როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს გააზრებულად, გამიზნულად დაგეგმილი აქვთ პროვოკაციებით მისვლა არჩევნებამდე, ვინაიდან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე თავდასხმას.
„აღმაშფოთებელი ფაქტი მოხდა - თავდასხმა განხორციელდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე, რომელიც თბილისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. როგორც ჩანს, მას უკნიდან დაეჯახნენ, შემდეგ გააჩერეს მანქანა და სასტიკად გაუსწორდნენ. პირველადი ინფორმაციით, დაახლოებით 3 ადამიანი იყო. ამ ყველაფერში, დარმუნებული ვარ, ოპონენტების ხელი ურევია, იმიტომ, რომ მიზანმიმართულად ცდილობენ პროცოკაციის მოწყობას. ჩვენი ოპონენტები წარსულში დაბრუნდნენ და ჰგონიათ, რომ ძალადობრივი გზით მოახდენენ საკუთარ პოლიტიკურ რეაბილიტაციას. ამაზე ჩვენი რეაქცია იქნება, ერთი მხრივ, ჩვენი აქტივისთვის მოწოდება, რომ არ აყვნენ ამ პროვოკაციას, მეორე მხრივ, ცხადია სახელმწიფო და სამართალდამცავი ორგანოები ამაზე უმკაცრეს რეაგირებას მოახდენენ. როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს გააზრებულად, გამიზნულად დაგეგმილი აქვთ პროვოკაციებით მისვლა არჩევნებამდე, ვინაიდან იციან, რომ მათი მარცხი გარდაუვალია“, - აცხადებს სესიაშვილი.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც სამმა პირმა ის სასტიკად სცემა.