„განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა გადააქვს მშობელზე, მაგრამ რამდენად მზად არის მშობელი, აიღოს პასუხისმგებლობა?“

„განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობა გადააქვს მშობელზე, მაგრამ რამდენად მზად არის მშობელი, აიღოს პასუხისმგებლობა?“

საქართველოს რამდენიმე ქალაქში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ამავდროულად, მშობლებს აქვთ არჩევანი, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ასწავლონ შვილებს. თუკი გავითვალისწინებთ კორონაპანდემიის მასშტაბს, რა უფრო გონივრული იქნება -საკუთარი შვილების ონლაინსწავლებას დასთანხმდნენ მშობლები, თუ სასკოლო ოთახებს დაუბრუნონ შვილები?

ამის შესახებ for.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი ესაუბრა.

მუხრან გულიაშვილი: - ზოგადად, ჩვეულებრივ სიტუაციაში მშობელმა შვილი სკოლაში რომ არ მიიყვანოს, ეს იქნება კონსტიტუციის დარღვევა და, აქედან გამომდინარე, ჯარიმაც კი ეკისრებათ მშობლებს. ამ შეკითხვაში საინტერესო ის არის, როდესაც სამინისტრო ამას სთავაზობს მშობლებს და აძლევს არჩევანის უფლებას, ეს ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას და კანონმდებლობით როგორ არის მოგვარებული. თეორიებიდან გამომდინარე, ამ საკითხს რომ შევხედოთ, თითქოს დადებითი მომენტია, რომ არჩევანის საშუალება აქვთ მშობლებს. მაგალითად, ჰონგ-კონგში, სადაც ითვლება, რომ კარგი განათლების სისტემაა, ასეთი არჩევანის საშუალება მშობლებს აქვთ ნებისმიერ სიტუაციაში, კორონავირუსის გარეშეც, ანუ ბავშვებს შინ სწავლების უფლება ეძლევათ. ასეთი რამ დაშვებულია არა მარტო ჰონგ-კონგში, არამედ ბევრ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხელს უწყობენ ზოგადი განათლების ფორმების მრავალფეროვნებას. თეორიულად შესაძლებელია ეს ჩვენთვის კარგიც იყოს. ჩვენ ამის პრაქტიკა არ გვქონია და შედეგებიდან გამომდინარე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ვიმეორებ, თეორიულად შეიძლება კარგიც იყოს ასეთი არჩევანის საშუალება. თუმცა, საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, ეს ხომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიაა.

პანდემია რომ არის, ეს კონსტიტუციაში არ წერია ამ წუთას, კონსტიტუცია შეცვლილიც არ არის, რადგან საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი განათლების ფორმაა, რომ ბავშვი უნდა მივიდეს აუცილებლად სკოლაში და იქ მიიღოს განათლება. იყო ასეთი გახმაურებული შემთხვევა, როდესაც სვანეთში მშობელი არ ატარებდა ბავშვებს სკოლაში და შვილები ჩაკეტა სახლში, ამ ადამიანს ჯარიმა ემუქრებოდა. ის ამბობდა, მე თვითონ მივცემ ბავშვებს განათლებასო, ახლა კი თვითონ სამინისტრო გამოდის ამ ინიციატივით და ეს საინტერესო პრეცედენტია. კანონმდებლობით როგორ ხდება ამის დარეგულირება, ესეც საინტერესო საკითხია.

თქვენ პირადად რას ურჩევდით მშობლებს, ღირს თუ არა სკოლებში ბავშვების გაშვება?

