მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი და ამავე თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი მაყვალა ქასრაშვილი თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საიუბილეო დღეებში მონაწილეობისთვის ჩამოვიდა და ფილარმონიის სცენაზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბრწყინვალე ფორმაშია.
"მაყვალა ქასრაშვილი ბუნებრივი ძვირფასი ქვაა", - ასე შეაფასა მისი შემოქმედება "ლა სკალას" საოპერო თეატრის გენერალურმა დირექტორმა პაოლო გროსიმ.
დიდი თეატრის პრიმადონა კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება.
რით ახსნით, რომ დღეს მსოფლიოში ქართველი საოპერო მომღერლების ბუმია?
- ვფიქრობ, ეს კანონზომიერია. ისეთი ლამაზი და ძლიერი საოპერო ხმები, როგორიც საქართველოშია, მსოფლიოში არსად არის, თვით იტალიაშიც კი. ეს, ალბათ, ბუნებამაც განაპირობა, ჰავამაც და რაც მთავარია, ჩვენმა ნიჭიერებამ. დღეს ქართველი მომღერლები მსოფლიოს პოპულარულ საოპერო სცენებზე ბრწყინავენ. უდიდესი არტისტები: ნოდარ ანდღულაძე, ზურაბ ანჯაფარიძე, მედეა ამირანაშვილი, ლამარა ჭყონია და სხვები, მაინც უფრო ცნობილი იყვნენ როგორც საბჭოთა (და არა ქართველი) მომღერლები. მოგვიანებით, ზურაბ სოტკილავა და მე, უცხოეთში, როგორც რუსი მომღერლები, ისე გავდიოდით. თუმცა 1980-იანი წლებიდან ჩვენზე დაიწყეს წერა, როგორც ქართველ არტისტებზე. ამასთანავე, თბილისის კონსერვატორიაში არაჩვეულებრივი პედაგოგები იყვნენ და დღემდე არიან, ეს მაშინ, როცა იტალიაშიც კი ცოტა თუ დარჩა ვოკალის უმაღლესი დონის პედაგოგი. ასე რომ, ქართველი მომღერლები ხმის ტემბრით, მუსიკალურობით, არტისტიზმით, პროფესიული მომზადებით დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენენ მსმენელზე მთელ მსოფლიოში.
მართლაც გქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში პავაროტის იმპრესარიოსგან შეთავაზება, იქ გაგეგრძელებინათ კარიერა? არ ნანობთ, რომ არ დათანხმდით?
- პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი თეატრის გასტროლებისას ჩავედი, 1975 წელს, ეს იყო დიდი თეატრის პირველი გამოსვლა "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენაზე. იქ სამ საპრემიერო სპექტაკლში ვიმღერე. პირველი ქართველი ვიყავი, რომელმაც "მეტროპოლიტენ ოპერას" სცენაზე იმღერა. ამის შემდეგ, მეორე სეზონზეც მიმიწვიეს, მაგრამ იმხანად საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჯარი შეიყვანა და საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის კულტურული ურთიერთობა შეწყდა, როგორც მერე გაირკვა... 7 წლით!
ამ დროს "მეტროპოლიტენ ოპერის" დირიჟორმა ჯუზეპე მატანემ, თეატრის დირექციამ, ასევე პავაროტის იმპრესარიო ბრეზლინიმ (მან პავაროტის რეკომენდაციით მომისმინა) შემომთავაზეს, დავრჩენილიყავი ამერიკაში, მაგრამ ჩემი მიწა-წყლის, დედის, ახლობლების, ოჯახის დატოვება ვერ წარმომედგინა, ეს ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა, "მეტროპოლიტენ ოპერაში" გამოსვლებისას ლონდონის "კოვენტ გარდენის" მუსიკალურმა ხელმძღვანელმა პოლინ დევისმა მომისმინა და მეორე წელსვე მიმიწვია ინგლისში "დონ ჟუანში" დონა ანას პარტიის შესასრულებლად, შემდეგ ეს პარტია ამ სცენაზე სამი სეზონი შევასრულე. ცოტა მოგვიანებით ევროპის არაერთ სცენაზე ვიმღერე, ხოლო 7-წლიანი პაუზის შემდეგ, 1987 წელს მე და ზურაბ სოტკილავამ ამერიკაში, ნიუ-პორტის მუსიკალურ ფესტივალზე ვიმღერეთ, ჩვენ პირველი მომღერლები-მერცხლები ვიყავით, ვინც საბჭოთა კავშირიდან ჩავედით ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინ რონალდ რეიგანი იყო აშშ-ის პრეზიდენტი, მან დეპეშა გამოგზავნა ჩვენს სახელზე და მოგვესალმა პირველ საბჭოთა მომღერლებს, რომლებიც ამ დაძაბულობის შემდეგ აშშ-ში ჩავედით.
რა ხდება დღეს დიდ თეატრში? კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მას რთული პერიოდი აქვს.
