სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების მეოთხე დღე და ყარაბაღის კონფლიქტი, რომელიც თავისი მასშტაბით წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით უფრო რთულია. როგორც სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, შესაძლოა, ამ კონფლიქტში მთელი რეგიონის ჩათრევა მოხდეს და სიტუაცია იმაზე რადიკალურად მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა. შესაბამისად ისმის კითხვა - რა სცენარებისთვის უნდა იყოს საქართველო მზად და როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ კონფლიქტში მხარედ არ წარმოვჩინდეთ? მით უმეტეს აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ საქართველომ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა და არ მისცა საშუალება იარაღით დატვირთულ თვითმფრინავს, რომ ჩვენი ქვეყნის გავლით სომხეთში იარაღი შეეტანა. საბოლოო ჯამში, საჰაერო სივრცე რუსებს ირანმა გაუხსნა. რამდენად ხშირი შეიძლება ასეთი შემთხვევები იყოს და ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ სასწრაფოდ უშიშროების საბჭოს შეკრება უნდა მოხდეს და ყველა იმ სცენარისთვის მოვემზადოთ, რომელიც, შესაძლოა, ყარაბაღში დაწყებული კონფლიქტის შემთხვევაში რეგიონში განვითარდეს. უპირველეს ყოვლისა კი, საქართველოს ხელისუფლებამ პირდაპირი განაცხადი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი ქვეყანა არც ერთი ქვეყნისთვის ამ ომის მოსამარაგებლად იარაღს და ნებისმიერ საბრძოლო მასალას არ გაატარებს. ასევე სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, ლტოლვილების მისაღებად და ჰუმანიტარული კორიდორის გასაღებად მზად უნდა ვიყოთ, ხოლო მხარეებს თბილისი მშვიდობიანი მოლაპარაკების ადგილად უნდა შევთავაზოთ.
სამწუხაროდ, შეიარაღებული დაპირისპირების ინტენსიობა არ კლებულობს. სომხურ მხარეს დაღუპულების სახით 90-მდე ადამიანი ჰყავს და ასობით დაჭრილი. აზერბაიჯანული მხარე, ჯერჯერობით, მონაცემებს არ ასაჯაროებს, თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უმეტესად, ჯარს რომელიც შეტევაზეა, მეტი დანაკარგი აქვს.
ამ ეტაპზე, სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება - აზერბაიჯანული მხარე ახერხებს იმ ტერიტორიებისა და სტრატეგიული სიმაღლეების შენარჩუნებას, რომელიც პირველ დღეს ჩაიგდეს ხელთ. სომხური მხარე კი აზერბაიჯანსა და თურქეთს, სირიიდან მებრძოლების შემოყვანაში ადანაშაულებს. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონფლიქტში ის იქნება თუ რუსეთი და თურქეთი ღიად რამდენად ჩაერთვებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი კონფლიქტში ორ შემთხვევაში ჩაერევა: თუ სომხეთს ძალიან გაუჭირდა, ან თუ უშუალოდ თურქული სამხედრო შენაერთები ომში ჩაერთვებიან.
მათივე აზრით, ეს ომი ორივე მხარეს ძალიან ძვირად დაუჯდება და თეორიულად, შესაძლოა, მოლაპარაკებებისკენ უბიძგოთ კიდეც, რომელთა პროდუქტიულობაში, სამწუხაროდ, საიმედო არაფერი იქნება.
ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი და კონფლიქტოლოგი ზურაბ ბატიაშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ თუკი მთიან ყარაბაღში კონფლიქტი რამდენიმე დღეში არ დასრულდა, საქართველო რამდენიმე სცენარის განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. ბატიაშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, საქართველოს პოზიცია ამ კონფლიქტში მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა იყოს და არანაირი ფორმით არ უნდა ჩაერიოს.
ნეიტრალური პოზიცია კი სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში უნდა შეინარჩუნოს. რაც შეეხება ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორების მოთხოვნას რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა, ასეთი იქნება. თუმცა, ყველაზე საშიში, საჰაეროსგან განსხვავებით, სახმელეთო კორიდორი იქნება, რომელიც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგით დასრულდეს არა მხოლოდ ერთი და ორი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის.
„საქართველოსთვის სიტუაციის განვითარების რამდენიმე სცენარი უნდა არსებობდეს და ამაზე უშიშროების საბჭომ უნდა იმუშავოს, რა სცენარის დროს საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს. მოხდეს გარკვეული გეგმის და სამოქმედო სტრატეგიის დასახვა. საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და ამ დოკუმენტში ყველა ის საფრთხე უნდა იყოს გაწერილი, რომელიც, შესაძლოა, ქვეყანას გარედან ემუქრებოდეს. მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული კარგად გაწერილი გეგმა გვჭირდება. ჩვენი სხვადასხვა უწყებები, ვინ როდის რას აკეთებს, თუკი კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.
რაც შეეხება რუსეთის ორმაგ თამაშს ამ კონფლიქტში, ანალიტიკოსი ამბობს, რომ დაპირისპირების გაღვივების მთავარი მონაწილე კრემლია, რომელიც დღესაც ისევ ძველი სცენარით მოქმედებს. ბატიაშვილი ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება რაც შეიძლება დაძაბული სიტუაცია იყოს და კონფლიქტში მასზე დამოკიდებულება გაიზარდოს. ხოლო არც ერთ ქვეყანას მის იქით წასასვლელი გზა აღარ დარჩეს.