- ზოგადად, პოზიტიურად მიმაჩნია, როდესაც მშობელს არჩევანის საშუალება აქვს. ისე, განათლების სამინისტროს მხრიდან ცოტა ეშმაკური ნაბიჯია, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით, პასუხისმგებლობა გადააქვს მშობელზე. რამდენად მზად არის მშობელი, აიღოს განათლების კუთხითაც შვილზე პასუხისმგებლობა, ეს გაურკვეველია. თუ უსაფრთხოების კუთხით შევხედავთ ამ საკითხს, ჩემთან, ეზოში გავსებულია სტადიონი ბავშვებით, სტადიონზეც ხომ არის ვირუსის გავრცელების წყარო? მაგრამ სკოლა დახურული სივრცეა, რა თქმა უნდა, იქ მომეტებული საფრთხეები არსებობს და ეს უფრო სპეციალისტების შესაფასებელია, სკოლაში უფრო გავრცელდება ვირუსი, თუ გარეთ უფრო გავრცელდება. ამ ფონზე კი სამინისტროს ნაბიჯია ასეთი, მე ორივე კუთხით გადამაქვს პასუხისმგებლობა მშობელზე.

თქვენ ფიქრობთ, რომ მოწაფეების მშობლებს არ შეუძლიათ, სათანადო განათლება მისცენ შვილებს?

- პასუხისმგებლობა როდესაც გადადის მშობელზე, აქ საკითხავია, მშობელს რამდენად შეუძლია ამ პასუხისმგებლობის აღება. მე როდესაც ვახსენე კონკრეტული ქვეყნები, სადაც შინ სწავლებაც დანერგილია და მრავალფეროვანი მეთოდებია, შეიძლება განათლების მომავალიც ეს არის, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და, საერთოდ, ამოღებულიც კი იყოს კონსტიტუციიდან ის მუხლი, რომ მაინცდამაინც სკოლაში უნდა მიიღონ ზოგადი განათლება ბავშვებმა სამომავლოდ, მაგრამ იმ ქვეყნებში მშობლებს საკუთარი განათლებიდან გამომდინარეც უფრო მეტად შეუძლიათ, აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ შვილებზე. ჩვენთან პრობლემა ის არის, თვითონ მშობლებს რამდენად აქვთ ამის ან სურვილი, ან დრო და შესაძლებლობა, თვითონ აიღონ შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა.

განათლების სფეროს ექსპერტები ერთ-ერთ პრობლემად ასახელებენ, რომ ცალკეულ რეგიონებში ბავშვებს კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ. ამდენად, ონლაინსწავლება ხარვეზით მიმდინარეობს.

- სოფლებში ეს პრობლემა უკვე არ იქნება, რადგან სოფლებში უკვე დაწყებულია საკლასო ოთახებში ჩვეულებრივი სწავლება. რაც შეეხება ქალაქებს, აქ ინტერნეტთან წვდომა ექნებათ, მაგრამ აქ უფრო მშობლის პასუხისმგებლობაზეა, რამდენად მზად არიან მშობლები განათლებითა და სხვა კუთხითაც თვითონვე აიღონ თავიანთი შვილების განათლებაზე პასუხისმგებლობა. სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან ეშმაკური ნაბიჯია, როცა გადადის პასუხისმგებლობა მშობელზე. თუმცა, მეორე მხრივ, თეორიულად ეს პოზიტიურია, როცა მეტი არჩევანის საშუალება აქვს მშობელს.

ბაღებში, ალბათ, გაცილებით მეტი რისკია, ვიდრე სკოლებში, რადგან პატარა ბავშვს ნიღაბს ვერ გაუკეთებენ.

- ვერ გეტყვით, შეიძლება ტრანსპორტში უფრო მეტი რისკია, შეიძლება ეზოში, ეს სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, პატარა ბავშვებში ეს ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება პატარა ბავშვი გახდეს ინფექციის წყარო. ჩემი შვილი 2 წლისაა და, რომ შემყავს მაღაზიაში, მასზე არ ითხოვენ პირბადეს. რა თქმა უნდა, პატარა ბავშვებს უფრო ნაკლები თვითდისციპლინა აქვთ და ერთმა აღმზრდელმა 30 ბავშვს ბაღში როგორ უნდა მოსთხოვოს დისციპლინის დაცვა, ეს ნამდვილად რთული იქნება.