ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირზე, მე-11 საშეჯიბრო დღეს მე-5 გამარჯვება იზეიმა და დადებითი ბალანსის დაფიქსირებისა და წოდებაში დაწინაურების შანსს ინარჩუნებს.
დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-11 ორთაბრძოლა კომუსუბი ენდოსთან ჩაატარა, რომელთანაც დღემდე თანაბარი ბალანსი 6-6 გააჩნდა. ტოჩინოშინს თავიდან მთავარმა მსაჯმა წაგება ჩაუთვალა, თუმცა მსაჯთა კომისია შედგა, რომლის გადაწყვეტილებითაც 32 წლის ქართველ სუმოისტს გამარჯვება დაუფიქსირდა.
ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა, დარჩენილი ოთხი ორთაბრძოლიდან კი სამის მოგება სჭირდება. ხვალ ქართველი სუმოისტის მეტოქე კიდევ ერთი კომუსუბი, 35 წლის ვეტერანი იაპონელი ოკინოუმი იქნება, რომელსაც ლევანი 14-ჯერ შეხვედრია და მცირე უპირატესობა აქვს – 8 მოგება, 6 მარცხი.