სერგეი ლავროვის ინტერვიუ თინა კანდელაკთან საქართველოში ორგვარად აღიქვეს. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს არის ლავროვის უფასო წინასაარჩევნო კამპანია, რომლის მიხედვითაც, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა იფიქროს, რად გვინდა დასავლეთი, თურმე არც ისე ცუდი ყოფილა რუსეთი; მეორენი მიიჩნევენ, რომ ლავროვი საქართველოს პირდაპირ დაემუქრა, რომ დასავლეთისკენ გახედვა არ ღირს, თუკი ქართველებს სიცოცხლე კვლავაც უყვართ...
სინამდვილეში, რა თქვა ლავროვმა?! რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველი ხალხი ბრძენია, ქართველებს უყვართ სიცოცხლე და ამ მხრივ რუსებსა და ქართველებს შორის ბევრი თანხვედრაა.
ლავროვი მიიჩნევს, რომ საქართველოში ესმით რუსეთთან ურთიერთობის აუცილებლობა და ის, რომ საქართველო ამჟამად მოწყვეტილია თავის ბუნებრივ განვითარებას. პოლიტიკურ ისტებლიშმენტშიც ესმით ეს, მართალია, ის პარტიები, რომლებიც ქართულ პოლიტიკურ ელიტაში რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას უჭერენ მხარს, შედარებით მცირე მასშტაბისანი არიან, მაგრამ გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე და ურთიერთმიზიდულობა.
ლავროვის აზრით, საქართველოს გამოყენება უნდათ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც უკრაინას იყენებენ. ამის მიუხედავად, რუსეთი უვიზო რეჟიმის აღდგენისთვის ჯერ კიდევ 1 წლის წინ იყო მზად, თუმცა რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ მომხდარმა ძალადობის ფაქტმა ყველაფერი შეცვალა. ამის მიუხედავად, ლავროვს სჯერა, რომ ტრადიციულ ურთიერთობებს აღვადგენთ.
ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლავროვის ეს განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ამ შემთხვევაში, ღია ჩარევა ცუდი არაა, ჩარევა ცუდია, როცა ჩუმად ერევიან არჩევნების წინ, ფულს იხდიან, ვიღაცას ყიდულობენ.
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, მაგალითად, სასიამოვნო იქნება, თუკი ევროკავშირის თავმჯდომარე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ან ამერიკის პრეზიდენტი იტყვის, რომ ისინი მიესალმებიან საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს. გარედან ასეთი მოწოდება ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, თუ ჩვენი ამომრჩევლის ნაწილისთვის მისაღებია ამერიკელების და დასავლეთელების მხარდაჭერა, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქისთვის შეიძლება მისაღები იყოს ლავროვის მხარდაჭერა.
„ღია და საჯარო განცხადებებში აკრძალული არაფერი არ არის. ლავროვის ეს განცხადება არის საჯარო მცდელობა შექმნას საქართველოში ანტიდასავლური განწყობების განცდა, რომ რად გინდათ დასავლეთი, აგერ რუსეთი ვართ, ჩვენ გვიყვარხართ თქვენ, ქართველები მაგრები ხართ, გიყვართ სიცოცხლე, უვიზო მიმოსვლა გჭირდებათ, თითქოს არ არსებობს 2008 წელი, არ არსებობს დეპორტაციები, არ არსებობს არაფერი, დაივიწყეთ. მსგავსი განცხადებები ასეთ ხალხზეა გათვლილი. ლავროვის ეს საჯარო განცხადება ამომრჩევლის უფასო მოსყიდვაა. მე აქ აგრესია ვერ დავინახე, მე დავინახე, რომ ლავროვს სურს, ქართველები მოთაფლოს, დაავიწყოს წარსული, რაც მოხდა, ყველაფერი წარსულში იყო, მოდით, ახლა ვიყუროთ მომავლისკენ. ხმა მიეცით ანტიდასავლურ ძალებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვის ჩათვლის ამომრჩეველი ანტიდასავლურ ძალად, შეიძლება ზოგმა „პატრიოტები“ ჩათვალოს, ზოგმა „ქართული ოცნება“, ლავროვის მესიჯის მიხედვით, აქ მთავარია, ქართველებმა ხმა მისცენ იმ ძალებს, რომლებიც მკაფიოდ არ გამოკვეთენ თავიანთ დასავლურ სიმპათიებს, ან მკაფიოდ გამოხატავენ ანტიდასავლურ განწყობას, რომ ნატო არ გვინდა, ვიყოთ ნეიტრალურნი, რაც აბსურდია საქართველოსთვის, რომ თურმე თურქეთი გვემუქრება, ისლამი საშინელებაა. ერთადერთი გამოსავალი კი თურმე რუსეთი ყოფილა“, - ასეთნაირად აღიქვამს პაატა ზაქარეიშვილი ლავროვის გზავნილს საქართველოს მიმართ.
