„არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა“

„არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა“

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურაში უკვე დასკვნით ეტაპზეა და საგამოძიებო უწყებაში მკაფიოდ არიან ჩამოყალიბებულები, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და საქმეც სწორედ ამ მუხლით დაიხურება. ამის თქმის მიზეზს ის გარემოებები იძლევა, რომელიც ამ საქმის ირგვლივ ვითარდება. მიუხედავად პროკურატურის დაჟინებული მტკიცებისა, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამის ნათელი მტკიცებულებები გამოძიების თქმით, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებია.

ამის პარალელურად, არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს მტკიცებულებების ფალსიფიცირების და გაყალებების მუხლით, ბრალი წაუყენონ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე, სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია. ფოტოები მიხეილ რამიშვილს „უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის“ ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

მანამდე კი პროკურატურაში ხსენებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები ჟურნალისტებს აჩვენეს. პროკურატურამ ეს ჩანაწერები ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან და youtube არხიდან მოიპოვა. ვიდეო ჩანაწერები მძიმედ საყურებელი და მოსასმენია, ვინაიდან თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს და ის თვითმკვლელობის შესახებ საუბრობს. მედიის წარმომადგენლები 5 ვიდეო ჩანაწერს გაეცნენ.

ორ ვიდეოში თამარ ბაჩალიაშვილი თავად ჩანს. რაც შეეხება სამ ჩანაწერს, მხოლოდ მისი ხმა ისმის. ერთ-ერთ ვიდეოში ბაჩალიაშვილი საუბრობს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რთულია. გოგონა ყვება, რომ მას სამსახურში და უნივერსიტეტში პრობლემები აქვს, რომ ის საკუთარი სწავლით კმაყოფილი არ არის. ის ნერვიულობს, რომ პარიზში სწავლას ვეღარ გააგრძელებს.

ვიდეოში ასევე საუბარია იმაზე, რომ თამარს საკუთარი გარეგნობა არ მოსწონს. ის წუხდა, რომ გასუქდა და ამიტომ საკუთარ თავს ვადას სექტემბრამდე აძლევს. უნდა გახდეს და ასევე უნივერსისტეტში სწავლა გააუმჯობესოს, ადამიანებთან მაქსიმალურად თბილი იყოს და კონფლიქტში არავისთან შევიდეს.

ერთ-ერთ ვიდეოში ის თავის უფროსზე, ნიკა გეჯაძეზე საუბრობს. ამ ჩანაწერით ირკვევა, რომ მათ ჰქონდათ (თამარის სიტყვებით) „რაღაც ურთიერთობა“. ვიდეოდან ჩანს, რომ თამარს ჰქონდა სიმპათია ნიკას მიმართ. ეს ურთიერთობა შემდგომ, სავარაუდოდ, არ გაგრძელდა.

ბაჩალიაშვილი იხსენებს ერთ შეხვედრას, სადაც თანამშრომლები, სავარაუდოდ, სამსახურის შემდეგ იყვნენ წასულები. თამარი ამბობს, რომ არ ექცეოდნენ კარგად თანამშრომლები. იგი გაბრაზებული და აღელვებულია და ამ ვიდეოში ტირის კიდეც.

თამარი ამბობს, რომ მას თავის მოკვლა უნდა. ყველა ხერხი იცოდა თავის მოკვლის, თუმცა ერიდებოდა. ერიდებოდა და ეშინოდა დედამისის, მამამისის და ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებდა ძმაზე. თამარი ვიდეოში ასეთ ციტატას ამბობს:

„არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა“. თამარი ჩანაწერში ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რათა თავი არ მოეკლა. მაქსიმალურად შეეცდებოდა, მაგრამ თუ ამას მაინც გააკეთებდა და თავს მოიკლავდა, ბოდიშს უხდიდა ოჯახს. იგი აქვე, ამბობდა, რომ თავი ხელში უნდა აეყვანა. იქვე დასძენს, რომ 2012 წელში თვითმკვლელობა იდიალურად ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ვერ განახორციელა, რადგანაც ლაჩარია.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა კი ამ ჩანაწერებზე აცხადებს, რომ თუკი პროკურატურა საქმეს თვითმკვლელობის მუხლით დახურავს, მაშინ შესაძლოა, ფსიქოლოგს უჩივლოს, ვისთანაც მისი შვილი დადიოდა.

