მიმდინარე წლის სამ იანვარს ცნობილმა ფრანგმა კინომსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო.
ამჟამად დეპარდიე შვეიცარიაში იმყოფება და საკუთარი აწეწილი საქმეების წესრიგში მოყვანას ცდილობს.
ცნობილი გახდა, რომ პოპულარულ მსახიობს საფრანგეთში ციხე ემუქრება. გაგიკვირდებათ და ეს გადასახადების დაფარვის მცდელობასთან დაკავშირებული არ გახლავთ.
გასული წლის ნოემბრის დასასრულს მსახიობი ქალაქ პარიზის პოლიციამ დააკავა. ბატონი ჟერარი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
ამ საქმის ირგვლივ პირველი სასამართლო პროცესი გასული წლის 13 დეკემბერს იყო დანიშნული, მაგრამ დეპარდიეს გამოუცხადებლობის გამო ერთი თვით გადაიდო.
პროცესი გუშინ უნდა განახლებულიყო, მაგრამ ბახუსის მოტრფიალე მძღოლი არც ამჯერად გამოცხადებულა.
ცნობილი გახდა, რომ 64 წლის მსახიობმა საქმე დასაჭერად გაიხადა. ფრანგული მას-მედიის მტკიცებით, გაცემულია ბრძანება, რომ სასამართლოზე გამოუცხადებლობის გამო, როგორც კი საფრანგეთის საზღვარს გადაკვეთავს, ჟერარ დეპარდიეს იმ წუთშივე დააპატიმრებენ და რამდენიმე წლით ციხის საკანში მიაბრძანებენ.