ანალიტიკოსის განმარტებით, ლავროვს ენაზე არავინ ექაჩებოდა, მან ეს განცხადება უფასოდ გააკეთა, შესაბამისად, მისი განცხადება ქართველ ამომრჩეველზე ან იმუშავებს, ან - არა, ან მოახდენს გავლენას ქართული საზოგადოების ნაწილზე, ან იმედია, ვერ მოახდენს გავლენას. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, სამწუხაროდ, ეს განცხადებაც ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილზე გავლენას მოახდენს, ისინი იფიქრებენ, რომ ლავროვი თურმე მაინც ფიქრობს ჩვენზე. ამდენად, ეს არის უფასო ჩარევის მცდელობა, ქართველი ამომრჩევლის ნაწილზე მოახდინოს გავლენა რუსეთის სასარგებლოდ. უფრო სწორად, არა იმდენად რუსეთის სასარგებლოდ, რამდენადაც დასავლური ღირებულებების საწინააღმდეგოდ.
„რუსეთს თუ რამის ეშინია საქართველოში, ეს ნატოც კი არ არის, რუსეთს ეშინია დემოკრატიის საქართველოში, დემოკრატია ძალიან გადამდებია. თუ დემოკრატია მუშაობს, ის იმუშავებს სხვა რესპუბლიკებშიც - აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, ჩრდილოეთ კავკასიაშიც. ნატო ხელს უწყობს დემოკრატიზაციას, მაგრამ თავისთავად ნატო არაფერია რუსეთისთვის, მათთვის მთავარია, საქართველო არ გახდეს დემოკრატიული, აქ ყალბდებოდეს არჩევნები, იყოს გადაგდებები, როგორც იყო 14 ნოემბერს, ანუ რუსეთს უნდა, საქართველოს ხელისუფლება არ იყოს დემოკრატიული. ეს არის რუსეთის მთავარი ამოცანა“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
„სტრატეგია აღმშენებლის“ სპიკერი თეონა აქუბარდია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლავროვის ეს განცხადება ორი ასპექტითაა საყურადღებო. ერთია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია საქართველოში და მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველ ხალხს უყვარს სიცოცხლე და ალტერნატივა არ აქვს ხალხთა შორის ურთიერთობის ნორმალიზებას, შეიძლება პირდაპირ მუქარად და წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მცდელობად იყოს განხილული, გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ თავის საარჩევნო პერიოდში, ძირითადად, „ქართული ოცნება“ დაკავებულია იმ ნარატივით, რომ ისინი არიან ერთადერთი პოლიტიკური ძალა და მთავრობა, რომელსაც არ ჰქონია ომი რუსეთთან, არ დაუკარგავს ტერიტორიები და მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც მცდარი შეხედულებაა ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ხდება მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია, უმძიმეს მდგომარეობაში არიან ჩვენი მოქალაქეები, როგორც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მაცხოვრებლები, ისე საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და ტერიტორიებს არ ვკარგავთ. მეორე მხრივ, გვესმის, რომ ომი დავიწყეთ ჩვენ, ესეც პირდაპირ რუსული ნარატივის გამეორებაა. რაც არ უნდა მომწონდეს ან არ მომწონდეს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში ბრალს უყენებ შენივე ქვეყანას, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილზე არ არის საუბარი, ეს რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ეს უნდა ესმოდეს „ქართულ ოცნებას“, თუმცა ამ შემთხვევაში, შიდა პოლიტიკურ ინტერესებზე გადაყოლაა ქვეყნის ინტერესები“, - აცხადებს თეონა აქუბარდია და დასძენს, რომ ლავროვი პირდაპირ ემუქრება სიცოცხლით საქართველოს მოსახლეობას, რომ ნორმალიზებას არ აქვს ალტერნატივა. ეს კი ჰგავს „ოცნების“ ნარატივს, რომ ერთადერთი ძალა არიან ისინი, რომელთაც ქვეყანას მოუტანეს მშვიდობა.
თეონა აქუბარდიას აზრით, აქ საუბარი არ არის არც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე, არც ზვიად გამსახურდიას, არც შევარდნაძის პერიოდზე, აქ მთავარია, რომ რუსეთი საქართველოს ინტერესებს უპირისპირდება აგერ უკვე 200 წელია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ეს დღემდე ვერ გაითავისა, რომ აქ პრობლემაა ინტერესები და არა მმართველობა. ვინც არ უნდა მართავდეს საქართველოს, რუსეთი ყოველთვის დაუპირისპირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი არ იქნება საქართველოს უსაფრთხოების ქოლგა ნატოში გაწევრიანების კუთხით.
ამდენად, ლავროვის განცხადების აქცენტი იყო ანტიდასავლურ ძალებთან დაკავშირებითაც. თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ დღეს გაძლიერებულია მეხუთე კოლონა, იქნება ეს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც სურს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, თუ სხვები. ნორმალიზებას ყველა მიესალმება, თუ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოხდება და საქართველოს დატოვებს საოკუპაციო ჯარი. მაგრამ დღეს გვაქვს გამალებული შეიარაღება და ოკუპაცია რეგიონში, ასეთ პირობებში კი ურთიერთობის ნორმალიზება გაუგებარია.
„როდესაც ლავროვი უვიზო რეჟიმზე ლაპარაკობს, ესეც მანიპულაციაა, ჩვენ გვახსოვს ლავროვი რუსოფობებს ეძახდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბუნებრივად გააკრიტიკა სავარძელში გავრილოვის ჩაჯდომა, ამას მოჰყვა „ოცნების“ ანალოგიური ნარატივი, რომ ეს ხალხი იყო რადიკალური ოპოზიცია და მათ ხელისუფლების დამხობა ჰქონდათ ჩაფიქრებული. სინამდვილეში, იქ იყო ძალიან ბევრი პატრიოტი ადამიანი, რომელსაც ბუნებრივად ჰქონდა ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი. ზუსტად რუსეთი ეძახდა რუსოფობებს, როდესაც უკრაინაში მიმდინარეობდა მოვლენები ასოცირების შეთანხმების არშესრულებასთან დაკავშირებულ მეიდნის პროტესტზე. ამიტომ საშიშია, როდესაც ხდება გზავნილების პირდაპირი კვეთა რუსეთთან, საშიშია ისიც, რომ ანტიდასავლური ძალები არათუ გაძლიერებულნი არიან საქართველოში, არამედ არსებობს კონკრეტული გამოძიებები კრემლიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამას არ იძიებს ქვეყანა. როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ინტერესდება ასეთი საქმეებით, ეს არის „ქართული ოცნების“ პრობლემა. „პატრიოტთა ალიანსი“ იქნება, თუ „ქართული მარში“, ესენი „ქართული ოცნების“ ბუნებრივი მოკავშირეები არიან. ლავროვის განცხადების მიზანი იყო, ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა შიშის დათესვით, სიცოცხლის მუქარის კონტექსტში და იმ შემთხვევაში, თუ პროდასავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს. ეს იყო ლავროვის გაფრთხილებაც და არჩევნებში ჩარევის მცდელობა შიდა პოლიტიკურ კონტექსტში“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
მაგალითად, საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, რას ფიქრობენ ლავროვთან ინტერვიუს შესახებ ქეთუსია იგნატოვა და მაია ორჯონიკიძე.
ანუ, გერმანელებმა რომ თქვან, რომ მეორე მსოფლიო ომი დავიწყეთო ჩვენ, რაც არ უნდა არ მოსწონდეთ მათ ჰიტლერი, ეს სსრკ-ს ნარატივის გამორებაა და ესეც რუსეთის ინტერესებს ემსახურება?
ომის დაწყების შესახებ ტალიავინმაც თქვა და პინდოსტანის თითქმის ყველა სახელმწიფო მოხელემ (ალბათ იმიტომ, რომ თავისი ღვაწლი დაემალათ სხვათა შორის ისევე, როგორც ჰიტლერის შემთხვევაში).
:))
წლის ფრაზაა!
მისი ავტორი ხშირად ტოვებს გონიერი კაცის შთაბეჭდილებას, მაგრამ ხანდახან, ეტყობა, ბერძენიშვილების პარტიაში ყოფნის რეციდივი იჩენს თავს...
ჰო, საქართველოა დემოკრატიის აკვანი და თუ რაღაცა, ჩვენგან ემუქრება რუსეთს დემოკრატიით ინფიცირების საფრთხე, აბა, ფინეთიდან და ბალტიის რესპუბლიკებიდან ხომ არ გადაედება რამე!
*
ისე, დემოკრატიას თუ გადამდებად ჩავთვლით, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გადადის არა ჰაერ-წვეთოვანი გზით ან უშუალო კონტაქტით, არამედ მხოლოდ სქესობრივი გზით, როგორც ვენერიული სნეულება: უნდა გაგაუპატიურონ და ვიღაცამ დიდი ფულით უნდა დაასპონსოროს ეს აქტი, რომ დემოკრატია გადაგედოს.
მაგალითად, ბროზ ტიტოს მიერ გაერთიანებული და სოციალიზმის ეპოქაში სანატრელი იუგოსლავია, დასავლეთის დიდი ძალისხმევით დაიშალა და მასზე საშინელი ძალადობის შედეგად გაუჩნდა უკანონო შვილი - დემოკრატიული დასავლეთის მიერ პასპორტმიცემული კოსოვო.
საქართველოს გაუპატიურებას ვინ სპონსორობდა 1991-92 წლებში, არ არის ზუსტად ცნობილი; მაგრამ გამსახურდიას დიქტატურისაგან გადასარჩენად და კიტოვან-იოსელიანის ხელით დასავლური დემოკრატიის დასამყარებლად ფულს მხოლოდ ის ჩადებდა, ვინც ამითი იხეირა მერე! (ამხელა საქმეს კი არა, დემოკრატიულ ოჯახში გაზრდილი ძაღლი ისე არ გამოგყვება ფისის საქნელად, მერე თუ რაღაცით პირი არ ჩაუტკბარუნე).
ჩვენც გავმრავლდით ამ აქტის შედეგად - ერთი ვიყავით და სამი გავხდით.
უკრაინასაც არ გადასდებია თავისით ეს დემოკრატია: მაიდანზე მისი გაუპატიურება 4 მილიარდი დაუჯდათ სპონსორებს და ამ ქვეყანასაც ეყოლა 3 უკანონო შვილი...
ახლა ბელარუსის ჯერი დადგა და არის ერთი წივილ-კივილი... მაგრამ, ასადის არ იყოს, არ გამოდგა ადვილად გასატეხი ეს ლუკაშენკო და, ისე ვატყობ, მასთან "ეროტიკის" მოსურნენი, როგორც გივი ბერიკაშვილის ერთი პერსონაჟი ამბობდა, თვითონ დარჩებიან ბოლოს ნაეროტიკალი :))