კელი დეგნანი: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

კელი დეგნანი: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებასა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, ეს ის მოქმედებაა, რომელიც აუცილებლად დააზიანებს საქართველოს არჩევნებს. კარგია ის ფაქტი, რომ საქართველოში არიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს, შესაბამისად, უზრუნველყოფენ ამ პროცესის შესაბამის ანალიზს, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

„ჩვენ, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ამ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ ჩაატარა გამოძიება და გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ შემთხვევებში, რაც აღნიშნული იყო სახალხო დამცველის ანგარიშში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ასეთი ტიპის მოქმედებისგან და ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვთხოვ, რომ გააკეთონ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.