„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
გუშინ, „ვერდერთან“ საკუთარ მოედანზე 1:3 დამარცხების შემდეგ, გელზერკირხენის კლუბის ხელმძღვანელებმა გადამჭრელ ზომებს მიმართეს და მწვრთნელს კონტრაქტი გაუწყვიტეს.
ორი ტურის შემდეგ „შალკეს“ ჯერ ქულაც არ მოუპოვებია და საშინელი ბურთების შეფარდება აქვს - 1:11-ზე.
ვაგნერმა „ხუმარები“ 2019 წლის მაისში ჩაიბარა, როდესაც გუნდი მეთორმეტე ადგილზე იყო და თავიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდი კარგ შედეგებს აჩვენებდა, თუმცა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი აშკარად გაუარესდა.