„ყარაბაღის ირგვლივ შექმნილ ვითარებაში საქართველოში მოქმედი ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა.“- აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ანალიტიკოსი ნუგზარ გრძელიშვილი.
მისი თქმით, ნებისმიერი პასუხიმგებლიანი პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებებში უნდა შემოიფარგლებოდეს ორივე მხარისათვის იმის მოწოდებით, რომ დროულად შეჩერდეს საომარი მოქმედებები, შეწყდეს ცეცხლი და ვითარება განიმუხტოს.
„ნებისმიერი პასუხიმგებლიანი პოლიტიკოსი საკუთარ განცხადებებში უნდა შემოიფარგლებოდეს ორივე მხარისათვის იმის მოწოდებით, რომ დროულად შეჩერდეს საომარი მოქმედებები, შეწყდეს ცეცხლი და ვითარება განიმუხტოს .ე.წ. მინსკის ჯგუფის ფორმატში, რომელიც უკვე წლების განმავლობაში მოქმედებს ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით. უნდა გამოირიცხოს ისეთი განხცადებების გაკეთება, რომელიც კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მასთან დაპირისპირებული მხარის მხარდაჭერა. ამ კონტექსტში ყურადღება მიიპყრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს პარლამენტის საარჩევნო კამპანიაში უკანონოდ ჩართული პირის - მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტმა, რომელშიც ის აცხადებს - „მთიანი ყარაბახი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი შეცვლის“. დღეს, უაღრესად გამწვავებული კონფლიქტის პირობებში, ეს განცხადება, ყველა, მათ შორის, მიუკერძოებელი დამკვირებლის მიერ, აღიქმება აზერბაიჯანული მხარის აშკარა მხარდაჭერად. სწორედ ასეთი გამოხმაურება მოყვა სააკაშვილის ამ განცხადებას აზერბაიჯანულ და სომხურ მედიაში.“- განაცადა ნუგზარ გრძელიშვილმა.
ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილის ეს განხცადება პირდაპირაა მიმართული აზერბაიჯანული ეროვნების საქართველოს მოქალაქეების გულის მოსაგებად, რათა მათ ქვემო ქართლის მულტიეროვნულ საარჩევნი ოლქებში მხარი დაუჭირონ ნაცმოძრაობას და მათ მაჟორიტარ კანდიდატებს.
„დასანანია, რომ საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის არაფორმალური ლიდერი ელექტორალური მხარდაჭერის ილუზორული პერსპექტივის სანაცვლოდ საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს უსაფრთხოებასა და მშვიდობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს განცხადება არ არის ნაცმოძრაობის მიერ ე.წ. აზერბაიჯანული კარტის გათამაშების პირველი მცდელობა. რამდენიმე კვირის წინ, ოპოზიციურ ტელეარხებზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ფეიქნიუსს, რომლის თანახმადაც, თითქოსდა, საქართველოს ტერიტორიის გავლით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დიდი რაოდენობის სამხედრო დანიშნულების ტვირთი და შეიარაღება მიიღეს. ამ ფეიქნიუსს ყველა ოპოზიციური ძალა გამოეხმაურა და მას, როგორც უკვე დადასტურებულ ფაქტს წარმოაჩენდნენ. რამდენიმე დღის წინ კი, პირადად პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, რომ მან არ მისცა საქართველოს ტერიტორიის გამოყენების უფლება სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. იმავე ტელევიზიებით, ასევე, სერიოზულად გაპიარდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის პირდაპირ ეთერში გაკეთებული აბსურდული განცხადება თამარის გარდაცვალების ფაქტის ყარაბახის კონფლიქტთან და იარაღით ვაჭრობასთან არსებული კავშირის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანლები, კარგად გაერკვევიან შექმნილ ვითარებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ 31 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიან გარემოში ჩატარებაში. არჩევნების შემდეგ კი - ჩვენი სამშობლოს უსაფრთხო და სტაბილურ განვითარებაში. „- განაცხადა ნუგზარ გრძელიშვილმა.