„თუკი ამით დახურავენ საქმეს, პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, იმ ფსიქოლოგს ვუჩივლებ, რომელმაც თქვა, რომ არანაირი სუიციდური მიდრეკილებები არ ჰქონდა ჩემს შვილს. ვიდეო შეიძლება ბევრი ჩაწერო და იმიტომ იყო ჩემს მიერ მიგზავნილი სპეციალისტთან, რომ იმას უნდა გერკვია, ჰქონდა თუ არა ჩემს შვილს სუიციდური მიდრეკილებები და გადაემისამართებინა ფსიქიატრთან. რახან ეს არ გააკეთა, დადებენ თუ არა იმას, პირველ რიგში, მაგას ვუჩივლებ და საერთოდ, მთელ მსოფლიოს გავაგებინებ“, - განაცხადა მან „ტვ-პირველის“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ურჩია თავის შვილს ფსიქოლოგთან მისვლა, თეონა თამაზაშვილი პასუხობს, რომ თამარი განერვიულებული იყო და მასთან არ იხსნებოდა.

„იმიტომ მივიყვანე, რომ ძალიან განერვიულებული იყო ჩემი შვილი და არ იხსნებოდა ჩემთან. ძალიან ბევრი პარლამენტარი ვიცი და მაღალჩინოსანი, ვინც დადიას ფსიქოლოგთან და სჭირდებათ ფსიქოლოგი. თანამედროვე ტემპით მიმავალ ცხოვრებაში ყველას სჭირდება ფსიქოლოგი ჩემი ჩათვლით. ყველაზე მეტად მე მაქვს თავი მოსაკლავი, მაგრამ ვერ ვიკლავ, რომ ასეთი შვილი მომიკლეს, უნიჭიერესი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, მას პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ. რამიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გამოძიებას შეკითხვები ძირითადად იმაზე ჰქონდა, ხომ არ იყო ის გაყალბებული სურათები მის მიერ შეკვეთილი და მისი სიყალბის შესახებ მან იცოდა თუ არა.

„დაკითხვისას პროკურორის მთავარი მიმართულება ის იყო გაეგო, მე ხომ არ შევუკვეთე ფურცხვანიძეს ეს ფოტოები და ვიცოდი თუ არა, რომ ის ყალბი იყო. აქაური ექსპერტიზა ამბოს ერთს, მაგრამ ბატონი დავითის თქმით, როდესაც ის 30 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შატატებში წავა, რამდენიმე დღეში ჩამოვა და რადიკალურად განსხვავებულ პასუხს ჩამოიტანს, რომ ეს ყველაფერი ამათი მხრიდან სიყალბეა. მე ერთი რამის მჯერა, რომ იქ ავტომობილი ნამდვილად არ იდგა“, - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

მისივე თქმით, ფურცხვანიძე აშშ-დან ახალ მტკიცებულებას ჩამოიტანს, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 18-22 ივლისის პერიოდში არ დგას იქ, სადაც ის იპოვეს და პროკურატურას უნდა თუ არა, ამ რეალობას მიიღებს. რამიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ვიდეობის ჩაწერა ან დღიურის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის 5 თვის შემდეგ თავს მოიკლავს. რამიშვილი საქმეში ახალ მოწმეზეეც საუბრობს და ამბობს, რომ ის სუს-ის ყოფილი თანამშრომელია. მისი საუბრიდან კი დგინდება, რომ ბაჩალიაშვილი ძალოვან უწყებაში უშტატო თანამშრრომელი იყო. მას აძლევდნენ ისეთ პროგრამებს, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერებში ვირუს უშვებდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით კი დაკითხვაზე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა დაადასტურდა, რომ მობილური ტელეფონის კონტაქტებში დავით ფურცხვანიძე „ყარაბახის“ სახელით 8 სექტემბერს ჩაწერა.

