ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა

ჯონ ლენონის მკვლელმა მუსიკოსის ქვრივს ბოდიში მოუხადა

ჯონ ლენონის მკვლელმა, მარკ ჩეპმენმა Beatles-ის წევრის ქვრივს, იოკო ონოს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ჩეპმენმა მკვლელობიდან 40 წლის შემდეგ გააკეთა, როცა ციხიდან ვადამდელი გათავისუფლების კომისიის წინაშე წარდგა.

„მინდა ვთქვა, რომ ჩემი დანაშაულის გამო ვწუხვარ. გამართლება არ მაქვს. ეს საკუთარი თავის დიდებისთვის ჩავიდინე. ვფიქრობ, ეს ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება ჩაიდინო უდანაშაულო ადამიანის მიმართ. ეს ძალიან ეგოისტური ქმედება იყო. ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რომელიც იოკო ონოს მივაყენე. სულ ამაზე ვფიქრობ“, - თქვა ჩეპმენმა.

მარკ ჩეპმენმა ჯონ ლენონი ნიუ-იორკში, 1980 წელს, იოკო ონოს თანდასწრებით მოკლა. მას ვადამდელ გათავისუფლებაზე უარი უკვე მეთერთმეტედ ეთქვა.