როგორც ჩანს, სააკაშვილს ისტორიის თავიდან დაწყება, განმეორება სურს. ბოლნისიდან დაიწყო ქვების სროლით, ქვების სროლა გააგრძელა 2012 წლის არჩევნებზე და ახლა ისევ ფიქრობს, რომ ქვების სროლითვე დაბრუნდება, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არენა“, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„მართლაც სიმბოლური იყო, რომ ახლაც, ბოლნისიდან დაიწყეს თავდასხმა ჩვენს თანამშრომლებზე, რომლებიც ისხდნენ, ჩაის სვამდნენ და იქ მივიდნენ, იქ დაესხნენ თავს. შემდეგ კი, თავს დაესხნენ ჩვენს ოფისს. დღეს იგივე განმეორდა მარნეულშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯერ საარჩევნო კომისიაში მიიჭრნენ და შემდეგ, ჩვენს ოფისში მოხდა მეორე თავდასხმა. თავად ადგილმდებარეობაც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ ვინაა ამის წამომწყები და დამნაშავე ამ შემთხვევაში. როცა ჩვენს ოფისთან მოდიან და იქ იწყება თავდასხმა, უკვე ყველაფერი ნათელია. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია. მათ ძალიან მკაცრად უნდა აგონ პასუხი, არა მარტო ამ ინციდენტზე, არამედ - ნებისმიერ პატარა შემთხვევაზეც. მაგალითად, პლაკატის ჩამოხევაზე... ოფისის მინის ჩამსხვრევაზე, - რაც მოხდა ჩემი ერთ-ერთი ოპონენტის, ხაბეიშვილის შემთხვევაში. ვიღაცამ მისი ოფისის მინა ჩაამსხვრია. აბსოლუტურად ერთნაირად ვუდგები ყველა ადამიანს, თუკი ის ჩადის გარკვეულ გადაცდომას, დანაშაულს, სამართალდარღვევას, მნიშვნელობა არ აქვს, რა კატეგორიით შეფასდება. ქმედების შესაბამისად, ყველამ უნდა აგოს პასუხი.