გოგი მეშველიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია და პროვოკაციებით ცდილობს საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას

გოგი მეშველიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია და პროვოკაციებით ცდილობს საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურთან მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ სამართალდამცავები ოპერატიულად შეძლებენ ამ ინციდენტის გამოძიებას და ყველა დამნაშავე მხარე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

„ჩვენს მულტიეთნიკურ სააგიტაციო ჯგუფს, რომელიც სოფელ ნახიდურის ტერიტორიაზე სააგიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი. ამ ინციდენტის შედეგად გვყავს ორი საკმაოდ მძიმედ დაზარალებული ახალგაზრდა. ერთ-ერთი მათგანი დღემდე რჩება საავადმყოფოში. რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ამ ჯგუფის ორგანიზატორი და დამფინანსებელი, ჩვენი კოლეგა და ჩემი ოპონენტი, კახა ოქრიაშვილი გახლავთ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად აქეზებს და ორგანიზებას უწევს პროვოკაციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ამ ადამიანებს გააზრებული აქვთ, რომ ამ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნიათ და სწორედ ამ გზით ცდილობენ საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას და მის დელეგიტიმიზაციას.

მინდა, მივმართო ნახიდურში მცხოვრებ თანამოძმეებს: მეგობრებო, არც ერთ თქვენგანს არ ეპარება ეჭვი, რომ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო. როგორც ჩვენი ოპონენტების განცხადებებიდან გამოიკვეთა, ამ პროვოკაციის მიზანია ჩვენ შორის შუღლის ჩამოგდება. მათ არ აინტერესებთ, როგორ შევძლებთ თანაცხოვრების გაგრძლებას მომავალში. არც ერთ მათგანს ბოლნისთან და ნახიდურთან არაფერი აკავშირებს, ისინი არიან შემთხვევითი გამვლელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ მეგობრობას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ და რუდუნებით ვუფრთხილდებოდით, საფრთხე არ დაემუქრება მომავალში და ამ პროვოკაციას არ აყვებით. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ძალიან მალე, ოპერატიულად შეძლებენ ამ ინციდენტის გამოძიებას და ყველა დამნაშავე მხარე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.​