ასევე, მომმართეს მაგისტრებმა აგრარული სფეროდან. ძალიან წუხან სტუდენტები, ნუ ჰგონია ნურავის, თითქოს სტუდენტებს არ უნდათ უმაღლესში სწავლა. ასე არ არის, ძალიან ბევრს უნდა სწავლა, მით უმეტეს, მაგისტრები, დოქტორანტები სამეცნიერო ხარისხზე ზრუნავენ. მესმის, შეიძლება სახელმწიფომ თქვას, ჩვენ ვუფრთხილდებით მათ ჯანმრთელობას, მათ არ დავაბრკოლებთ და დიპლომებს უმტკივნეულოდ მივცემთო, ეს ახალგაზრდები კი აცხადებენ, ჩვენ არ გვინდა ამ გზით აღებული მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი, ჩვენ გვინდა სწავლა.

სხვათა შორის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც განიცდიან, რადგან შეუძლებელია სამედიცინო პრაქტიკული მეცადინეობები დისტანციურად გაიარონ.

- სამედიცინოზე პირველ-მეორე კურსზე იმდენად არ აქვთ პრაქტიკები, მესამე კურსიდან ეწყებათ, ანუ მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კურსებზე, პრაქტიკულად, საავადმყოფოებში არიან ეს ბავშვები და, რომ უტარდებათ 45-წუთიანი ლექცია, 6 და 8 საათი პრაქტიკა აქვთ მთელი დღის განმავლობაში. ძალიან კარგად მესმის ამ ვირუსის ვერაგი ბუნება, უმძიმეს შედეგებს იწვევს ორგანიზმში და მე ვერ ვეტყვი ხელისუფლებას, თითქოს ეს ვირუსი არაფერია. კორონავირუსი მოსარიდებელია, მესმის ხელისუფლების, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ათასობით ადამიანის სიცოცხლეზე, მაგრამ არაფერი არ დაშავდება და, როგორც პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით არ არის საშიში, რომ ბავშვებმა სკოლაში გააგრძელონ სწავლა, ასევე, არ არიან საშიში მაგისტრანტები. 12 ათასზე მეტი მათგანი აბარებდა, მაგრამ ზოგი არ გამოცხადდა, 3 ათასამდე ჩაიჭრა, 9 ათასიც კი არ არის უკვე მაგისტრი, რომელმაც ჩააბარა და სწავლა უნდა დაიწყოს. თანაც, ესენი ხომ ყველანი ერთ უნივერსიტეტში არ არიან თავმოყრილნი, ეს ხალხი გადანაწილებულია მთელ საქართველოში რეგიონების მიხედვით რამდენიმე ათეულ უნივერსიტეტში, ძალიან ცოტანი არიან ჯგუფებში, არის სულ რაღაც ორი-სამი კაცი, ათ კაცზე მეტი არც იქნება მთელ რიგ ფაკულტეტებზე. ბიზნესადმინისტრირებასა და სამართალზე შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ დაანაწილონ ისინი მცირე ჯგუფებად. უკვე სწავლა დაიწყო მაგისტრებთან, დოქტორანტებთან და ძალიან შეწუხებულნი არიან. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი გამართულად და რეგულარულად ატარებს ლექციებს და არაფერს არ აფუჩეჩებს, კი ბატონო, უტარდებათ ამ ადამიანებს ლექციები თეორიულად, მაგრამ პრაქტიკული მეცადინეობა არ სჭირდებათ?!