წინასაარჩევნო ვითარება და პოლიტიკური პარტიების შანსები-თემაზე პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე საუბრობს
ბოლო დროს ჩატარებული სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე პირველ ადგილს იკავებს. სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვების ფარგლებში, მმართველი პარტიის რეიტინგი 25%-დან 56%-მდე ფარგლებში მერყეობს. თქვენი აზრით, რეალურად რამდენ პროცენტს მიიღებს მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში, შეძლებს თუ არა იგი პროპორციული არჩევნების შედეგად მიიღოს ამომრჩეველთა ხმების 40.54%, რაც მას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა და შეინარჩუნოს ძალაუფლება?
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ უგებს საინფორმაციო ომს. კერძოდ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, ნაკლებად ძალადობრივია. ასევე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემდეგი ფაქტორები მოქმედებს, კერძოდ: 2017 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 283.8 ათას ადამიანს შეადგენდა, რაც მთლიანი დასაქმების 16.6%-იყო. ეს მაჩვენებელი დღევანდელ დღემდე რადიკალურად არ შეცვლილა. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი, ასევე ამ ადამიანებთან დაახლოებული პირები (ნათესავები, მეგობრები და ა.შ.) „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთებენ საკუთარ არჩევანს; 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე პოლიტიკურ პარტიებს მიღებული აქვთ 10 855 638.93 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 5 924 396.5 ლარის ოდენობის შემოწირულობა (54,6%) სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ შემოწირულობების მხოლოდ 2,7% მოდის იურიდიულ პირებზე. შემოწირულობების 97.3% კი განხორციელებულია ფიზიკური პირების მიერ. ფინანსური რესურსები, თავის მხრივ, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში შეუწყობს ხელს; მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს მისი რეგისტრაციის ადგილის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ბევრი ადამიანი, რომელიც საქართველოს კონკრეტულ რეგიონშია რეგისტრირებული, საკუთარ შრომით საქმიანობას ეწევა თბილისში და ა.შ. შესაბამისად, „ოცნების“ აქტივისტები, პარტიის ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, შეძლებენ საკუთარი მომხრეების მაქსიმალურ მობილიზებას და მათი კონკრეტულ საარჩევნო უბანზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას
ბოლო პერიოდში აშკარაა განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრს შორის, რაც ასევე „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს..
სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგად, საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობით ეკლესია სარგებლობს. ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი, სწორედ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა განწყობილი, რაზეც მაგალითად, ცალკეული სასულიერო პირების „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცალკეულ ღონისძიებებზე დასწრება მეტყველებს; სხვადასხვა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ სხვა ქვეყნებისაგან (მათ შორის ეკონომიკურად მაღალგანვითარებული) შედარებით, წარმატებით გაართვა თავი კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფაქტია, რომ დაავადებულთა და მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში გაცილებით ნაკლებია, რაც სხვათა შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო მასმედიის წარმომადგენელთა მიერაცაა აღიარებული;
რა არის ის სუსტი მხარეები, რამაც შეიძლება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ იმოქმედოს?
- მიმდინარე წლის II კვარტალში წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 12.3%-ით შემცირდა. შედეგად, ათეულათასობით ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა; ლარის კურსი ვარდნას აგრძელებს, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 23 სექტემბერს ერთი დოლარი 3.2550 ლარად იყიდებოდა. კურსის ვარდნის შეკავება ვერ ხერხდება ეროვნული ბანკის ინტერვენციების მეშვეობითაც. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აგვისტოში, 2 880.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საგარეო ვაჭრობა თავის მხრივ 16%-ით შემცირდა), რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.0 პროცენტია, შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო ქსელებში არსებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი გახლავთ იმპორტული. თავის მხრივ, ლარის კურსის დაცემა იმპორტულ პროდუქციაზე ფასების და მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდას განაპირობებს; კიდევ ერთი ფაქტორი გახლავთ ის, რომ 2012 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავარმა ოპოზიციურმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შედარებით მოახერეხა რეიტინგის აღდგენა. მაგალითად, თუ 2012 წლის ბოლოს ჩატარებული ერთ-ერთი სოციოლოგიური კვლევის თანახმად „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგმა მხოლოდ 13% შეადგინა, 2013 წელს გამართული საპრეზინდეტო არჩევნების დროს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ხმების 22% მიიღო, 2016 წელს აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში - პროპორციული სისტემის ფარგლებში ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო (477 ათასი ხმა), ხოლო 2018 წელს გამართული საპტრეზიდენტო არჩევნების დროს, აღნიშნული პარტიის კანდიდატმა პირველ ტურში 600 ათასამდე ამომრჩევლის, ხოლო მეორე ტურში („ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერთა ჩათვლით) 780 ათასი ამომრჩევლის ხმა მიიღო. ფაქტია, რომ დღესაც, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, მთავარ ოპოზიციურ ძალას სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნებამდე არსებობს მთავარი კითხვა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ ამომრჩეველთა ხმების 40.54%-ის მიღებას და მარტო მთავრობის ფორმირებას. ხოლო უფრო ნაკლები პროცენტის მიღების შემთხვევაში, შესაბამისი პარტიები (მმართველი პარტია და ოპოზიცია) ვალდებულები იქნებიან პატივი სცენ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესებს და კოალიციური მთავრობის ფორმირებას დათანხმდნენ.