ძალიან სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ მოხერხდა დაცვა და მოხუცთა თავშესაფარში კორონავიურსმა შეაღწია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთის ქვეყნების, სადაც თავშესაფარში შეღწეულმა ინფექციამ შვედეთში გამოიწვია ძალიან მაღალი ლეტალობა და პრობლემა იყო ის, რომ საავადმყოფოშიც ვერ მიჰყავდათ, აქ საბედნიეროდ ყველა, ვისაც მოხუცთა თავშესაფრიდან დახმარება სჭირდება, გადაყვანილია საავდმყოფოში და ყველაზე მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება უტარდებათ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 13 ბენეფიციარსა და 7 თანამშრომელს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 6192 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 3 120 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 38 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.