თუ აქამდე მიხეილ რამიშვილი ამტკიცებდა, რომ ეს თავისი შვილი იყო, პროკურორის თქმით, ამ სახელს ატარებდა დავით ფურცხვანიძის ტელეფონის ნომერი.

„დაკითხვა საბოლოო ჯამში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, ბატონი მიხეილი კითხვებზე თავის არიდებას ხელოვნურად ცდილობდა. ჩვენ დღეს, მიხეილ რამიშვილის ემოციური გამოსვლები მივიღეთ, მაგრამ ჩვენს მიერ ჩატარებული დაკითხვისას, ბევრი მნიშვნელოვანი გარემოება გაირკვა. მიხეილ რამიშვილმა დღეს დაგვიდასტურა, რომ „ყარაბაღად“ კონტაქტში ჩაწერილი, 8 სექტემბერს დავით ფურცხვანიძე ჰყავდა. ის ინფორმაცია, რაც მიხეილ რამიშვილის ტელეფონში ფიქსირდება, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაძლებელია ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ დავით ფურცხვანიძე მას არასწორ და ცრუ ინფორმაციას უგზავნიდა“, - აღნიშნავს პროკურორი დავით გუმბერიძე.

პროკურორის განცხადებით, ფურცხვანიძე დამოუკიდებლად აწარმოებდა გამოძიებას და მან შექმნა სტატია უკანონო იარაღთან დაკავშირებით, რასთანაც თითქოსდა კავშირი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილს. ამ კავშირთან დაკავშირებით განცხადება გარკევული პერიოდის წინ გააკეთა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმაც.

იურისტები კი for.-ge-სთან აცხადებენ, რომ ადვოკატის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა ფოტოების ფალსიფიცირების მუხლით აბსურდი და სამართლებრივი ნონსენსი იქნება. მათი აზრით, გამოძიება იმით უნდა დაინტერესდეს, ვინ არის იმ პირთა წრე, რომელიც ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ადვოკატი და ამ მიზეზით, ჩამოაცილოს საქმეს. იურისტები ამტკიცებენ, რომ დანაშაულის შემადგენლობა ითხოვს პირი მოქმედებდეს პირდაპირი განზრახვით,

რაც, ამ შემთხვევაში, იმას ნიშნავს, რომ მიხეილ რამიშვილმა იცოდა, რომ მას მიაწოდეს ფალსიფიცირებული მტკიცებულებები და მან ეს განზრახ წარადგინა გამოძიებაში. ან მან თავად მოახდინა ფალსიფიცირება. ერთი ან მეორე ვარიანტი გამოძიებამ რამიშვილს უნდა დაუმტკიცოს, რაც შეუძლებელია. ამის დასამტკიცებლად, საჭიროა, რომ ფურცხვანიძესა და რამიშვილს შორის იყოს სატელეფონო ან ვიდეოჩანაწერი, სადაც დადასტურდება, რომ მან წინასწარი შეცნობით გამოართვა ფალსიფიცირებული კადრები. მეორეც იურისტები ამტკიცებენ, რომ რამიშვილს ეს ფოტოები მტკიცებულებების სახით არ წარუდგენია და მან გამოძიებას მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მსოფლიოს არ ახსოვს, ადცოკატს ტელეფონი წაართვან და მის წინააღმდეგ ასეთი ზომები გატარდეს. ის რამიშვილის მიმართ ასეთ „შანტაჟს“ აპროტესტებს. კობაიძე ფიქრობს, რომ ეს არის კიდევ ერთხელ ადვოკატზე ზეწოლა და სხვა არაფერი.