„ღმერთმა არ ქნას, რომ ეს კონფლიქტი გაგრძელდეს და მალე არ დასრულდეს. ეს რეგიონისთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, დამღუპველი იქნება და სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. ეკონომიკურად რეგიონის გაკოტრება მოხდება, რადგან არც ერთ ინვესტორს ინვესტიციის ჩადება არ მოუნდება. ეს კი მთლიან რეგიონს დიდი ხნით უკან დაწევს. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ჩაერევა, აზერბაიჯანს და სომხეთს კონფლიქტის გაღვივების საშუალებას აღარ მისცემენ“, - ამბობს ბატიაშვილი for.ge-სთან.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად რუსეთს ჩვენი საჰაერო სივრცე იარაღის სომხეთში გადასატანად არ დაუთმო, საკმაოდ სწორი ნაბიჯია. რუხაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ამ კონფლიქტის დროს, საქართველოს ტერიტორიას ვერც ერთი ქვეყანა იარაღის მომარაგებისთვის ვერ გამოიყენებს და ჩვენ ნეიტრალური პოლიტიკა გვიჭირავს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიან და რეგულარულ სახეს მიიღებს, ასეთი დახმარება როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს დასჭირდება. საქართველო კი, აქ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ ამ სივრცეში იარაღის გამტარი არ გახდეს. ამით უნებურად საკუთარ თავს დავაზიანებთ, რადგან კონფლიქტში კონკრეტულ მხარედ წარმოვჩინდებით.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საჯარო განცხადებაც უნდა გააკეთოს და თქვას, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ომისთვის განკუთვნილ იარაღს არც ერთი ქვეყნისთვის არ გაატარებს. რაც შეეხება, რუსეთის მხრიდან ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნის მოთხოვნას, ცოტა შორეული სცენარია, თუმცა ყველაფრისთვის მაინც მზად უნდა ვიყოთ. ეს საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ომს მივიღებთ და ეს დაპირისპირება ყარაბაღის ტერიტორიას გასცდება. მაგალითად ერევანმა ბაქოს დაარტყას ან კიდევ პირიქით.
იმედი მაქვს, რომ ამ მდგომარეობამდე საქმე არ მივა და დანარჩენი მსოფლიო ამ კონფლიქტზე აქტიურად რეაგირებს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში ასეთი აუცილებლობა შეიძლება დადგეს - ჩვენ ქვეყანას ლტოლვილების მიღება მოუწიოს ან ჰუმანიტარული დერეფანი გაკეთდეს საქართველოს გავლით. ამ ყველა სცენარისთვის სახელმწიფო მზად უნდა იყოს. დღემდე გაკვირვებული ვარ, რომ უკვე რამდენი ხანია ეს პროცესი მიდის და მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომა არ მოუწვევია“,-ამბობს გიორგი რუხაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის ახლა ამ სცენარების განხილვა და მისთვის მზადება მთავარი საქმე უნდა იყოს. რუხაძე აქცენტს იმ გარემოებაზეც აკეთებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების ირგვლივ შესაძლოა განვითარდეს, რომელიც არანაკლები საფრთხის მატარებელია. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საკამოდ სახიფათო მიმართულებაა და ამ მხრივ დიდი ყურადღებაა საჭირო.
„საქართველოში, როგორც ეთნიკური სომეხი, ასევე ეთნიკური აზერბაიჯანული მოსახლეობა გვყავს. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ვიღაცეები შეიკრიბონ, ამ კონფლიქტში მოხალისედ წასვლა მოისურვონ ან გარკვეული ფულადი დახმარება გაგზავნონ. ასევე მათ შორის დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა გარკვეული ძალების მიერ მოხდეს. ამიტომაც საქართველოს შესაბამისი სამსახურები ამ ყველაფრისთვის უნდა მოემზადონ.
სპეცასმსახურები მაქსიმალურად უნდა გააქტიურდნენ და სიფრთხილე გვმართებს. ასევე ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან უნდა შევახსენოთ, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ, რომ ეს გარემოება ვიღაცამ ჩვენს წინააღმდეგ არ გამოიყენოს. მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, მათ პასუხი საქართველოს მოქალაქეობიდან გამომდინარე მოეთხოვებათ და ეს გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს რუხაძე for.ge-სთან.
რაც შეეხება პუტინის განცხადებას, რომ ის მეზობელი ქვეყნების საქმეში არ ერევა, რუხაძე ცინიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ განცხადება განცხადებისთვის არის, რადგანაც რუსეთი ყარაბაღის კონფლიქტის მთავარი მაპროვოცირებელი ძალაა. ის დაპირისპირებაში უკვე ჩართულია და ორივე ქვეყანას აჩვენებს, რომ მის გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება არ მოხდება. ეს კი მას საშულებას აძლევს, რომ რეგიონში სიტუაციის მმართველი კვლავ თავად იყოს და როცა რა დასჭირდება ისე იმოქმედოს. ხოლო კონფლიქტში მონაწილე ქვეყნებს მის გარდა სხვაგან წასასვლელი გზა არ დაუტოვოს.