"ახალი ტალღა 2014" საქართველოში ჩატარდება?!

საქართველოს პოლიტ-კულუარებიდან ასეთმა ინფორმაციამ გამოჟონა: ძალიან მალე ახალგაზრდა შემსრულებელთა ფესტივალი "ახალი ტალღა" იურმალადან საქართველოში გადმოინაცვლებს და მას სწორედ ის "ზაფხულის თეატრი" უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით შენდება შეკვეთილშიო.

ვიღაცას შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ლოგიკურად ვიმსჯელოთ: ეს იქნება ევროსტანდარტების საკონცერტო დარბაზი, რომელსაც მოძრავი ჭერი ექნება და კარგ ამინდში სცენად გადაკეთდება. დარბაზი 9 000-ზე მეტ ადამიანს დაიტევს და მას ანალოგი არათუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ევროპაშიც არ ექნება.

დარბაზთან მასშტაბური პარკის გაშენებაც იგეგმება, სადაც მსოფლიოს 7 საოცრება - იმიტირებული პირამიდები, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ზევსის ქანდაკება, ალექსანდრიის შუქურა... იქნება წარმოდგენილი. მშენებლობის დაწყებისთანავე, რამდენჯერმე გაიჟღერა ფრაზამ, რომ დარბაზი განკუთვნილი იქნება იურმალას ტიპის ფესტივალებისთვის, ექნება უმაღლესი დონის საგრიმიორები, კინოდარბაზები, აღიჭურვება უახლესი ტექნიკით, ექნება შესაფერისი აკუსტიკა... და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერსიას, "ახალი ტალღის" საქართველოში ჩატარების შესახებ, არსებობის საფუძველი ნამდვილად გააჩნია. მითუმეტეს, რომ იგორ კრუტოი ოფიციალურ განცხადებაში თავს დებს, რომ პაულსის საორგანიზაციო ჯგუფიდან წასვლა, არ გახდება კონკურსის დახურვის მიზეზი.

სხვათა შორის, საუბარი ფესტივალის იურმალადან გადატანის შესახებ, დაახლოებით, ორი წელია მიდის, რაც ბალტიისპირეთის ტურისტული სააგენტოების აღშფოთების მიზეზი გახდა. აბა, როგორია ამხელა სეგმენტის დაკარგვა? საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იქაურმა ტუროპერატორებმა წერილით მიმართეს პაულსს, გადაერჩინა მათი ბიზნესი და შემოსავლის ეს უშრეტი წყარო, საკუთარი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით არ გადაეკეტა... მაგრამ, როგორც ჩანს, პაულსმა ასაკთან ერთად, კონკურსზე გავლენაც დაკარგა.

მერი გატის ტრუკსნისი იმედოვნებს, რომ ახალგაზრდა შემსრულებლების კონკურსი არ დატოვებს ლატვიას, კულტურის სამინისტრო კი ჯიუტად აცხადებდა, რომ "ძინტარის" საკონცერტო დარბაზი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს და 2013 წლის ზაფხულისთვის სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრებოდა. 

ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე, რამდენიმე ქალაქმა გამოთქვა კონკურსის თავისკენ გადაქაჩვის სურვილი, მათ შორის იყვნენ სან-რემო, მონტე-კარლო, კიევი... სხვათა შორის, 2012 წლის კონკურსს სან-რემოსა და მონტე-კარლოს მერებიც ესწრებოდნენ. ისინი სპეციალურად მიიწვიეს, რათა უფრო ახლოს გასცნობოდნენ შიდა სამზარეულოს.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ 2013 წელს ფესტივალი კვლავ იურმალაში გაიმართება, ოღონდ, ხუთწლიანის მაგივრად, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. ჰოდა, ვადებიც შესანიშნავად ემთხვევა, 2014 წლის ზაფხულამდე წელიწადნახევარია, ამასობაში "ზაფხულის თეატრის" დასრულებასაც მოასწრებენ და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასაც. ისე კი, ურიგო არ იქნებოდა, ეს კულუარული ინფორმაცია რეალობად ქცეულიყო. ამით საქართველოს პრესტიჟი ერთიორად გაიზრდებოდა, ტურიზმიც იხეირებდა და იქნებ ქართველ მომღერლებსაც ესწავლათ რამე. ყოველ შემთხვევაში, სიტყვა "შოუბიზნესის" მნიშვნელობას მაინც გაიაზრებდნენ, რადგან, რამდენიც უნდა ვეძახოთ რუსულ შოუბიზნესს პაპსა, უდავოა, რუსებმა მშვენივრად იციან შოუბიზნესის მნიშვნელობა, კარგ შოუებსაც დგამენ და ბიზნესის კეთებაც არაჩვეულებრივად გამოსდით. სკანდალი რომ სკანდალია, ისე აწყობენ, მთელმა მსოფლიომ გაიგოს. 

რაც შეეხება ოფიციალურ მხარეს, "ახალი ტალღის" წარმომადგენელი საქართველოში, დავით ოქიტაშვილი "ვერსიასთან" საუბარში აცხადებს, რომ ოფიციალურ დონეზე, კონკურსის საქართველოში ჩატარებაზე საუბარი არ ყოფილა:

"ამ ეტაპზე, მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ეს საერთაშორისო დონის კონკურსია და მისი ორგანიზება ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ჯერჯერობით, დარბაზიც არ არსებობს, სადაც ფესტივალის ჩატარებას შევძლებდით. სად უნდა გაიმართოს, ბათუმში? კონკურსი ღია ცისქვეშ უნდა 
ჩატარდეს, იქაური წვიმების ამბავი კი ყველას კარგად მოეხსენება. ერთი უამინდობა და ჩაშლილია ყველაფერი. ასე რომ, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია"...
სამომავლოდ, რა იქნება, არავინ იცის, ოქიტაშვილის განცხადებით, ამჟამად, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საუბარი იყო ღონისძიების სოჭში ჩატარებაზე, მაგრამ ამ შემოთავაზებაზე თავად ორგანიზატორებმა თქვეს უარი. შემდეგ ვარიანტად ნიცა განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ, ისევ იურმალა გადაწყვიტეს. შესაძლოა, ახლა ბევრმა იფიქროს, ნიცას თუ განიხილავდნენ, საქართველო იქამდე ვერასოდეს მივაო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ზაფხულის თეატრს" ანალოგი ევროპაშიც არ ექნება, გაუგებარია, რატომ უნდა თქვან ასეთ "ოფერზე" უარი რუსული "შოუბიზ-მაფიის" წარმომადგენლებმა, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობების დათბობის ტენდენცია ნამდვილად შეინიშნება.

P.S. სტატია თითქმის დასრულებული იყო, როცა ვერსიის წყარომ კიდევ ერთი ნიუსი მოგვაწოდა. როგორც გაირკვა, პაულსსა და კრუტოის შორის მოლაპარაკებები თუ ვაჭრობა კვლავ გრძელდება და არაა გამორიცხული, ლატვიელი მაესტრო წელსაც "ახალი ტალღის" მამად მოგვევლინოს. როგორც ჩანს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დააინტერესებენ მას ფინანსურად.