ლონდონის „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა და მადრიდის „რეალში“ გატარებული პერიოდი გაიხსენა. აგრეთვე, „ტოტენჰემში“ დაბრუნების შემდეგ ემოციების შესახებ გააკეთა კომენტარი.
„არაფერს ვნანობ, უბრალოდ ვცდილობ ფეხბურთი ვითამაშო. ეს არის ის, რისი გაკეთებაც შემიძლია და ყველაფერი, რასაც ჩემს შესახებ ამბობენ, მე ვერ გავაკონტროლებ. როგორც ვთქვი, არ ვნანობ, რაც გავაკეთე და რასაც სხვები ამბობენ, ეს მთლიანად მათზეა დამოკიდებული. მე ვიცი რას ვფიქრობ და ჩემმა ოჯახმა ზუსტად იცის ვინ ვარ და როგორი ვარ.
ცხადია, ესპანეთში გადასვლისას თავიდან გამიჭირდა, სხვა კულტურა, სხვა ქვეყანა. თუმცა გავიზარდე, როგორც ადამიანი და კიდევ უფრო, როგორც ფეხბურთელი. უბრალოდ საჭიროა გაიგო როგორ გაუმკლავდე სიტუაციებს, რომელშიც ხვდები. „რეალში“ ძალიან დიდი წნეხი იყო, მოედანზე ყოფნის დროს ხალხი გიტვენს, მაგრამ ვისწავლე ამ სიტუაციების გადალახვა და სერიოზულად არ ვუყურებდი. ეს ერთადერთი გზაა, ეს არის ფეხბურთი, მაქსიმუმი უნდა გააკეთო, ზოგჯერ წარმატებას მიაღწევ, ზოგჯერ კი ამას ვერ შეძლებ.
„ტოტენჰემში“ დაბრუნება? შესანიშნავი გუნდია. მას შემდეგ, რაც წავედი, კლბუი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, ახალი სტადიონი აქვს და რა თქმა უნდა, თავად კლუბიც უკეთესია. მინდა, რომ ჩემი დახმარებით გუნდი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. კარგი იქნებოდა, ჩემი დაბრუნება გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე შემდგარიყო, მაგრამ მოუთმენლად ველოდები თამაშს და დარწმუნებული ვარ შესანიშნავი სეზონი გვექნება“, - თქვა ბეილმა.
შეგახსენებთ, გარეთ ბეილი „ტოტენჰემში“ 7-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და „მამლების“ ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.