იენს სტონტელბერგი: საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ვიდრე ადრე, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტადაა ალიანსში წარმოდგენილი

იენს სტონტელბერგი: საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ვიდრე ადრე, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტადაა ალიანსში წარმოდგენილი

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ალიანსში სქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასა და თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა.

„საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა რასაც რამდენიმე წელია ახორციელებს რეფორმების კონტექსტში. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების კუთხით, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხით და ბევრი სხვა მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა სასამართლო რეფორმის მნიშვნელობას და დემოკრატიულ ზედამხედველობას უსაფრთხოების ორგანოების ნაწილში. საქართველო ახლაც გადის წინსვლას, მივესალმები კიდევ უფრო მეტ აქცენტს რეფორმებზე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ შეხვედრის დროს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, კარგი ისაა, რომ საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ვიდრე ადრე. „როგორც ვახსენეთ, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტადაა წარმოდგენილი ნატოში. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად.

ახლახანს აქცენტი გავაკეთეთ შავი ზღვის რეგიონზე, საზღვაო პოტენციალის განვითარებაზე, საზღვაო ძალების გაძლიერებაზე, ნატოს და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერაზე, ასევე სასაზღვრო ძალების გაძლიერებაზე. ასევე ვაღიარეთ და შეხვედრისას ვახსენეთ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონი საქართველოსთვის, ნატოსთვის და მისი მოკავშირეებისთვის. ამიტომ მივესალმებით ყველაფერს რასაც ერთად გავაკეთებთ ამ მიმართულებით“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით ალიანსი საქართველოსთან განიხილავს თუ რა ელემენტები უნდა დაემატოს მხარეების თანამშრომლობას. „ეს გულისხმობს ავიამიმოსვლის მონაცემების გაცვლას. ჩვენ უნდა გავცვალოთ ეს ინფორმაცია ავიატრაფიკის შესახებ. ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება და ალიანსის წევრებისთვისაც. და ზოგადად მომავალში არსებითი იქნება ეს რუსეთთან მიმართებით. ერთად ვიმუშავებთ, წვრთნები ჩატარდება და ახლახანს გაცხადდა, რომ ახლაც მიმდინარეობს ეს პროცესი, ესაა ღირსეული პარტნიორობის ფარგლებში. საქართველოსთან ვმუშაობთ არსებითი პაკეტის განახლებაზე. ამდენად ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვაკეთებთ ერთად და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მადლობელი ვართ საქართველოსი იმ ძლიერი ერთგულებისთვის, რომელიც ავღანეთში ჩვენი მისიის ფარგლებში კეთდება. ერთ-ერთი უმაღლესი რანგის წვლილის შემტანია საქართველო ჩვენს მისიებში და ნამდვილად მიგვაჩნია, რომ ეს ერთგულება უნდა შენარჩუნდეს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მისიისთვის და მხარდაჭერისთვის. მივესალმებით მჭიდრო თანამშრომლობას, გვიხარია ის წინსვლა რასაც ქვეყანა ახორციელებს და ველით მოუთმენლად ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებას და ამ მიმართულებით სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოლოდინში ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.