რომან კაკულია ხაზარაძეზე: მათი გეგმა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩულს ჰგავს

რომან კაკულია ხაზარაძეზე: მათი გეგმა მომავალში დასაწერი წიგნის სარჩულს ჰგავს

გეგმა, რომელიც წარმოადგინეს, ჰგავს ძალიან კარგი, მომავალში დასაწერი წიგნის სარჩულს, რომლის შინაარსიც ჯერჯერობით დაწერილი არ არის და თანაც ალბათ რაღაც განძის კუნძულია, სადაც აღმოჩენილია ის ადგილი, საიდანაც უნდა მოვიდეს ისეთი თანხები, რომლითაც შესაძლებელი უნდა გახდეს იმ მიზნების განხორციელება, რაც იქ წერია, - ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ინიციატივას კერძო იპოთეკარების აკრძალვაზე.

„დღეს დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს გაწერო ის, თუ რა არის გასაკეთებელი. ჩვენი ქვეყნის პრობლემა დიდი ხანია აღარ არის იმის გაგება, თუ რა არის გასაკეთებელი, პრობლემაა - როგორ და რა რესურსებით. ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ სამივე შეკითხვას ერთობლიობაში არ წარმოადგენს, საუკეთესო შემთხვევაში პოპულისტია და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ალბათ ნაკლები აქვს ცოდნა, იმასთან დაკავშირებით, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე კერძო იპოთეკარების აკრძალვის ინიციატივით გამოდიან.

„ეს არის ინიციატივა , რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს უკანონო საქმიანობა კერძო იპოთეკარების, რომლებიც ადამიანებს ართმევენ ქონებებს, ბინებს. შემდეგ ხდება დაქირავებული ე.წ. პოლიტიკოსების მიერ მათი გასაღება, როგორც ბანკირების და ეს უნდა დასრულდეს“, - განაცხდა „ლელოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ.