ზაალ ანჯაფარიძე: „ნაციონალების“ რადიკალიზმი კიდევ  ერთხელ აჩვენებს, რომ  მათი მიზანი  არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების დაუფლებაა  

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაციონალების“ რადიკალიზმი კიდევ  ერთხელ აჩვენებს, რომ  მათი მიზანი  არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების დაუფლებაა  

20 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის მორიგმა განცხადებამ, რომლითაც მან ფაქტობრივად, აღიარა რომ  ნაციონალური მოძრაობა ერთპიროვნული მმართველობისთვის იბრძვის და მას სხვა პარტიები არ სჭირდება, ოპოზიციურ ბანაკში დაპირისპირების მორიგი ტალღა ააგორა.  რა გავლენას იქონიებს ეს ოპოზიციის შანსებზე ამ არჩევნებში და ზოგადად, საარჩევნო გარემოზე?

ბოლო პერიოდში სააკაშვილი პერიოდულად უფრიალებს ოპოზიციური გაერთიანებას წითელ ნაჭერს ისე, როგორც ხარს. ვფიქრობ, ის აცნობიერებს იმასაც, თუ რა რეაქცია ექნებათ ამაზე აღნიშნულ პარტიებს.  ჩემი აზრით, მისი ეს გამოხდომები ერთი მხრივ მისი ემოციური მდგომარეობის გამოხატულებაა, მეორე მხრივ პოლიტიკური კომბინაციის ნაწილი.  მას შემდეგ, რაც „ლეიბორისტების საფიხვნოს“ ოპოზიციურმა პარტიებმა ღიად დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება  სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად ნომინირებაზე „ნაცმოძრაობის“ მიერ, ამ უკანასკნელთ  რეაგირება ხომ უნდა მოეხდინათ ამაზე!? და სააკაშვილის ეს ცნობილი განცხადებაც იყო მისი პასუხი, რომ „მე თქვენ არ მჭირდებით, უთქვენოდაც მოვიგებ არჩევნებს....“ და ა.შ. თუმცა, რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებებს გააკეთებს სააკაშვილი, და ვფიქრობ, კიდევ არაერთხელ გააკეთებს და რაც უფრო მეტად გამწვავდება ურთიერთობა ოპოზიციურ ბანაკში, მით უფრო მეტ ამომრჩეველს დაკარგავენ გამომდინარე შედეგებით. ეს შედეგი კი, იქნება არჩევნებზე გარდაუვალი დამარცხება.  სხვათა შორის, „ნაციონალების“ რადიკალიზმი კიდევ  ერთხელ აჩვენებს, თუ რა რთული იქნება კოალიციის ჩამოყალიბება მომავალ პარლამენტში. ჩემის აზრით, „ნაციონალები“ არც ფიქრობენ ამაზე და მათი მიზანია კიდევ ერთხელ შეეცადონ  არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების დაუფლებას. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ აიღებს უმრავლესობას და შესაბამისად, რჩებათ ორი გზა - ან „რევოლუციური სცენარი,“ ან დანარჩენ ოპოზიციასთან კოალიციის შეკვრა, რისკენაც გზას თავადვე იჭრიან. თუ „ქართულმა ოცნებამ“ 50% +1  დააგროვა, რის ალბათობაც ოპოზიციის შეცდომების ფონზე კიდევ უფრო იზრდება, მთავრობის დაკომპლექტების საკითხი თავისთავად გადაწყდება.

სააკაშვილის განცხადება ბევრმა აღიქვა, როგორც მცდელობა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება „ორპოლუსიანობის“ რეჟიმში დააბრუნოს. მისი აქცენტი, რომ რეალურად არის ორი ძალა, „იქით არის ივანიშვილი, ან აქეთ ვართ ჩვენ“  ნიშნავს თუ არა ე.წ. „შუას გაკრეფვის“ განზრახვას ?!

 უნდა ვაღიაროთ, რომ ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ველს დღესაც ორპოლუსიან პრიზმაში ხედავს, სადაც ერთმანეთს ორი გლადიატორი- „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ებრძვის და ეს ასოცირდება სააკაშვილ-ივანიშვილის დაპირისპირებასთან. თუმცა, ახალი საარჩევნო სისტემა, თავის 1% -იანი ბარიერით და სხვა მექანიზმებით, გარკვეულწილად, ამცირებს ამ „ორპოლუსიანობის“ ალბათობას და ჩვენ მრავალპარტიულ პარლამენტს მივიღებთ, სადაც შესაძლოა „ნაცმოძრაობას“ მოუწიოს პოზიციების დათმობა და აღარ პოზიციონირებდეს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა. ვნახოთ, როგორ დალაგდება კონფიგურაცია პარლამენტში. როგორც აღვნიშნე, „ლეიბორისტების საფიხვნოს“ ოპოზიციის ბანაკში დაწყებული შიდა ომები ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, სხვა პარტიებისკენაც  გაიხედოს. ისე, სააკაშვილი წინააღმდეგობრივი ფიგურაა და შესაძლოა, ხვალ-ზეგ ფირფიტა გადააბრუნოს.