- საერთოდ, ნებისმიერ თეატრს აქვს აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდები. დიდ თეატრში ხშირად იცვლებოდნენ მთავარი დირიჟორები, დირექტორები, რამაც თავისი კვალი დატოვა. 2000 წლიდან მოვიდა ჩვენთან ახალი გენერალური დირექტორი ანატოლი იქსანოვი, დიდი გამოცდილების მენეჯერი, მან თეატრში მოიყვანა ახალგაზრდა მთავარი დირიჟორი, ამ დროს დავინიშნე საოპერო დასის ხელმძღვანელად. დღეს დიდ თეატრს ჰყავს მუდმივი დასი (ზოგიერთი არტისტის შინ გაშვება მოგვიხდა), მაგრამ ამასთანავე, დავიწყეთ უცხოეთში წასული რუსი მომღერლების, ასევე, უცხოელი მომღერლების მოწვევა დიდი თეატრის ახალ დადგმებში. ისინი სიამოვნებით მოდიან, დიდი თეატრი ხომ ისეთივე დონის არის, როგორიც "ლა სკალა", "კოვენტ-გარდენი", "მეტროპოლიტენი", პარიზის ოპერა. ამასთან, თეატრთან სამი წელია დავაარსეთ ახალგაზრდა საოპერო მომღერლების აკადემია, მთელ ყოფილ საბჭოთა სივრცეში, სამწუხაროდ, საქართველოს გარდა (დღემდე ასე იყო), ვეძებთ ტალანტებს და 8 საუკეთესოს ვიღებთ აკადემიაში, სადაც მათ საუკეთესო პედაგოგები ასწავლიან. ამ აკადემიის ხელმძღვანელი დიმიტრი ვდოვინი, რომელიც აღფრთოვანებულია ქართული ხმებით, სულ მეკითხება: რატომ არ უნდა შეგვეძლოს მომღერლების საქართველოდან მოწვევაო?
როგორ აისახა რუსეთ-საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობა თქვენს კარიერაზე?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობაა, ხელოვნების სფეროზე ეს არ ასახულა, საოპერო, თეატრალური ხელოვნების წარმომადგენლების ფართო წრეს ვიცნობ და ამის თქმის უფლება მაქვს. მათ არასოდეს შეცვლიათ დამოკიდებულება ქართველი ხალხისადმი, მისი კულტურის, ლიტერატურისადმი. ვფიქრობ, არც ქართველ ინტელიგენციას შესძულებია პუშკინი და დოსტოევსკი, ჩაიკოვსკი და რახმანინოვი. უკვე 46 წელია რუსეთში ვმოღვაწეობ და აქედან 11 წელიწადი თეატრის საოპერო დასის ხელმძღვანელი ვარ - ამით ყველაფერია ნათქვამი. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში, ამ თვალსაზრისითაც, პოლიტიკა იცვლება და რუსეთთან კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები სახელმწიფოს მიერ არის წახალისებული, ვფიქრობ, ეს ადრეც უნდა მომხდარიყო... მოსკოვიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის თვალს ვადევნებ, ყველა ქართულ ტელეარხს ვუყურებ. როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს შენს ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესები? ამ დღეებში, 11 იანვარს, როცა სრულიად საქართველო პატრიარქის საიუბილეო დღეებს აღნიშნავს, თბილისში ჩამოდის რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ ურთიერთობებში მიხაილ შვიდკოი, ჩამოჰყავს დიდი თეატრის ახალგაზრდა სოლისტი ანა აგლატოვა, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის "ავე მარიას" შეასრულებს. ახალგაზრდა მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი უკვე ამ სეზონზე, დიდი თეატრის სცენაზე "კარმენში" იმღერებს. მჯერა, ყინული ორ ხალხს შორის თანდათან გალხვება.
უბედნიერესი ვიყავი, როცა პაატა ბურჭულაძემ მოსკოვში ყოფნისას (დიდი თეატრის სცენაზე "ბორის გოდუნოვში" მღეროდა) ამ საღამოში მონაწილეობა შემომთავაზა. ჩვენი პატრიარქი უდიდესი ძალაა, რომელიც ერს აერთიანებს, მაშინ, როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი ერს ხლეჩს, აპირისპირებს. ვფიქრობ, კონცერტზე შევძელი პატრიარქისადმი დამოკიდებულების წარმოჩენა, მით უმეტეს, შესანიშნავი პარტნიორის, ბადრი მაისურაძის გვერდით.
რომელმა შობა-ახალმა წელმა დაგამახსოვრათ თავი ყველაზე მეტად?
- ჩემს ცხოვრებაში იყო გამორჩეული შობა. რამდენიმე წლის წინ მოსკოვში, შობა ღამეს, ჩაიკოვსკის ოპერა "ორლეანელი ქალწულის" მსვლელობისას, სადაც ჟანა დ,არკის პარტიას ვასრულებდი, გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: ფინალურ სცენაში ჩემს გმირს კოცონზე წვავენ; სცენის შუაში იყო ამაღლება, მასზე ჯვარი, რომელზეც უნდა დავემაგრებინე, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჯაჭვი აიხსნა და 6 მეტრ სიმაღლეზე, ქვემოდან ამოსული ალის კვამლში, უეცრად წონასწორობა დავკარგე და ჩამოვვარდი, საბედნიეროდ, ღია ორმოდან სულ 5 სანტიმეტრის მოშორებით დავეცი. ხელები ხის ხუნდებში მქონდა და მხოლოდ ერთი ხელი მოვიტეხე... სასწაულებრივად გადავრჩი, ალბათ, შობა დღის მადლმა გადამარჩინა.