საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის

საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის

„31 ოქტომბერს, საქართველო აჩვენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შესაძლებელია გლობალური პანდემიის ფონზეც, რუსეთის ჩარევის საფრთხის მიუხედავად” - წერს The Hill იანუშ ბუგაჟსკი სტატიაში სათაურით  “საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები შესაძლოა მაგალითი გახდეს დასავლეთისთვის“.

როგორც სტატიაშია აღნიშნული,  არასაიმედო სამხრეთ კავკასიაში, სადაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი აქტიურ ფაზაში გადადის, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში კონფლიქტების გამწვავების ფონზე, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული, რომლის მნიშვნელობა დასავლეთისთვის იზრდება. 

ავტორის თქმით, ქვეყანა განაგრძობს დემოკრატიის კონსოლიდაციას, ეკონომიკურ განვითარებას და ნატო-ს ალიანსში ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლას.

„საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი ეტაპია დასავლური ორიენტაციის მქონე ქვეყნისთვის. ეს დაადასტურა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა რობერტ ო’ბრაიენმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან ბოლო საუბრისას აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაფართოებასთან დაკავშირებით. გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს გადაწყვეტილი აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრისა და ორი რეგიონის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის დაბლოკვას და მისი პოლიტიკური სისტემისა და საზოგადოების დესტაბილიზირებას ცდილობდა. საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ დამოწმებული დემოკრატიული არჩევნები, როგორც წარსულში, ისე ამა წლის ოქტომბერშიც, დაადასტურებს ქვეყნის გამძლეობასა და პროგრესს.

საქართველოს გარშემო არსებული დეზინფორმაციის მიუხედავად, პირველ რიგში რუსული წყაროებიდან, ქვეყანა აგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციას, ეკონომიკურ განვითარებასა და ნატოს ალიანსში თავისი ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლას. არასტაბილურ რეგიონში, როდესაც კონფლიქტები მწვავდება მოსკოვის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში და სომხეთი და აზერბაიჯანი ომის განახლების ზღვარზეა, საქართველო არის სტაბილურობის მნიშვნელოვანი კუნძული, კასპიის აუზიდან ევროპისკენ ენერგიის გამტარი და განვითარებადი სატრანსპორტო და სავაჭრო ცენტრი” - წერს ავტორი.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო Covid-19 პანდემიასთან გამკლავება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელებითა და სიკვდილიანობით, რითაც ქვეყნის მოსახლეობას არჩევნებზე უსაფრთხოდ წასვლის საშუალება მისცა.

აქვე აღნიშნულია, რომ ქვეყანამ სტაბილურად გააერთიანა დემოკრატიული ინსტიტუციები 2012 წელს ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემის შემდეგ.

„საქართველომ  ქვეყნის მასშტაბით ხუთი არჩევნები ჩაატარა - საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივ დონეზე - რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 2017-2018 წლებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დიდი საკონსტიტუციო რეფორმების გატარებას ჩაუდგა სათავეში, რამაც საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად აქცია.

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პარლამენტმა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოთხოვნით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სისტემა ძირითადად პროპორციული გახდა. ეს იძლევა გარანტიას, რომ მომავალ საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენილი იქნება ოპოზიციური პარტიების ფართო სპექტრი. აქამდე პარლამენტი აირჩეოდა შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შესაბამისად, რომელიც უპირატესობას ანიჭებდა ,,ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიებისთვის დაწესებული 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი პარლამენტში შესასვლელად შეამცირებს „ქართული ოცნების“ ხმების წილს და გააფართოებს მომდევნო მმართველ კოალიციას” - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის უნგრეთსა და პოლონეთში, მზარდი ცენტრალიზაციისა და პარტიული მონოპოლიზაციის პერიოდში, იშვიათია რომელიმე მოქმედი პარტიის მიერ ისეთი რეფორმების გატარება, რომლებიც გაზრდის ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო წარმომადგენლობას. რეფორმათა უმეტესობა უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესებას, ოპოზიციის უფლებამოსილების გაძლიერებას და 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნებისთვის ფუნდამენტის შექმნას.

„საქართველოში დემოკრატიული რეფორმების ფონზე, პუტინის რუსეთი კვლავ საფრთხეს უქმნის მის ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკურ განვითარებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და დასავლურ ინსტიტუციონალურ ინტეგრაციას. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი), ოკუპაცია მიზნად ისახავს ქვეყნის დისკვალიფიკაციას ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისგან. ევროკავშირის EUvsDisinfo– ს მონიტორინგმა აჩვენა, თუ როგორ აქვს მიზანში ამოღებული საქართველოს დემოკრატიის დისკრედიტაცია და დასავლური კურსის შეცვლა კრემლის დეზინფორმაციას. რუსული წყაროები ასევე აქეზებენ ექსტრემიზმს სოციალური კონფლიქტის ხელშესაწყობად და საქართველოს ევროპის წინააღმდეგ განსაწყობად. ისინი ამტკიცებენ, რომ დასავლური ფასეულობები გაანადგურებს საქართველოს მემკვიდრეობასა და ტრადიციებს და რომ დასავლური ინტეგრაცია შეასუსტებს მის ეროვნულ იდენტობას. თავდასხმის მიუხედავად, მთავრობა და მოქალაქეთა უმრავლესობა მტკიცედ ინარჩუნებს ტრანს-ატლანტიკურობას. ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევამ, რომელიც ჩატარდა 2020 წლის დასაწყისში, აჩვენა, რომ ნატო-ში ინტეგრაციას მხარს უჭერს 74%, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას - 82%

აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო არის სტაბილური საბაზრო ეკონომიკა, რომელიც სარგებლობს საერთაშორისო ვაჭრობით, ტურიზმითა და ტრანსპორტირებით. იგი მსოფლიო ბანკის 2020 წლის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსის მიხედვით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო Heritage Foundation– ის 2020 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით - მეთორმეტე. საქართველოს მთავრობამ ასევე აიღო ვალდებულება, გახადოს მეტად გამჭვირვალე სამართლებრივი, მარეგულირებელი და საბუღალტრო სისტემები და უფრო მკაცრად შეებრძოლოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებში კორუფციას.

მთავრობამ დაიმსახურა საზოგადოებრივი აღიარება პანდემიასთან გამკლავებისთვის, მაგრამ ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოები, 2020 წლისთვის საქართველოც 5,5% -იანი ეკონომიკური შემცირების წინაშე დგას, რაც პანდემიის ერთ-ერთი შედეგია. ახალი ინვესტიციების მოსაზიდად ადმინისტრაციამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს თავისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის ბათუმისა და ფოთის პორტის ტერმინალების გაფართოებას და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. შავი ზღვა არის სტრატეგიული ხიდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ორ ნაწილს შორის, ხოლო საქართველოს იდეალური მდებარეობა აქვს ევროპასა და აზიას შორის, ვაჭრობის, ტრანსპორტირებისა და ენერგიის კუთხით. საქართველოს უსაფრთხოება არა მხოლოდ სამხედრო განვითარებასა და ნატო-ში გაწევრიანების პროგრესზეა დამოკიდებული, ასევე საერთაშორისო ბიზნესსა და ტრანს-კონტინენტურ ვაჭრობაზე” - წერს ავტორი.

https://thehill.com/opinion/international/518642-georgias-pivotal-elections-could-be-an-example-for-the-west?fbclid=IwAR0iZ-d5DRfz7ilC_4xhUDxAcuAjsLKKNfp7xc1El8oq9Va1MSukdq1cnEs