მესი

მესი "ინტერში" წასულ ვიდალს დაემშვიდობა: "ისევ შევხვდებით"

არტურო ვიდალი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს. ფეხბურთელი უკვე მილანში ჩავიდა, ეს ცნობა იტალიურმა გუნდმაც დაადასტურა და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს.

ჩილელ ფეხბურთელს ლიონელ მესი სოციალური ქსელით დაემშვიდობა. ამაში უცნაური თითქოს რა უნდა იყოს, მაგრამ საინტერესოა ერთი წინადადება - კვლავ შევხვდებით... მოგეხსენებათ, მესის „ინტერს“ დიდი ხანი უკავშირებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი „ბლაუგრანაში“ დარჩა, სულაც არაა გამორიცხული, რომ მომავალ ზაფხულს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

„თავიდან გიცნობიდ როგორც მეტოქეს, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ გამიმართლა, რომ პირადად გამეცანი და კიდევ უფრო გამაკვირვე. ეს იყო ორი წელი, რომელშიც ბევრი რამ გავიზიარეთ ერთად. გასახდელში მოგვენატრები არტურო, სასუკეთესოს გისურვებ ახალ კლუბში და ახალ ეტაპზე, კვლავ შევხვდებით, ნამდვილად“, - დაწერა მესიმ.

შეგახსენებთ, ვიდალს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს და 2011-2015 წლებში „იუვენტუსში“ თამაშობდა, სამი სეზონი კი მისი მწვრთნელი სწორედ ანტონიო კონტე იყო. ახლა ისინი ერთად „ინტერში“ იმუშავებენ.