კელი დეგნანი ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებაზე: IPRM-ის შეხვედრები არის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რომლის შედეგადაც ეს ადამიანი გათავისუფლდა

კელი დეგნანი ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებაზე: IPRM-ის შეხვედრები არის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რომლის შედეგადაც ეს ადამიანი გათავისუფლდა

ძალიან კარგია, რომ უკანონოდ დაკავებულ ადამიანს გამოუშვებენ, იმედი მაქვს, რომ ის კარგად გრძნობს თავს, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების შესახებ საუბრისას.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლდეს. IPRM-ის შეხვედრები არის საკმაოდ ეფექტური მექანიზმი, რომლის შედეგადაც ეს ადამიანი გათავისუფლდა და სხვადასხვა საკითხი მოგვარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე ეს მექანიზმი გააქტიურდეს“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისა და ზაზა გახელაძის ოჯახებს შეხვდა და შეხვედრის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო შეხვედრა ნოემბრის მეორე ნახევარში ჩატარდება, ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის მუშაობა ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით გაგრძელდება. ის უკვე 76 დღეა უკანონოდ არის დაპატიმრებული.

ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევიდან 3 ივლისს გაიტაცეს. 19 ივლისს დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, 21 აგვისტოს კი მღებრიშვილს უკანონო პატიმრობა სამი თვით გაუგრძელდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის „მათ ტერიტორიაზე“ ღამურების შესაგროვებლად გადავიდა.