„ამ საკითხს გლობალურად მინდა შევხედოთ. ესაა მცდელობა გააჩუმონ რამიშვილი და მასზე ზეწოლა მოახდინონ. მოსამართლეც ამაზე კვერს უკრავს. ჩვენი კანონმდებლობით ადვოკატს ვერ მოსთხოვ, რომ ტელეფონი გადმოგცეს და მის საქმიანობაში ჩაერიო. სასამართლომ მაინც გამოსცა განჩინება და დაავალდებულა ადვოკატი, რომ ეს გაეკეთებინა. ესაა ერთადერთი მცდელობა, რომ ადვოკატის დისკრედიტაცია მოხდეს. პროკურორს დააკვირდით, მასზე როგორ ცინიკურად საუბრობს. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რამიშვილს ბრალი წაუყენონ. ეს თუ გაბედეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ადვოკატის როლის დაკნინება მოხდება. მაშინ, დღეს თუ ასი კაცი ვართ, ხვალ ხუთიათასი ვიქნებით და ქუჩაში გამოვალთ“, - ამბობს კობაიძე for.ge-სთან.

ადვოკტი ზაზა ხატიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ რასაც ახლა პროკურატურა აკეთებს, მსგავსი პრეცედენტი საქართველოს კი არა მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს. ხატიაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია, ადვოკატმა მტკიცებულებების გადამოწმება ექსპერტიზაში დაიწყოს და თავად არკვიოს რა არის რეალური და რა ყალბი.

„ვფიქრობ ამ უტვინო პროკურატურამ კიდევ უფრო უტვინობა ჩაიდინა, როდესაც რამიშვილს ყალბი დოკუმენტის შექმნა დააბრალა. ადვოკატი მტკიცებულებას ვერ წარადგენდა, ესაა ინფორმაცია. პროკურორის მხრიდან რა უვიცობას აქვს ადგილი, აგიხსნით. არ არსებობს პრეცედენტი და მით უმეტეს ვალდებულება, რომ ადვოკატმა მოპოვებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს. გამოდის, რომ ადვოკატმა უნდა ამოწმოს ინფორმაცია, რომელიც კლიენტმა მიაწოდა. ესაა ადვოკატის დაშინების მცდელობა, რომ ადვოკატებმა ვეღარ გაბედონ საკუთარი კლიენტების დაცვა. კაცს მიაწოდეს ინფორმაცია და მან ეს გაასაჯაროვა.

თუ რამიშვილს ბრალს წაუყენებენ, სამართალწარმოება გაჩერდება. ყველა ადვოკატი უარს იტყვის სასამართლოზე გასვლაზე და მთელი ადვოკატთა კორპუსი გარეთ გამოვა, თუკი ეს საჭირო გახდება“, - ამბობს ხატიაშვილი.

 

 

Katana . "რამიშვილი საქმეში ახალ მოწმეზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის სუს-ის ყოფილი თანამშრომელია. მისი საუბრიდან კი დგინდება, რომ ბაჩალიაშვილი ძალოვან უწყებაში უშტატო თანამშრომელი იყო. მას აძლევდნენ ისეთ პროგრამებს, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერებში ვირუს უშვებდნენ."
?!
გამარჯობა შენი!..
ესეც კიდევ ერთი ახალი ამპლუა ამ გოგოსი: სუს-ის ფარული თანამშრომელი ყოფილა, რომელიც სპეცსამსახურების მიერ შერჩეული პიროვნებების კომპიუტერებს ვირუსით ასნებოვნებდა!
ბრავო!
დედამ და ადვოკატმა მაგარი სამსახური გაუწიეს ამ გოგოს!..
ისღა დარჩათ, "როენა დეიდასთან" ნაცნობობაც დაუდგინონ როგორმე!
3 წლის უკან